წმიდა დიდმოწამე გიორგი (IVს.)

ხსენება 10(23) ნოემბერი, 23 აპრილი (6 მაისი)

წმიდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში დაიბადა კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში. მამამისი მოწამეობრივად აღესრულა. დაქვრივებული დედა კაბადოკიიდან თავის სამშობლოში წავიდა და იქ განაგრძო შვილის ქრისტიანულად აღზრდა. ცნობილია, რომ ის წმიდა ნინოს ნათესავი და დიდგვაროვანი ოჯახის შვილი, თვითონაც მორწმუნე, მდიდარი, ჭკვიანი, ლამაზი და დიდი ვაჟკაცი იყო. მან ისე გამოიჩინა თავი, რომ რომის იმპერატორმა დიოკლეტიანემ თავის მხედართმთავრად დანიშნა. თვითონ დიოკლიტიანეს სძულდა ქრისტიანები, რადგან ისინი მეფის კერპებს არ სცემდნენ თაყვანს. მეფობის ბოლოს მან ქრისტიანებს დევნა დაუწყო, იჭერდა და ხოცავდა მათ.

ეს რომ წმიდა გიორგიმ გაიგო, ბევრი არ უფიქრია; გაყიდა თავისი მამული, ქონება ღარიბებს დაურიგა, მივიდა იმპერატორთან და გამოუცხადა, რომ თვითონაც ქრისტიანი იყო. თავიდან დიოკლეტიანეს გაუკვირდა, შემდეგ კი გადაბირება დაუწყო, დიდ ძალაუფლებასა და უზრუნველ ცხოვრებას დაჰპირდა. მაგრამ წმინდანი ვერაფრით რომ ვერ მოხიბლა, სასტიკად განრისხდა. მისი ბრძანებით გიორგი თოკზე ჩამოკიდეს და შუბი აძგერეს, მაგრამ სხეულმა შუბი აისხლიტა. მაშინ იმპერატორი სხვადასხვა სასჯელით, წამებით ცდილობდა მისი რჩეული მხედართმთავრის რწმენა გაეტეხა: ჯერ საპყრობილეში ჩააგდო, ფეხებზე ბორკილები დაადო, გულზე კი - უზარმაზარი ლოდი. შემდეგ გააკრა მბრუნავ ბორბალზე, რომელშიც ბასრი რკინები ჩაეტანებინათ და ასე დაუფლითა სხეული. მერე ლურსმნებიანი რკინის სანდლები ჩააცვა და ასე ათრევინა, შემდეგ ისე აცემინა მათრახებით, რომ მოწამის სისხლი და ხორცი მიწას შეერია, მერე ისევ საპყრობილეში ჩააგდო. წმიდა გიორგი ვერ შეარყია ვერანაირმა წამებამ. ქრისტეს ძალით გიორგი ყველას თვალწინ ახდენდა სასწაულებს. აღადგინა საუკუნეების წინ გარდაცვლილი ადამიანიც. საპყრობილეში მასთან მისულ უამრავ ადამიანს ასწავლიდა ქრისტეს სარწმუნოებას. წმიდა გიორგის რწმენისა და ვაჟკაცობის მნახველმა უამრავმა ადამიანმა ირწმუნა ქრისტე.

303 წლის (23 აპრილს) 6 მაისს, პარასკევ დღეს ის მახვილით მოკლეს.

წმიდა გიორგი განსაკუთრებით უყვართ საქართველოში, სადაც მას მრავალი სასწაული მოუხდენია. ქართლის ცხოვრებაში აღწერილია, რომ დიდგორის ბრძოლისას დავით აღმაშენებლის ლაშქართან ერთად თავად წმიდა გიორგი იბრძოდა. საქართველოში წელიწადის ყოველ დღეს იზეიმებოდა გიორგობა, რომელიც წმიდანის სახელობის რომელიმე ტაძართან, ხატთან ან მის მიერ აღსრულებულ სასწაულებთან იყო დაკავშირებული. ხალხურ მეტყველებაში შემორჩენილია 365 წმიდა გიორგის სახელით დალოცვა, რომელიც წმიდა გიორგის წელიწადის ყოველდღიურ დღესასწაულთან არის დაკავშირებული.

 

წმინდა დიდმოწამე გიორგის
ტროპარი

ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო, დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

კონდაკი

მოიმუშკე ღმრთისა მიერ და გამოსჩნდი მუშაკად პატიოსნად ღმრთის-მსახურებისა გიორგი, და სათნოებათა მჭელეული შეუკრიბე თავსა შენსა, რამეთუ ცრემლით სთესე და სიხარულით მოიმკე, სისხლი დასთხიე და მოღვაწებითა ქრისტე შეიძინე, და აწ მეოხებითა შენითა იხსნი სიკუდილისაგან სულთა ჩუენთა.

 

ლოცვა წმიდისა გიორგისადმი

ჰოი, ყოვლადდიდებულო ღმრთივგვირგვინოსანო მოწამეო გიორგი, ანგელოსთა თანა შეერთებულო, მოციქულთა თანა პატივცემულო, მოწამეთა სრულებაო, მამათა დიდებაო, ქალწულთა შუენიერებაო, მვედრებელთა ყოველთა მსწარფლშემწეო, თხოვათა აღმასრულებელო და წყალობისა მომნიჭებელო; ჰოი, ყოვლადბრწყინვალეო ქრისტეს მოწამეო გიორგი, ბრწყინვალებითა ელვარებისა სიწმიდისა შენისათა განაბრწყინვე და დაიფარე ღმრთივდაცული ერი ჩუენი და მეუფებაჲ მისი, საქართველოს წმიდაჲ ეკლესიაჲ, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, დიდი მეუფე, მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი, ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღვდელონი და სამონაზვნონი დასნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი.

ევედრე, წმიდაო მოწამეო ქრისტესო, შენგან შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, რათა მოგუანიჭოს მადლი და წყალობა თვისი აღურაცხელი; ჰოი, ყოველადქებულო და პატივცემულო წმიდაო მოწამეო გიორგი, ღმრთივდიდებულითა საკვირველებითა და ნიშებ-სასწაულებითა შენითა განათავისუფლენ ტყუენი, განკურნენ უძლურნი, გამოიხსენ განსაცდელსა შინა მყოფნი, განარინენ ზღუასა შინა მავალნი, მოაქციენ ცოდვილნი და შეაწყნარენ ქრისტესა ღმერთსა, ყოველთა შემწყნარებელსა და ყოველნი მადიდებელნი წმიდისა სახელისა შენისანი ადიდენ და აღამაღლენ სულითა და ხორცით, რაჲთა სასუფეველისა დიდებასა და დიდადშუენიერსა ბრწყინვალებასა ღმრთისასა ღირს ვიქმნეთ ყოველნი, ანგელოსთა თანა ვუგალობდეთ, წმიდათა თანა ვადიდებდეთ და შენ თანა გვირგვინოსანნი ვაკურთხებდეთ შენსა გვირგვინოსანმყოფელსა მამასა, შენსა განმაძლიერებელსა ძესა და შენ შორის მეტყუელსა სულსა წმიდასა, რომელსა შუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ. ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

 

წმინდა გიორგი მთაწმინდელი (XIს.)

ხსენება 27 ივნისი (10 ივლისი)

წმიდა გიორგი მთაწმინდელი დაიბადა 1009 წელს თრიალეთში, ღვთისმოსავ ოჯახში. შვიდ წლამდე დედ-მამასთან იზრდებოდა. შემდეგ კი ტაძრისის მონასტერში მიიყვანეს და ჩააბარეს ღვთისმოშიშებითა და სიბრძნით განთქმულ წინამძღვარს - წმიდა საბიანეს.  ტაძრისში გიორგიმ სამი წელი დაჰყო. ათი წლის გიორგი მამამ ხახულის მონასტერში წაიყვანა და აღსაზრდელად ჩააბარა იქ მოღვაწე თავის ორ ძმას, ღირს გიორგი მწერალს და საბა ხახულელს. გიორგიმაც ყველა გააკვირვა თავისი გონიერებით და სიბჯეთით.

როცა თრიალეთის ერისთავმა ფერის ჯოჯიკის ძემ გიორგის ბიძა, გიორგი მწერალი, თავის სასახლეში მიიწვია მოძღვრად, მოხუცმა გიორგიმ ძმისშვილიც თან გაიყოლა. ყრმა გიორგის სიკეთით განცვიფრებულმა ფერისის მეუღლემ, ძლიერ შეიყვარა ყრმა და დედასავით ზრუნავდა მასზე.

1022 წელს ბიზანტიის კეისარმა ბასილიმ მის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში ფერისსაც დასწამა ცილი, კონსტენტინოპოლში დაიბარა და თავი მოჰკვეთა. ფერისის მეუღლე თორმეტი წელი დარჩა დედაქალაქში. ღვთისმოყვარე დედაკაცმა გიორგი განათლების მისაღებად მიაბარა ფილოსოფოსებსა და რიტორებს. თორმეტი წლის შემდეგ კეისრის ბრძანებით ფერისის მეუღლე კვლავ სამშობლოში დაბრუნდა და გიორგიც თან წამოიყვანა. გიორგი ხახულის მონასტერში მივიდა და ოცდახუთი წლისა ბერად აღიკვეცა.

1036 წელს, მოღვაწეობის სურვილით, გიორგიმ ფარულად დატოვა მონასტერი და, გლახაკის ძონძებში გადაცმული, სირიაში გაემართა. გაჭირვებით მიაღწია შავ მთამდე. იქაური სიწმიდეების მოლოცვისა და მოღვაწე მამების მოკითხვის შემდეგ გიორგი სულიერი წინამძღოლის ძებნას შეუდგა. იპოვა კიდეც მთის ნაპრალებში დაყუდებული საოცარი მამა - „კაცი ზეცისაჲ და ანგელოზი ქუეყანისაჲ“, ქართველი ბერი გიორგი დაყუდებული.

სამი წლის მოღვაწეობის შემდეგ გიორგი იერუსალიმში გაემგზავრა წმიდა ადგილთა მოსალოცად. უკან დაბრუნებული მოძღვარმა ათონის წმინდა მთაზე გაუშვა საღვთისმეტყველო წიგნების ბერძნულიდან ქართულად სათარგმნად, ანუ წმიდა ექვთიმე ათონელის საქმის გასაგრძელებლად.

ათონელმა ქართველებმა სიხარულით მიიღეს წმიდა მამა. გიორგი მღვდლად აკურთხეს, რის შემდეგაც საღმრთო წიგნების თარგმნასაც მიჰყო ხელი და მალე მთელი საძმოს წინამძღვარიც შეიქნა. ამ დროიდან იწყება ფართო მოღვაწეობა მამა გიორგი მთაწმინდელისა. მან შეკრიბა ცნობები ექვთიმესა და იოანეს შესახებ, აღწერა მათი ცხოვრება, გადმოასვენა და დიდებულ ლარნაკში მოათავსა წმიდა მამათა ნაწილები, გაამშვენიერა და სრულყო ეკლესია.

წინამძღვრობა და მონასტრის საქმეებზე ზრუნვა ბევრ დროსა და შრომას, ხშირად კი მონასტრიდან გასვლასაც მოითხოვდა და ამიტომ სამწერლო მოღვაწეობისათვის ძალიან ცოტა დრო რჩებოდა. გიორგი წინამძღვრობიდან გადადგა და შავ მთაზე წავიდა გიორგი დაყუდებულთან. გიორგი დაყუდებულმა ღვთის სიყვარულისთვის ისევ უკან დაბრუნება უბრძანა თავის სულიერ შვილს. გიორგი დამორჩილდა მოძღვრის ლოცვა-კურთხევას, ათონის მთაზე დაბრუნდა და ჩვეულ მოღვაწეობას შეუდგა.

ერთხელ ბოროტისაგან შურით აღვსილმა სვიმონწმინდელმა ბერებმა პატრიარქს მოახსენეს, საქართველოში მოციქულებს არ უქადაგიათ, თვითონაც მცირერიცხოვანნი არიან, ამიტომ ჯერ-არს ანტიოქიის პატრიარქის ხელმწიფების ქვეშ იყვნენო. პატრიარქმა მამა გიორგის აუწყა:  თქვენი მეფე გვეახლოს და ჩვენს ხელმწიფებას დაემორჩილოსო. წმიდა მამამ უპასუხა: შენ ამბობ, რომ პეტრე მოციქულის საყდარზე ზიხარ, ჩვენ კი პირველწოდებულმა ანდრიამ განგვანათლა, რომელიც პეტრეს მიმყვანებელია უფალთან, ხოლო ქრისტეს ერთ-ერთი მოციქული, სვიმონ კანანელი, ჩვენს ქვეყანაში, აფხაზეთშია დაკრძლულიო. წოდებული მწოდებელს უნდა დაემორჩილოს და არა პირიქითო. გაკვირვებულმა პატრიარქმა გაიღიმა და თქვა: ხედავთ ამ ბერს, ეს ერთი რამდენს გვერევაო. შემდეგ თეოდოსიმ და ანტიოქიელებმა აღიარეს საქართველოს ეკლესიის მოციქულებრივი წარმოშობაც და სარწმუნოებრივი სიწმიდეც.

ღვთისმოყვარე ბაგრატ მეფე ხშირად სთხოვდა მამა გიორგის საქართველოში ჩამოსულიყო სამოღვაწეოდ. ნეტარი მამა ჯერ უარობდა, მაგრამ ბოლოს, როცა დაასრულა საღვთისმეტყველო წიგნთა ტარმნა, აღასრულა მეფისა და კათოლიკოსის სურვილი. მათი ბრძანებით წმიდა მამამ გამოიკვლია მაშინდელი მდგომარეობა სასულიერო წოდებისა და მოაწესრიგა საეკლესიო ცხოვრება.

ხუთი წლის შემდეგ მამა გიორგი ისევ მთაწმინდაზე დაბრუნდა. ბაგრატ მეფემ პატივით და დიდძალი შესაწირავით გაისტუმრა ქართველთა მნათობი. ათონს მიმავალმა ნეტარმა მამამ თან ოთხმოცი ობოლი ბავშვი წაიყვანა აღსაზრდელად. კონსტანტინოპოლში ჩასულმა ნეტარმა გიორგიმ წანასწარ იგრძნო აღსასრულის მოახლოება და ობოლნი იმპერატორს ჩააბარა საპატრონოდ. ნეტარი მამა პეტრე-პავლობის დღესასწაულზე მიიცვალა.

ათონელმა მამებმა წმიდანის ცხედარი ათონზე გადაასვენეს და გიორგის მაშენებელის გვერდით დაკრძალეს.

 

წმიდა გიორგი მთაწმინდელის
ტროპარი

მართლმადიდებლობისა წინამძღვარო და კეთილ მსახურებისა და კრძალულებისა მოძღვარო, გიორგი, ყოვლისა სოფლისა მნათობო და მღვდელმთავართა კანონო, ღვთივ სულიერო, ყოვლად ბრძენო, სწავლითა შენითა ჩუენ, ყოველნი განგვანათლენ, ვითარცა ქნარმან სულიერმან, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი

ათორმეტთა მზეთა შორის, მნათობთა მათ სოფლისათა, ვითარცა მთიები ბრწყინავ ნათლითა ღვთისმეტყველებისათა, ბრძენო გიორგი, რამეთუ ადიდა მიცვალებაჲ შენი, დღესასწაულსა თვისთა მეგობართასა ქრისტემან, ღმერთმან, ღმერთმან ჩუენმან, რომელთა თანა გადიდებთ, მეოხ გვეყავ ჩუენ.