მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულები სიონის მთაზე შეიკრიბნენ და წილი ყარეს, ვინ რომელ ქვეყანაში წასულიყო საქადაგებლად. დედა ღვთისამ მოისურვა მოციქულებრივ ქადაგებაში მონაწილეობის მიღება და მას ივერია ხვდა წილად. სულიწმიდის გარდამოსვლისთანავე ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი საქართველოში გასამგზავრებლად გაემზადა, მაგრამ უფალმა მისი იერუსალიმში დარჩენა ისურვა და აღუთქვა, რომ არ უარყოფდა მის წილხვედრ ქვეყანას.
ღვთის განგებით ჩვენს ქვეყანაში საქადაგებლად მოციქული ანდრია პირველწოდებული მოივლინა, რომელმაც სვიმონ კანანელსა და მატათასთან ერთად საქართველოში პირველი სამოციქულო ეკლესია დააფუძნა. მოციქულებმა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე ბევრი მოაქციეს, მაგრამ მეფე და ქვეყნის უმეტესი ნაწილი კერპთმსახურების სიბნელეში დარჩა.
ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთასწორის - წმიდა ნინოს ქადაგებით საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა, როდესაც სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ.
წმიდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მისი მამა - ზაბულონი, კეთილმორწმუნე და დიდგვაროვანი კაცი, იმპერატორ მაქსიმიანესთან მსახურებისთვის კაბადოკიიდან რომში წავიდა. ახოვანი და ბრძოლებში განთქმული ზაბულონი იმპერატორმა მალე მხედართმთავრად დაადგინა. ამ დროს მაქსიმიანეს ფრანგები განუდგნენ; ზაბულონმა ღვთის შეწევნით დაამარცხა ისინი და მათი მთავარი და წარჩინებულნი იმპერატორთან შეპყრობილნი მიიყვანა. მაქსიმიანემ უხვად დაასაჩუქრა ზაბულონი, ხოლო განდგომილთ სიკვდილი მიუსაჯა. ტყვეები ტირილით შეევედრნენ ზაბულონს: შეგვიყვანე შენი ღმერთის ტაძარში, მოგვნათლე მისი სახელით, ვისაც შენ ემსახურები და ჩვენს სიკვდილში ბრალი არ გექნებაო.
მან რომის პაპს აუწყა ტყვეთა სურვილი, რომელმაც მონათლა ისინი და აზიარა.
მეორე დღეს სიკვდილმისჯილთ სამკვდრო სამოსელი შეიმოსეს და წმიდა ნათლისღებით აღბეჭდილნი უშიშრად მოელოდნენ სიკვდილს. ზაბულონმა შეხედა მათ ცხვრებივით მოდრეკილ თავებს, ატირდა და მაქსიმიანესგან მათი სიცოცხლე გამოითხოვა. განთავისუფლებული ფრანგები შეევედრნენ, რომ გაჰყოლოდა და მათი ერი ქრისტიანობის ნათელს ეზიარებინა. ზაბულონმა პატრიარქისაგან მღვდლები ითხოვა და თან გაჰყვა. ათი დღის განმავლობაში მდინარეში ინათლებოდა ხალხი; შემდეგ კარვები აღმართეს, უსისხლო მსხვრპლი შეწირეს და ყველანი წმიდა საიდუმლოს აზიარეს.
სამშობლოში დიდძალი ძღვენით დაბრუნებულმა ზაბულონმა გადაწყვიტა, იერუსალიმში წასულიყო, მოელოცა წმიდა ადგილები და თავისი სიმდიდრე იქაური გლახაკებისთვის დაერიგებინა. იერუსალიმში იგი პატრიარქ იუბენალს დაუახლოვდა. ბავშვობაში დაობლებულმა იუბენალმა და მისმა დამ - სოსანამ გაყიდეს მშობლების ქონება, დატოვეს თავისი სამშობლო - კაბადოკია და იერუსალიმში მაცხოვრის საფლავს ემსახურებოდნენ. კეთილად ქცევისა და წესიერებისთვის იუბენალმა პატრიარქობამდე მიიწია, ხოლო სოსანა - მაცხოვრის საფლავის მომვლელ წარჩინებულ ქალს - სარა ბეთლემელს მორჩილებდა. სწორედ მისი რჩევით მიათხოვა პატრიარქმა სოსანა ვაჟკაცობით, სიბრძნითა და ღვთისმოშიშებით განთქმულ ზაბულონს და ახალშეუღლებულნი კაბადოკიაში გააგზავნა. ამათგან იშვა წმიდა ნინო.
თორმეტი წლის რომ შესრულდა წმიდა ნინო, მისმა მშობლებმა გაყიდეს მთელი ქონება, თავის ასულთან ერთად იერუსალიმში წავიდნენ და მონაგები იქაურ გლახაკებს გაუნაწილეს. საღმრთო შურით აღძრული ზაბულონი ცრემლებით გამოეთხოვა შვილს და მოუწოდა, სამარადისოდ დაენერგა გულში ღვთის შიში და სიყვარული და მენელსაცხებლე დედებისა და ლაზარეს დებისთვის მიებაძა. უკანასკნელად ეამბორა მას და ამა სოფელს განშორებული იორდანის მიღმა უდაბნოში განმარტოვდა. პატრიარქმა სოსანა, მისივე სურვილისამებრ, უძლური დედების მომვლელად განაწესა, ხოლო წმიდა ნინო სარა ბეთლემელს მისცა აღსაზრდელად. ამ ღვთისმოშიშმა ქალმა ზედმიწევნით იცოდა ძველი და ახალი სჯული და წმიდა ნინო ყველაფერში კეთილად განსწავლა. წმიდანმა მისგან ისიც შეიტყო, რომ მაცხოვრის კვართი წარმართთა სამეუფო ქალაქ მცხეთაში იყო დაკრძალული.
ერთხელ,
როდესაც წმიდა ნინო ღვთისმშობლის ხატთან ლოცულობდა, ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა
და უთხრა: „აჰა, წარგგზავნი ჩემს წილხვდომილ ჩრდილოეთის ქვეყანაში, საქართველოში.
წადი სიმხნით და უშიშად და მის მკვიდრთ ჭეშმარიტება უქადაგე“. შეძრწუნებულმა
წმიდანმა მიუგო: „დედოფალო, როგორ შევძლებ ამას სუსტი და უსწავლელი დედაკაცი? მაშინ
ღვთისმშობელმა მოკვეთა იქვე ამოსული ვაზის რტო, რომლისგანაც ჯვარი შექმნა, მისცა და
უთხრა: „ამით დაძლევ ეშმაკის ყველა მანქანებასა და წარმართავ ქადაგებას, ხოლო მე
შეგეწევი და არ დაგტოვებ“.
ჩვენების შემდგომ წმიდა ნინომ იხილა, რომ ხელში ვაზის ჯვარი ეპყრა. მან პატრიარქს მოუთხრო ყოველივე და ამ სასწაულის ნიშანი - ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ჯვარი აჩვენა.
მალე ეფესოდან ერთი წარჩინებული ქალი მივიდა მაცხოვრის საფლავის მოსალოცად. როდესაც სახლში დაბრუნება დააპირა, წმიდა ნინომ პატრიარქს სთხოვა, მისთვის გაეყოლებინა იქ, სადაც უფალმა მოუწოდა. პატრიარქმა დისშვილი აკურთხა და უფალს შეავედრა.
ეფესოში ჩასული წმიდა ნინო ერთ წარჩინებულ ქალს - რიფსიმეს შეხვდა, რომელიც მისი სწავლების შემდგომ თავის გამზრდელ გაიანესა და სახლეულთან - ორმოცდაათ ქალწულთან ერთად მოინათლა. წმიდანი ორი წელიწადი ცხოვრობდა მათთან.
ამ დროს ქრისტიანთა სასტიკმა მდევნელმა დიოკლიტიანემ მშვენიერი რიფსიმეს ცოლად შერთვა მოინდომა, რისთვისაც რიფსიმემ, მისმა სახლეულმა და გაიანემ საბერძნეთი დატოვეს. მათთან ერთად წამოვიდა წმიდა ნინოც. ლტოლვილებმა სომხეთამდე მიაღწიეს და თავი სამეფო ბაღს შეაფარეს. დიოკლიტიანეს ბრძანებით ისინი სომხეთის მეფემ თრდატმა მოძებნა და სასტიკად აწამა.
ღვთის განგებით წმიდა ნინო გადაურჩა მტარვალის მახვილს. მან გზა განაგრძო და ზაფხულის დამდეგს ჯავახეთის მთებით შემოვიდა საქართველოში. ფარავნის ტბასთან ორი დღე შეჩერდა. იქ მეთევზურებმა დააპურეს. დასასვენებლად მიწაზე მიწოლილს ძილში ბრწყინვალე კაცი ეჩვენა, რომელმაც დაბეჭდილი წერილი მისცა და უთხრა: „ეს წერილი წარმართთა მეფეს მიართვი, რადგანაც აქ ამისთვის მოივლინე“. წერილის თავში რომაულად იესოს სახელი ეწერა.
ჩვენების შემდეგ წმიდა ნინომ დიდხანს ილოცა. მხურვალედ შეევედრა ღვთისმშობელს და შემწეობა სთხოვა.
მრავალი ჭირითა და იწროებით, ძნელი და ფიცხელი გზებით მიიწია ქართლის სანახებამდე და ქალაქ ურბნისში შეჩერდა. აქ უცხო ღმერთთა მსახური ხალხი იხილა, რომელნიც ცეცხლს, ქვასა და ხეს სცემდნენ თაყვანს. რადგანაც ებრაული ენა კარგად იცოდა, ებრაელთა სინაგოგაში მივიდა საცხოვრებლად და ქართველთა ზნე-ჩვეულებას აკვირდებოდა.
ერთი თვის შემდეგ ურბნისიდან ურიცხვი ხალხი წავიდა მცხეთას სავაჭროდ და არმაზის კერპის თაყვანისსაცემად. მათ წმიდა ნინოც თან გაჰყვა. მცხეთაში მისული უყურებდა კერპთმსახურების საცდურით დაბნელებულ ხალხს და ტიროდა მათი ცდომილებისა და წარწყმედისათვის.
მეორე დღეს დასცეს საყვირს და ყოველი კუთხიდან შეკრებილმა ხალხმა ფერადი სამოსლითა და ყვავილებით შეამკო მოედანი, სადაც მეფე-დედოფალს უნდა გაევლოთ. მალე მთები ხალხით აივსო. წმიდა ნინო მათ შეუერთდა და მთაზე ასულმა იხილა არმაზის კერპი, რომელსაც ტანთ ოქროს ჯაჭვი ემოსა, თავზე ოქროს ჩაფხუტი ედგა, თვალად ზურმუხტი და ბივრილი ჰქონდა და ხელთ ბრწყინვალე მახვილი ეპყრა, რომელიც ელვასავით ტრიალებდა, თუ ვინმე შეეხებოდა, თავს სასიკვდილოდ გაწირავდა, ამიტომ შიშითა და ძრწოლით მიეახლებოდა მას მეფე და ერი. მარჯვნივ მას ოქროს კაცი ედგა - გაცი, ხოლო მარცხნივ - ვერცხლისა, - გაიმი. ეს კერპები ღმერთებად მიაჩნდათ ქართველებს.
იხილა რა ეს, წმიდანი ატირდა, მცირედ მოშორდა იმ ადგილს და უფალს შეევედრა, გამოევლინა თავისი ძლიერება, რათა ხალხს ჭეშმარიტი ღმერთი ეცნო.
ლოცვის დასრულებისთანავე ჭექა-ქუხილი ატყდა და საშინელი ქარი ამოვარდა. შეშინებული ხალხი სწრაფად განეშორა იქაურობას. უეცრად მოიწია რისხვის ღრუბელი, საკერპოს ლოდებივით ეკვეთა სეტყვა და სრულიად დალეწა და შემუსრა; სასტიკმა ქარმა დაარღვია საკერპოს ზღუდეები და კლდის ნაპრალებში ჩააბნია. კლდის მცირე საფარველქვეშ მდგომარე წმიდა ნინო ღმერთს ქებასა და მადლობას სწირავდა.
როდესაც დამშვიდდა იქაურობა და ჰაერი გაიწმინდა, წმიდანმა ძველ ნაციხართან მდგარ ხეზე ჯვარი გამოსახა და ღმერთს შეცდომილი ერის ხსნას ევედრებოდა.
მეორე დღეს ძრწოლამ შეიპყრო მეფე და ერი, თავისი ღმერთების კვალსაც რომ ვერ მიაგნეს. გაკვირვებით უყურებდნენ ერთმანეთს და ამბობდნენ: ქალდეველთა ღმერთი ითრუჯანი მტერია ღვთისა ჩვენისა არმაზისა; როგორც სოფლისმპყრობელთა ჩვეულებაა, ერთმანეთს ებრძვიან და ეს ყველაფერი მის მიერ მოიწიაო.
დედოფლის სეფექალმა შროშანამ ხესთან წმიდა ნინო დაინახა, მასთან ბერძნულად მეტყველი ქალი მიიყვანა და ვინაობა და იქ ყოფნის მიზეზი გამოჰკითხა. წმიდანმა ყველაფერი მოუთხრო, ოღონდ დაფარა, რომ განთქმული ოჯახის შვილი იყო და თავის თავს “ტყვე” უწოდა. შროშანას შეეცოდა უცხოობაში მყოფი ქალი და სასახლეში გაყოლა შესთავაზა. სამი დღის შემდეგ მცხეთაში ჩასული წმ. ნინო სამეფო ბაღში შევიდა. ბაღის მცველის მეუღლემ ანასტომ თბილად მიიღო, ფეხები დაბანა, ზეთი სცხო და დააპურა. ამ კეთილმა ოჯახმა ცხრა თვე შეიფარა წმიდა ნინო. ცოლ-ქმარს შვილი არ ჰყავდათ, რასაც ძალიან წუხდნენ. წმიდა ნინოს ლოცვით მათ შვილები ეყოლათ და ამ სასწაულით ქრისტე ირწმუნეს.
წმიდა ნინომ განმარტოებით ცხოვრება მოისურვა. სამეფო ბაღის მახლობლად, მაყვლოვანში დასახლდა, იქ აღმართა ვაზის ჯვარი და დღე-დაღამ ევედრებოდა უფალს ქართველი ერის მოქცევას.
ექვსი წელიწადი იცხოვრა ფიცხელი მოღვაწეობით: ცრემლითა და მოუკლებელი ლოცვით. მისი საშვებელი მარხვა იყო, სამოსელი - უხეში ქსოვილისა, ხოლო განსასვენებელი სარეცელი - მიწაზე დაგებული ძაძა. იგი ნელ-ნელა თესავდა ქართველებში მაცხოვნებელი სარწმუნოების მარცვლებს და მისი მოწაფეების რიცხვი თანდათან იზრდებოდა.
წმიდა ნინომ მრავალი უძლური მოარჩინა. მისი ლოცვით განიკურნა მძიმე სენით შეპყრობილი დედოფალი ნანა, რომელმაც ამ სასწაულით ირწმუნა ქრისტე. წმიდანის მოძღვრებით განათლებულმა დედოფალმა მირიანს აუწყა თავისი სასწაულებრივი განკურნება და ძალი ღმრთისა, რომელსაც უცხო დედაკაცი ქადაგებდა. გაკვირვებულმა მეფემ აბიათარისგან ძველი და ახალი სჯულის გამოძიება დაიწყო და სურვილი გაუჩნდა ქრისტიანობის მიღებისა.
ერთხელ მირიანი მუხნარის მხარეს სანადიროდ წავიდა. კაცთა მოდგმის მტერმა ძველი კერპების სიყვარული გაუღვიძა და გადაწყვიტა, მახვილით მოესრა ქრისტიანები. მან მხლებლებს მიმართა: ჩვენ ღირსნი ვართ, რომ ბოროტება მოგვაწიონ ჩვენმა ღმერთებმა, რადგანაც შევწყვიტეთ მათი მსახურება და ჩვენს ქვეყანაში ქადაგების ნება გრძნეულ ქრისტიანებს მივეცით. მე განვიზრახე, რომ შევმუსრო ყველა ქრისტიანი და გულმოდგინედ ვემსახურო ჩემს ღმერთებს. თუ დედოფალი არ უარყოფს ქრისტეს, მასაც არ დავინდობო. მაშინ უფლის ნებით, თხოთის მთაზე ასულს უეცრად თვალთ დაუბნელდა. მირიანმა სიარული ვეღარ შეძლო და შეძრწუნებული ერთ ადგილას შეჩერდა; მოუხმო არმაზს და ზადენს, მაგრამ არაფერი ეშველა. როდესაც სიცოცხლის იმედი გადაუწყდა, უფალმა კეთილად შეცვალა მისი გონება და ხმამაღლა ღაღადყო: „თუ ჩემთვისაა მხოლოდ ეს ჭირი, ღმერთო ნინოსო, განმინათლე ბნელი, რათა ვადიდო შენი წმიდა სახელი“. ეს თქვა თუ არა, სიბრმავისგან მყისვე განთავისუფლდა, მეფემ ხელები აღაპყრო და თქვა: „ჭეშმარიტად შენ ხარ ღმერთი ღმერთთა და უფალი უფლებათა, შენ აღგიარებ და შენ თაყვანისგცემ“.
სამეფო სასახლეში დაბრუნებული მირიანი წმიდა ნინოსთან მივიდა და ხმამაღლა აღიარა: „მრწამს ამიერიდან, მოციქულო ღვთისაო, რომ იგია ჭეშმარიტი ღმერთი, რომელსაც შენ ჰქადაგებ“. შემდეგ სთხოვა, გამოესახა ეკლესია, რათა ღვთის სადიდებლად ტაძარი აეგოთ.
მირიანმა ბრძანა, მის ბაღში მდგარი კვიპაროსი მოეჭრათ და ტაძრის სვეტად აღემართათ. ამ კვიპაროსთან წმიდა ნინომ მრავალი სასწაული მოახდინა და უფალმა მისი მოკვეთისას ინება დაფარული საიდუმლოს გაცხადება.
წმიდა ნინო მცხეთაში მოსვლისთანავე ეძებდა მაცხოვრის კვართს. აბიათარ მღვდელმთავრის წყალობით, მან მიაგნო იმ ადგილს, სადაც ეს უდიდესი სიწმინდე ესვენა. ეს იყო სამეფო ბაღში, სწორედ იმ ადგილას, სადაც ამოსულიყო ის მშვენიერი კვიპაროსი, რომლის მოჭრაც ბრძანა მირიანმა.
მოკვეთილმა ხემ გამოუთქმელი სურნელება გამოსცა. მისგან სვეტი შეამზადეს და როდესაც აღმართვა დააპირეს, ვერაფრით ვერ დაძრეს ადგილიდან, რამეთუ საღმრთო ძალა აჩერებდა მათ. ამასობაში დაღამდა და ამ საოცრებით გაკვირვებული და შეწუხებული მეფე და ხალხი სახლებში წავიდა.
იმ ღამეს წმიდა ნინო თავის თორმეტ მოწაფესთან ერთად სვეტის მახლობლად ლოცულობდა.
გამთენიისას სვეტის ვერშეძვრით დაღონებული მეფე ბაღში მიმოდიოდა. დაწყებულ ეკლესიას თვალი შეავლო და იხილა, რომ ნათელი ელვასავით აღიწეოდა ცამდე. მთელი ქალაქი შეიკრიბა ამ სასწაულის სანახავად. მირონმდინარე ნათლის სვეტი ნელ-ნელა ქვემოთ დაეშვა და ხელშეუხებლად თავისსავე ძირს დაემყარა. შიშითა და სიხარულით აღვსილი მეფე და ერი ნინოს ღმერთს ადიდებდა.
სვეტიცხოვლის მიერ ურიცხვი სასწაული აღესრულებოდა. ხალხი თვალს ვერ უსწორებდა მის შემაძრწუნებელ ღვთაებრივ ნათელს. მისი ბრწყინვალება რომ დაეფარა, მეფემ საბურევლი შეუქმნა. სნეულნი საბურველს ეხებოდნენ და განიკურნებოდნენ. სვეტიცხოვლის ტაძარს „წმიდა წმიდათა“ ერქვა და შიშით იქ შესვლას ვერავინ ბედავდა.
ეკლესიის დასრულების შემდეგ, წმიდა ნინოს ბრძანებით, მეფე მირიანმა საბერძნეთში მოციქულები გააგზავნა იმპერატორ კონსტანტინესთან და მოძღვარნი და ღვთისმსახურების მასწავლელნი ითხოვა. იმპერატორმა კონსტანტინემ ისინი სიყვარულითა და დიდი პატივით მიიღო და საქართველოში ანტიოქიის პატრიარქი ევსტათი მიავლინა.
ქართლი ჯეროვანი პატივით მიეგება პატრიარქს. მან წმიდა ნინოს ელენე დედოფლისგან გამოგზავნილი ძელი ცხოვრების ნაწილი, მაცხოვრისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატები და ქებითა და შესხმით შემკული წერილი გადასცა.
|
მირიანის ბრძანებით სამეფოს მკვიდრნი მცხეთას შემოიკრიბნენ. მოამზადეს სანათლო, სადაც წმიდა ნინომ ჯვარი აღმართა და პატრიარქის ხელით მეფე-დედოფალი, დიდებულნი და უამრავი წარმართი მოინათლა. ამ ადგილს „მთავართა სანათლო“ ეწოდა. პატრიარქმა ეკლესიები აკურთხა და საკურთხეველნი დაამყარა. მთავარეპისკოპოსად იოანეს დაასხა ხელი; აკურთხა მღვდელ-დიაკონნი და მეფე და ერი საღმრთო სწავლებით განამშვენა, რის შემდგომ იგი დიდი პატივით გააცილეს თავის ქვეყანაში.
წმიდა ნინო არაგვის გადაღმა, მცხეთის პირისპირ მდგომარე მთაზე ავიდა და ღამეებს ლოცვაში ათევდა. მისი ლოცვით კლდის ძირას სასწაულებრივი წყარო აღმოცენდა, რომელსაც კურნების ძალა ჰქონდა. ამ კლდის სიახლოვეს უხსოვარი დროიდან ზამთარ-ზაფხულ ფოთოლმსხმოიარე სურნელოვანი ხე იდგა, რომელსაც კაცის ხელი არ შეხებოდა. ეს ხე საკვირველი იყო იმითაც, რომ სასიკვდილოდ დაჭრილი ნადირი მის ფოთოლს ან თესლს თუ შეჭამდა, გადარჩებოდა. როდესაც ეპისკოპოსს ამ ხის ამბავი აუწყეს, მან თქვა: ღმერთმა დასაბამიდანვე თავის სამსახურად განამზადა ეს ქვეყანა. და ეს ხეც ამ ჟამისათვის აღმოაცენა. რადგანაც ახლა მოეფინა ღვთის მადლი ქართლს, ჯვარცმული უფლის სადიდებლად ჯვრები მისგან შევქმნათო.
ხარებობას ეპისკოპოსისა და მეფისწულის თანხლებით რტოებიანად ჩამოიტანეს მოკვეთილი ხე, რომელიც სვეტიცხოველთან დაასვენეს. მის ფოთლებს 37 დღის განმავლობაში ფერიც კი არ შეუცვლია. ამ ხისგან სამი ჯვარი გამოკვეთეს და 7 მაისს ეკლესიაში აღმართეს.
რამდენიმე ღამის განმავლობაში მცხეთელებმა საკვირველი სასწაული იხილეს: ზეციდან ჩამოსული ვარსკვლავების გვირგვინით შემკული ცეცხლოვანი ჯვარი განთიადამდე ეკლესიის თავზე ჩერდებოდა; შემდეგ მისგან გამოყოფილ ორ ვარსკვლავთაგან ერთი აღმოსავლეთით მიდიოდა, მეორე - დასავლეთით. თვითონ ჯვარი კი ნელ-ნელა არაგვის გაღმა გადიოდა და წმიდა ნინოს წყაროსთან მცირე ხნით შეჩერებული ზეცად მაღლდებოდა.
მეფემ წმიდა ნინოსგან შეიტყო, რომ ამ სასწაულით უფალი ჯვრების აღსამართავ ადგილებს მიანიშნებდა. წმიდანის რჩევით მან ამ ადგილების გამოსაძიებლად ხალხი გააგზავნა და შეიტყო, რომ ერთი ვარსკვლავი თხოთის მთაზე ჩერდებოდა, სადაც მირიანმა ქრისტე ირწმუნა, მეორე კახეთში - დაბა „ბოდისში“, რითაც უფალი წინასწარ განადიდებდა თავისი სათნომყოფელის განსასვენებელ ადგილს.
ერთხელ მირიანმა წმიდა ნინოს უთხრა: „მნებავს ჩემი სიძე პეროზი და მთიულნი მახვილით მოვაქციო“... მან მიუგო: „უფლისგან ნაბრძანები არაა მახვილის აღება; სახარებითა და პატიოსანი ჯვრით ვუჩვენოთ მათ ჭეშმარიტი გზა“.
წმიდა ნინომ მთიულეთში, ერწო-თიანეთსა და კახეთში იქადაგა ქრისტეს სარწმუნოება. ხალხმა შემუსრა კერპები და მოინათლა.
და, ბოლოს, უფალი მიუძღვა მისთვის განმზადებულ ადგილზე - კუხეთის დაბა „ბოდისში“, სადაც დაასრულა მოციქულებრივი მოღვაწეობა. აქ მისი ქადაგებით მოინათლა დედოფალი სუჯი, მისი მთავრები, მხედრები და მონა-მხევალნი.
სრულყო რა ქადაგება ჭეშმარიტებისა, ღვაწლით დამაშვრალ დედა ნინოს სულიწმიდისგან ეუწყა, რომ ამა სოფელს დატოვებდა. მან მირიანთან წერილი გაატანა დედოფალ სუჯის, რომელშიც ლოცავს მეფესა და ერს და ატყობინებს, რომ ქრისტეს სახარება ყველამ შეიწყნარა, შემუსრეს კერპები და წმიდა სამების სახელით მოინათლნენ. მეფეს მოუწოდა, რომ მტკიცედ დაეცვა სარწმუნოება და წმიდა ნათლისღების ბეჭედი. შემდეგ ითხოვს, რომ მასთან იოანე ეპისკოპოსი გააგზავნოს - რათა წარმგზავნოს და საუკუნო საგზალი მომცესო.
სუჯი მხლებლებით წავიდა მცხეთაში და მთელი გზა ფეხშიშველმა გაიარა. როდესაც სვეტიცხოვლის პირისპირ მიიწივნენ, ვერვინ გაბედა უზომოდ ადიდებულ არაგვში შესვლა. დედოფალმა ილოცა, პირჯვარი გამოისახა და სახედრით შევიდა მდინარეში. მდინარე შუაზე გაიპო და დედოფალი უვნებლად გავიდა ნაპირზე.
მირიანმა ცრემლებით დაალტო წმიდა ნინოს წერილი. მეფე-დედოფალი უამრავი ხალხით წავიდა ბოდბეში. იქ ჩასულთ მოიკითხეს წმიდანი და მისგან კურთხევა აიღეს. იოანემ აზიარა წმიდანი, რის შემდეგაც წმიდა ნინომ სული უფალს შევედრა.
მთელი ერი შეიკრიბა მისი წმიდა სხეულის თაყვანისსაცემად. მირიანმა ძლივს დააცხრო ხალხი, რომელიც ერთმანეთს თელავდა, მის ღვაწლითშემოსილ გვამს რომ შეხებოდა.
![]() წმიდა ნინოს საფლავი |
მეფემ მთავარეპისკოპოსსა და მთავრებთან ერთად წმიდა ნინოს სვეტიცხოველში დაკრძალვა გადაწყვიტა, მაგრამ ორასმა კაცმა ადგილიდანაც ვერ დაძრა მისი სარეცელი. მირიანმა გულისხმაჰყო, რომ სწორედ ეს იყო მის განსასვენებლად ღვთისგან მოსწავებული ადგილი და დიდი პატივითა და დიდებით იქვე დაკრძალა. ოცდაათი დღე წმიდა ნინოს საფლავთან დარჩნენ და ერის დაობლებას იგლოვდა მეფე და ერი.
წმიდანის საფლავზე მეფემ მშვენიერი ტაძარი ააგო და საეპისკოპოსოდ განაჩინა. სიკვდილის სარეცელზე მყოფმა მირიანმა დედოფალს ანდერძი დაუტოვა: „შენ, ნანა, თუ დაგცალდება, ჩემი სიკვდილის შემდეგ სამეფო განძი ორად გაყავი და ერთი ნაწილი წმიდა ნინოს საფლავს შეწირე, რათა ჟამთა სიგრძემ და ცვალებამ არ შეარყიოს ეს ადგილი და უკუნისამდე შეუძვრელად იყოს... ასევე ვევედრები მთავარეპისკოპოსს, განადიდოს ეს ადგილი, რადგანაც პატივის ღირსია“.
წმიდა ნინოს საფლავთან მრავალი სასწაული აღესრულება დღემდე.
წმიდა ნინოს ხსენებას საქართველოს ეკლესია წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს: 1(19) ივნისს აღინიშნება მისი საქართველოში შემოსვლა, ხოლო 27(14) იანვარს - გარდაცვალება.