ზღაპარი მესამე

ჯადოსნური ბაღი და გრძნეული დედაბერი

რა ქმნას პატარა გერდამ, კაი რომ აღარ დაუბრუნდა? სად დაიკარგა ბიჭი, არავინ იცოდა. ვერც ვერავინ ეტყოდა მის ამბავს. ყმაწვილებმა მხოლოდ ესა თქვეს, დავინახეთო, თავისი ციგა დიდ ციგას გამოაბა და ქალაქის ჭიშკარს მიაშურაო. შემდეგ საით წავიდა, ვის გაჰყვა, აღარავინ იცოდა. ბევრი ცრემლი ღვარეს. ყველაზე მწარედ პატარა გერდა ტიროდა, ბოლოდ თქვეს, უთუოდ მოკვდა, მდინარეში დაიხრჩობოდაო. მართლაც, სკოლას გვერდით მდინარე ჩაუდიოდა. ოჰ, რა ნაღვლიანი და დაუსრულებელი იყო ის ზამთარი! ბოლოს გაზაფხული დადგა.

- კაი მკვდარია, აღარ დაბრუნდება! – ამბობდა პატარა გერდა.

- არ მჯერა, - ანუგეშებდა მზის სხივი.

- კაი მოკვდა, ვეღარ დაბრუნდება, - შესჩიოდა გოგონა მერცხლებსაც.

- არა გვჯერა! – ჩამოსძახოდნენ ჩიტები. ბოლოს გერდამაც იფიქრა, იქნებ მართლა ცოცხალი იყოსო.

-მოდი, ჩემს ახალ, წითელ ფეხსაცმელებს ჩავიცვამ, კაის ხომ ჯერ არ უნახავს, მდინარეზე ჩავალ, იქნებ მისი ამბავი გავიგო, - თქვა ერთ დილით.

ალიონი იყო, ბებიას ჯერ კიდევ ეძინა. გოგონამ ჩუმად აკოცა. წითელი ფეხსაცმელები აიღო, ქალაქის ჭიშკარი გაიარა და მდინარეს მიაშურა.

- მართლაც გაიტაცე პატარა ბიჭი, ჩემთან რომ თამაშობდა? ოღონდ სიმართლე მითხარი და ამ ჩემს პატარა ფეხსაცმელებს გაჩუქებ.

გოგონას მოეჩვენა, რომ ტალღებმა უცნაური რხევით უპასუხეს. მაშინ გაიხადა თავისი წითელი ფეხსაცმელები და წყალში სათითაოდ გადაისროლა. მაგრამ ტალღებმა ორივე ნაპირზე გამოაბრუნეს. მდინარემ არ დაიტოვა მისი საყვარელი ფეხსაცმელები, რადგან პატარა კაი მას არა ჰყავდა.

გოგონას კი ეგონა, საკმაოდ შორს ვერ ვისროლეო და ნავში ჩაძვრა, ლელიანში რომ იდგა, კიდემდე გავიდა და ფეხსაცმელები მდინარეში გადაისროლა. მაგრამ ნავი არ იყო მაგრად დაბმული, ბავშვის სიმძიმემ გადასწონა და ტალღებში შეასრიალა. გოგონამ ეს რომ დაინახა, მაშინვე ნაპირზე გადმოხტომა დააპირა, მაგრამ გვიანღა იყო, ნავი უკვე ტალღებში შეცურდა და დინებას გაჰყვა.

პატარა გერდას შეეშინდა, ატირდა, მაგრამ მისი ხმა მხოლოდ ბეღურებს ესმოდათ და იმათ არ შეეძლოთ ნავის უკან გაბრუნება, მხოლოდ ნაპირ-ნაპირ მიჰყვებოდნენ ფრენით და ანუგეშებდნენ: ჩვენ აქა ვართ, ნუ გეშინიაო!

ნავს ზვირთები მიაქროლებდნენ. პატარა გერდა წყანარად იჯდა. ფეხზე მხოლოდ წინდები ეცვა, ფეხსაცმელები უკან მოჰყვებოდნენ და ვერ ეწეოდნენ, ნავი უფრო სწრაფად მიდიოდა.

მდინარეს ლამაზი ნაპირები ჰქონდა. ყვავილები გაშლილიყო, მაღალი ხეები მწვანედ შემოსილიყო, ფერდობებზე ცხვარი და ძროხა ბალახობდა, მაგრამ ადამიანის ჭაჭანება არსად ჩანდა.

ეს ნავი ალბათ კაისთან მიმიყვანსო, ფიქრობდა პატარა გერდა. ამ ფიქრმა გაამხიარულა, ზეზე წამოდგა და დიდხანს ათვალიერებდა აყვავებულ ნაპირებს. იცურა, იცურა ნავმა და ბოლოს ალუბლის ბაღში შეცურდა. ბაღში ერთი პატარა სახლი იდგა, საოცარი ლურჯი და წითელი ფანჯრები ჰქონდა. ეზოში ორი ხის ჯარისკაცი იდგა და ვინც კი სახლს ჩაუვლიდა, ყველას თოფს უმიზნებდნენ. გერდამ დაუძახა, ცოცხლები ეგონა. რა თქმა უნდა, პასუხი არ გაუციათ. ნავი კიდევ უფრო ახლოს მიცურდა და თითქმის ნაპირს მიადგა.

გერდამ ხმამაღლა დაიძახა. მის ძახილზე ქოხიდან ერთი დედაბერ გამოვიდა, ხელში ყავარჯენი ეჭირა, მშვენიერი ყვავილებით მოხატული დიდი თეთრი ქუდი ეხურა.

- შე საბრალო ბავშვო! – უთხრა გერდას დედაბერმა. – როგორ მოჰყევი ამ მღვრიე ტალღებს? ასე შორს რანაირად წამოხვედი? – მერე წყალში შევიდა, ნავს ყავარჯენი გამოსდო, გამოათრია. გერდა აიყვანა და ხმელეთზე გადმოსვა.

გოგონა თავს ბედნიერად გრძნობდა, რომ ისევ ხმელეთზე მოხვდა, თუმცა, ცოტა არ იყოს, ეშინოდა უცხო დედაბრისა.

- შემოდი ჩემთან და მიამბე, როგორ მოხვდი აქ, - უთხრა დედაბერმა.

გერდამ ყველაფერი უამბო. მოხუცი ქალი თავს აქნევდა და გაიძახოდა: „ჰმ! ჰმ!“ როცა ამბავი დაასრულა, დედაბერს ჰკითხა, კაი ხომ არსად გინახავსო. ჯერ არ მოსულა, მაგრამ ალბათ მოვაო, - მიუგო დედაბერმა. ნურაფერს დარდობ, ალუბალი ჭამე და ყვავილების ცქერით დატკბი. ასეთ ყვავილებს წიგნებში ვერ ნახავ. ამათ ზღაპრების მოყოლაც იციანო. ბოლოს გოგონა პატარა სახლში შეიყვანა და კარი ჩაუკეტა. ფანჯარა ძალიან მაღლა იყო, შგ ფერადი – წითელი, ლურჯი და ყვითელი მინები ჰქონდა ჩასმული. დღის სინათლეს ნაირფერი მინები უცნაურ იერს აძლევდნენ. მაგიდაზე ალუბლით სავსე კალათი იდგა. გერდამ ალუბლის ჭამით გული იჯერა. სანამ ტკბილ ალუბალს შეექცეოდა, დედაბერი ოქროს სავარცხლით თმას უვარცხნიდა. ხუჭუჭი თმა ოქროსფერ კულულებად ეხვეოდა მის ვარდივით ღაჟღაჟა, მშვენიერ პატარა სახეს.

- რამდენი ხანია ასეთ მშვენიერ გოგონას ვნატრობ, - თქვა დედაბერმა. – აი, ნახავ, რა კარგად ვიცხოვრებთ.

პატარა გერდამ თმის ვარცხნაში თავისი კაი თანდათან დაივიწყა, რადგან დედაბერმა მოაჯადოვა. მაგრამ დედაბერი ბოროტი ჯადოქარი კი არ იყო, მხოლოდ იშვიათად თუ მოაჯადოვებდა ადამიანს თავისი სიამოვნებისათვის. ახლაც ეს გოგონა იმისათვის მოაჯადოვა, რომ უნდოდა თავისთან დაეტოვებინა. მერე გავიდა ბაღში და ვარდის ბუჩქებს ჩამოუარა: შეახებდა თუ არა თავის ყავარჯენს, აყვავებული ბუჩქი მაშინვე ღრმად ძვრებოდა მიწაში, ისე რომ ნაკვალევიც აღარ რჩებოდა. დედაბერს ეშინოდა, გერდა რომ ვარდებს შეხედავს, თავისი ვარდის ბუჩქი და კაი გაახსენდება და გამექცევაო.

ახლა, ვარდების კვალიც რომ გააქრო, გოგონა არხეინად გაიყვანა ბაღში. რა ყვავილი გინდოდა, სულო და გულო, რა მცენარე, რომ იქ არ ყოფილიყო ბაღის სამკაულად! ვერცერთ წიგნში ასეთ ნახატებს ვერ ნახავდით. გახარებული გერდა მზის ჩასვლამდე დახტოდა და ყვავილებს თავს ევლებოდა. მერე კი ლოგინი გაუშალეს, იებამოქარგული წითელი აბრეშუმის ბალიში მისცეს. დაწვა, დაიძინა და ისეთი სიზმრები ნახა, როგორიც დედოფალს დაესიზმრება ხოლმე ქორწილის ღამეს.

დილით ისევ ყვავილებს ესტუმრა და მზეზე თამაშობდა. ასე გავიდა ოთხი დღე. უკვე ყველა ყვავილის სახელი იცოდა, და თუმცა მრავალ ყვავილს ხედავდა, ეგონა, რომელიღაც ყვავილი მაინც აკლდა, ოღონდ რომელი, ეს ვერ მოიგონა.

ერთხელ იჯდა და დედაბრის ქუდზე ამოქარგულ ყვავილებს ათვალიერებდა. ულამაზესი მათ შორის ვარდი იყო. დედაბერმა ცოცხალი ვარდები ჩამარხა, ის კი დაავიწყდა, რომ ქუდი გადაემალა. ასე იცის დაბნეულობამ.

- შენს ბაღში ვარდი არ ხარობს? – შესძახა გერდამ, წამოხტა, კვლებში სირბილი დაიწყო, მაგრამ ვერა და ვერ იპოვნა, რასაც ეძებდა. მაშინ დაჯდა და ატირდა. მდუღარე ცრემლი მოჯადოებულ ვარდის ბუჩქს მოხვდა და გაათბო. როგორც კი ცრემლი მიწას დაეცა, ამოიმართა, უწინდებურად გაიფურჩქნა, გერდა გადაეხვია, კოკორს კოცნა დაუწყო, მაშინვე თავისი ვარდის ბუჩქიც მოაგონდა და პატარა კაიც.

- ოჰ, როგორ მოვცდი! მე ხომ კაის საძებნელად წამოვედი! თქვენ ხომ არ იცით, სად იქნება? – ჰკითხა ვარდებს, - როგორ ფიქრობთ, ჩემი კაი ხომ არ მომკვდარა?

- არ მომკვდარა, - მიუგეს ვარდებმა, - ჩვენ ხომ მიწაში ვიყავით, ყველა მიცვალებული იქ არის, კაი კი არ გვინახავს.

- მადლობელი ვარ, - გაიხარა გერდამ, ახლა სხვა ყვავილებს მიაშურა, ყელმოღერებულ ლამაზებს მოეფერა და ჰკითხა:

- ხომ არ იცით, სად არის კაი?

მაგრამ მზის გულზე მეოცნებე ყვავილებს საკუთარი ზღაპრები ესიზმრებოდათ. რამდენი რამ მოისმინა მათგან გერდამ, მაგრამ კაის ამბავი არავინ იცოდა.

* * *

რა უამბო გერდას ალისფერმა შროშანამ?

- გესმის დოლის ხმა? „ბუმ! ბუმ!“ მერე ისევ: „ბუმ! ბუმ!“ ისმინე ქალების მწუხარე მოთქმა, ისმინე ქურუმების შეძახილები... კოცონზე ინდოელის ცოლი დგას, გრძელი წითელი კაბა აცვია. სადაც არის ცეცხლის ალი მის სამოსელსა და მისი ქმრის გვამს მისწვდება, მაგრამ მანდილოსანი ფიქრობს ცოცხალ ადამიანზე, რომელიც იქვე დგას, ვისაც ცეცხლის ალზე უფრო მხურვალე თვალები აქვს, ვინც მარტო მზერით მის გულს უფრო შეუბრალებლად წვავს, ვიდრე ცეცხლი, აგერ-აგერ რომ უნდა მოედოს და მისი სხეული ფერფლად აქციოს. განა გულის ალი ხანძრის ალში ჩაქრება!

- ვერაფერი გავიგე! – მიუგო გერდამ.

- ჩემი ზღაპარი ესაა! – აუხსნა ალისფერმა შროშანამ.

* * *

რა უამბო ხვართქლამ?

- ქარაფის თავზე ძველებური რაინდული კოშკი აღმართულა. მთის ვიწრო ბილიკს მივყვებით და კოშკთან ავდივართ. ხავსმოდებული აგურის კედლები სუროს დაუფარავს, მწვანე ფოთლები აივანს ეკიდებიან. აივანზე კი მომხიბლავი ქალიშვილი დგას. მოაჯირზე გადახრილა და ძირს იყურება, გზას გასცქერის. ქალიშვილი ვარდის კოკორზე ქორფაა, ნიავისაგან დარხეული ვაშლის ხის ყვავილზე ჰაეროვანია. როგორ უშრიალებს აბრეშუმის კაბა! – „ნუთუ არ მოვაო?“ - ფიქრობს.

- შენ კაის ამბავი მითხარი? – ჰკითხა გერდამ.

- მე ზღაპარს გეუბნები, ჩემს ოცნებას! – მიუგო ხვართქლამ.

* * *

რა უამბო პაწია ენძელამ?

- ხეებს შორის ერთი გრძელი ფიცარი ქანაობს – ესაა საქანელა. ფიცარზე ორი პატარა გოგონა ზის. თოვლივით თეთრი კაბები აცვიათ, ფართო ქუდები ახურავთ და ზედ დამაგრებული აბრეშუმის გრძელი მწვანე ბაფთები ქარში უფრიალებენ. მათი უფროსი ძამიკო უკან დამდგარა, თოკები დაუხვევია. ცალ ხელში ფიალით საპნიანი წყალი უჭირავს, მეორეში – თიხის მილი: საპნის ბუშტებს უშვებს. ფიცარი ირწევა, ბუშტები ჰაერში დაფრიალებენ. ცისარტყელასავით ნაირფერად ციმციმებენ მზის სხივებზე, აგერ ერთი ბუშტი პატარა მილის წვერზე დაეკიდა, სიოს ფრთებზე ირხევა. საქანელა ქანაობს. შავი ფინია, ბუშტივით მსუბუქი პატარა ძაღლი უკანა ფეხებზე შემდგარა და წინა თათები ფიცარზე შეუდგამს, მაგრამ ფიცარი მაღლა მისრიალებს, ფინია ეცემა, ყეფს და ბრაზობს. ბავშვები აჯავრებენ, ბუშტები სკდებიან... ფიცარი ირწევა. ქაფი იფანტება – აი ჩემი სიმღერა!

- მგონი, ურიგო არ უნდა იყოს, მაგრამ ძალიან ნაღვლიანად მღერი! კაიზე კი ერთ სიტყვასაც არ მეუბნები!

* * *

რა უამბო სუმბულმა?

- იყო და არა იყო რა, იყო სამი ტანწერწეტი, ნაზი და ლამაზი და, ერთს წითელი კაბა ეცვა, მეორეს – ლურჯი, მესამეს – თეთრი. ხელიხელგადახვეულები ცეკვავდნენ ბადრი მთვარის შუქზე წყნარი ტბის ნაპირას. ელფები კი არ იყვნენ, არამედ ნამდვილი ქალიშვილები. ჰაერში ყვავილების სურნელება ტრიალებდა და ქალიშვილებმა თავი ტყეს შეაფარეს. მაგრამ აი, კიდევ უფრო მაგარი სუნი დატრიალდა და უეცრად უსიერი ტყიდან სამი კუბო გამოცურდა. შინ სამი ლამაზი და ესვენა, გარშემო კი ცოცხლებივით ციცინათელები ციმციმებდნენ. სძინავთ ქალიშვილებს თუ მიცვალებულნი არიან? ყვავილები ამბობენ, სამივე მკვდარიაო. მწუხრის ზარის გულსაკლავი ხმა ისმის.

- შენმა ზღაპარმა დამაღონა! – თქვა გერდამ. – შენი ზარის მსგავსი ყვავილები მეტისმეტად მაგარ სურნელებას აფრქვევენ... ახლა მიცვალებული ქალიშვილების დარდი აღარ მომასვენებს! აჰ, ნუთუ კაიც მოკვდა? მაგრამ ვარდები მიწაში იყვნენ და თქვეს, იქ არ არისო.

- ძინ-ძინ! – აწკრიალდნენ სუმბულის ზარები. – ჩვენ კაის კი არ დავტირით. მას არ ვიცნობთ. ჩვენ საკუთარ სიმღერას ვაწკრიალებთ, სხვა სიმღერა არ ვიცით.

გერდა ახლა ბაიასთან მივიდა, მოციმციმე მწვანე ფოთლებიდან რომ მოუჩანდა თავი.

- შენ ხომ პატარა ნათელი მზე ხარ, ხომ არ იცი, სად ვიპოვო პატარა კაი, ჩემთან რომ თამაშობდა?

ბაიამ თვალები ააციმციმა და გაიღიმა, გერდას შეხედა, რომელი სიმღერა მოგწონსო, მაგრამ კაის ამბავი არც მან იცოდა. ერთი შეირხა და ესა თქვა მხოლოდ:

- ერთ პატარა ეზოში გაზაფხულის თბილმა მზემ შეანათა, პირველი სხივი მეზობლის სახლის კედელს მოხვდა. იქ ერთი მშვენიერი ყვითელი ყვავილი იზრდებოდა, იფურჩქნებოდა და მზის სხივებზე ოქროსფრად ციმციმებდა. მოხუცი დიდედა გარეთ იჯდა სკამზე. შვილიშვილი, ლამაზი პატარა გოგონა, სათამაშოდ რომ იყო წასული, შინ დაბრუნდა, ბებიასთან მივიდა და აკოცა. ოქრო იყო, გულის ოქრო, ამ კოცნაში. ოქრო პირზე, ოქრო ფსკერზე, ოქრო დილის სხივთა ჩქერზე! მორჩა და გათავდა!

- ჩემი საბრალო მოხუცი დიდედა! – ამოიოხრა გერდამ. – უთუოდ დამეძებს და ჩემზეც დარდობს, როგორც პატარა კაიზე დარდობდა. მაგრამ მალე დავბრუნდები შინ და კაისაც მივიყვან. ყვავილებთან ლაპარაკი რას მარგებს, მხოლოდ საკუთარი ამბები იციან, კაის ამბავი კი არავინ იცის.

ესა თქვა გერდამ, კაბის კალთები აიწია, რომ უფრო თავისუფლად ერბინა და გაიქცა. მაგრამ ნარგიზს რომ გადაახტა, ყვავილის ღერო ფეხებში სახრესავით მოხვდა. გერდა გაჩერდა, მაღალ ყვავილს გახედა და ჰკითხა:

- იქნებ შენ იცი რამე?

დაიხარა და პასუხს დაელოდა.

რა უამბო ნარგიზმა?

- მე ვხედავ ჩემს თავს! მე ვხედავ ჩემს თავს! ო, რა სურნელოვანი ვარ! სულ მაღლა, სხვენის ოთახში, სახურავის ქვეშ ნახევრად ტიტველი მოცეკვავე ქალიშვილი დგას. ხან ცალ ფეხზეა, ხან ორივეზე. და მთელს ქვეყნიერებას თელავს, - მხოლოდ თვალს ატყუებს. აი, ხელში დოქი უჭირავს და წყალს ასხამს რაღაც საგანს. ეს მისი კორსაჟია. სისუფთავე სილამაზეა! კედელში ლურსმანია, ზედ თეთრი კაბა ჰკიდია. კაბაც გაურეცხავს და სახურავზე გაუფენია, უკვე მშრალია. აი, ქალიშვილი იცვამს და ყელზე ღიაყვითელი ფერის მანდილს იხვევს, ეს კიდევ უფრო აჩენს კაბის სითეთრეს. კიდევ ჰაერში აუწევია ცალი ფეხი! დახეთ, რა სწორად დგას ქალიშვილი ცალ ფეხზე, - გეგონება, ყვავილია საკუთარ ღეროზეო! მე მხოლოდ ჩემს თავს ვხედავ! მე იმ ქალიშვილში ჩემს თავს ვხედავ, სხვას არავის!

- მე რაღა მესაქმება მაგასთან? – თქვა გერდამ. – რა უნდა ვთქვა, ვინა ყოფილა, მხოლოდ საკუთარ თავს რომ ხედავს!

გოგონამ ბაღის ბოლომდე მიირბინა. კარი მაგრად დაკეტილი დაუხვდა, მაგრამ იმდენი ანჯღრია, რომ დაჟანგული საკეტი მოეხსნა, ძირს დავარდა და კარი გაიღო. ფეხშიშველა გოგონა ისევ გაიქცა. სამჯერ მოიხედა, მდევარი არ ჩანდა, ირბინა, ირბინა და ძალიან დაიღალა. ბოლოს ერთ ლოდზე ჩამოჯდა, გარშემო მიიხედ-მოიხედა. ზაფხული გასულიყო, გვიანი შემოდგომა დამდგარიყო. ეს ჯადოქრის ბაღში სულ არ შეუმჩნევია, რადგან იქ მუდამ მზე იყო და ყოველი დროის ყვავილები ხარობდნენ.

- ღმერთო ჩემო, როგორ დავაგვიანე! – ნაღვლობდა პატარა გერდა. – აკი შემოდგომა დამდგარა კიდეც! რა მომასვენებს! – ადგა და წასვლა დააპირა.

ოჰ, როგორ დაღლილიყო! პატარა ფეხები ასტკენოდა. ციოდა. ჟინჟღლავდა. ველის ბალახი ჩაყვითლებულიყო, ტოტებიდან ნამი წვეთავდა. ფოთლები ცვიოდა, მხოლოდ ასკილს ესხა ნაყოფი და ისიც მწკლარტე. ოჰ, რა კუშტი და ნაღვლიანი იყო მისთვის მთელი ქვეყანა!