ვეფხისტყაოსანი
ამბავი როსტევან არაბთა მეფისა
იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი,
მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი, ყმიანი,
მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი,
თვით მეომარი უებრო, კვლა მოუბარი წყლიანი.სხვა ძე არ ესვა მეფესა, მართ ოდენ მარტოდ ასული,
სოფლისა მნათი მნათობი, მზისაცა დასთა დასული;
მან მისთა მჭვრეტთა წარუღის გული, გონება და სული,
ბრძენი ხამს მისად მაქებრად და ენა ბევრად ასული.* * *
მეფეთა შიგან სიუხვე, ვით ედემს ალვა, რგულია;
უხვსა მორჩილობს ყოველი, იგიცა, ვინ ორგულია;
სმა-ჭამა – დიდად შესარგი, დება რა სავარგულია?
რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია!