ოქროს თავთავი
(ზღაპარი)
VIII
როდესაც მორჩა შრომასა,
საღამო-ჟამი დგებოდა;
მოწმენდილ ცაზე მრავალი
ვარსკვლავთა ჯარი ჩნდებოდა.
მთვარე ჯერ არსად არ იყო,
შორს ნისლი ჩაწვა ღრეებში;
ძნა უფრო დიდი შეჰკრა დღეს
მან, ვიდრე წინა დღეებში.
მოდის მუშაკი, მოაქვს ძნა,
პატარას გული ტკბილად სძგერს.
იმ სოფელშივე მიმავალს
გზაში შემოხვდა დედაბერს.
იმასაც კარგად ბლომა ძნა
ზურგს ჰქონდა მოკიდებული
და ეტყობოდა, რომ ძლივას
ზიდავდა მოხუცებული.
უთხრა: „ძნა შენთვის მძიმეა,
აქ მიბოძევი, დედაო,
მე წამოვიღებ, ორივეს
გადვაბამ ზედი-ზედაო“.
- ღმერთიმც გიშველის! მართლაც რომ
მეტი არ შემიძლიანო;
ახლო ვარ, სახლი რომ მოსჩანს
აიქა ვდგევარ, ღვთიანო.
მთლად მოქანცულმა ბებერმა
მისცა ძნა სიხარულითა,
მთელი გზა ჩუმად ჩიფჩიფით,
ბავშვსა ლოცავდა გულითა.
სადაც სცხოვრობდა ბებერი,
იქ ორნივ მალე მივიდნენ:
ბავშვმა გადასცა მოხუცს ძნა
და გამოსწია შინისკენ.