შიო მღვიმელი

ოქროს თავთავი

(ზღაპარი)

        IV

პატარა ბიჭი ხალისით
შეუდგა მუშაობასა;
შეჰკრა ძნა გამოაშურა
სახლში საღამო-ხნობასა.
ჯერ ადრე იყო, ბინდამდის
კაი დრო-ჟამი რჩებოდა,
შეეძლო პატივი ეცა,
თუ ვინმე შემოჰხვდებოდა.
მაგრამა გზაში არავინ
მიმავალ-მომავალობდა,
მხოლოდ ღობეზედ პაწია
ჩიტი იჯდა და გალობდა.
მოუსვენარმა კენჭს ხელი
დაავლო, გაუბზრიალა:
ჩიტს არა დამართვია-რა, -
ჭყივილით დაიფრთხიალა,
და გადაფრინდა სხვა მხარეს
საბრალო, შეშინებული...


ცელქიც კვლავ გზასა დაადგა,
მოდის შინ გაჩქარებული.
მოვიდა ნარბენ-ნაცელქი,
ღონე-ქანც გამოლეული,
ძნა ჩამოიხსნა სიფრთხილით -
ეგონა ოქროდ ქცეული;
მაგრამ ძნა ისევ ის იყო,
რაც აეკრიფა დილითა, -
და მიწვა ჩვენი მუშაკი
სახითა დაღვრემილითა.