შიო მღვიმელი

ოქროს თავთავი

(ზღაპარი)

I

მზე ახლად ამოსულიყო,
ნიავი ჰქროდა დილისა;
ყველანი წამომდგარიყვნენ,
დრო აღარ იყო ძილისა.
პატარა ბიჭიც ყანაში
წელზედ თოკ-შემოვლებული,
თავ-ჩაღუნული თავთავებს
ჰკრეფავდა გამალებული.
თუმცა მკას მორჩენილიყვნენ,
ყანა შეეკრათ ძნებადა,
მაინც თავ-თავი აქა-იქ
ეყარა ასაკრეფადა.
კარგა ხნის იყო მოსული ჩვენი პატარა მშრომელი;
ჰკრეფდა და ჰკრეფდა თავთავებს
ერთ-თავად დაუცხრომელი,
მაგრამ ჯერ არა ჰქონდა-რა...
მზე გორის პირად წვებოდა,
დღე ღამედ უნდა ცვილილიყო,
ცა ბინდით იბურებოდა.
- უჰ! რამოდენა ვეწვალე,
დადგა კი მუჭი ტელაო, -
ნეტამც კი ოქროს თავთავად
გადააქცია ყველაო!
ეს სთქვა თუ არა, მიწაზე
ხორბალმა გაიბზრიალა,
გადიხსნა, შუა-გულიდამ
გამოძვრა გოგო ცქრიალა!


ყაყაჩოს ტანისამოსი
ტანს ალისფერად ებურა,
გვირილის წამოსასხამზე
რეჰანის ქუდი ეხურა.
პაწია იყო გოგონა,
ცეცხლის თვალებად ქცეული,
მოწყვეტილ ვარსკვლავსა ჰგავდა
ის დასაქცევი, წყეული.
- მე პურის ანგელოზი ვარ. -
უთხრა ბავშვს მხიარულადა:
რასაცა ჰფიქრობ, ყველა ის
აგიცხადდება სრულადა,
თუ საღამომდის იქნები
კეთილი, ალერსიანი,
გულში შურ-შეუშვებელი,
წყნარი და თავაზიანი.
უფრთხილდი, ცუდმა ფიქრებმა
თავში არ გაგირბინოსო,
არც ავმა საქმემ დაგძლიოს,
არც სხვა რამ შეგაცდინოსო.

ეს სთქვა და გაჰქრა უეცრად
თითქოს შესხმოდეს ფრთებია;
ბავშვი გაოცდა, მადლობის
თქმა არც-კი გაჰხსენებია.
- მართლა რო ოქროს თავთავად
გადიქცეს ჩემი ყანაო,
რა ბედნიერი ვიქნები
ყველგან და ყველასთანაო?!