XXVI
„სასჯელი დაუგვიანა
იმ ღვთის მგმობელმა თათარმა,
მინამ მოაკვლევინებდა,
სცემა, ჰგვემა და აწამა;
აწამა, ვით სვავმა მტრედი,
მეფე იგი საკვირველი
და ვერ გაძღა მის წვალებით
ის უღვთო და სისხლისმსმელი.
ერთხელ მეფე, ნაწამები
ძლიერად და ულმობელად,
ბნელში ეგდო ძალმიხდილი,
უპატრონოდ, უზრუნველად.
როცა ღონეზედ მოვიდა,
ადგა, მუხლი მოიყარა,
პირქვე დაემხო ლოცვითა
და ცრემლები გადმოჰყარა.
მოსთქვამდა თუ: - „ღმერთო, ღმერთო!
გთხოვ, მიწყალო, შემიბრალო,
რაც გადამხდა, განკითხვის დღეს
მადლად მე არ ჩამითვალო.
მე არა გთხოვ, - მანდ წამება
აქ წამებით შემიმცირო,
მე გთხოვ, - სისხლი, აქ დაღვრილი,
ჩემი სხვისთვის შეიწირო.
ღმერთო, ღმერთო!.. თვალწინ მიდგა
დიდტანჯული მე ძე შენი...
ვით ძით ყველა, ისეც ჩემით
ერი ჩემი დაიხსენი“.
XXVII
„უეცრად კარი გაიღო,
რკინით, კლიტით დაჭედილი;
ორი ვიღაც შემოვიდა
ფეხაკრეფით, როგორც ჩრდილი.
მივიდნენ და თაყვანი სცეს
მეფესა გაოცებულსა...
მერე იცნა, მისნი იყვნენ,
და ჩაიკრა ორივ გულსა.
მოახსენეს: - „შევისყიდეთ
და გავტეხეთ ქრთამით კარი...
ყველა მზაა!... თავს უშველე,
აწ შენი ხსნა შენს ხელთ არი.
ნუღარ იცდი... თუ არ ეხლავ,
მერე გვიანღა იქნება:
ხვალ თავს გჭრიან, - ასეაო
ყეენისა თურმე ნება“.
უბძანა თუ: - „ადრეც მითქვამს,
არ გადვირჩენ სხვისით თავსა,
ჩემ მაგიერ არ დავღუპავ
ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხსა.
ჩემს გაქცევას ხომ ზედ მოჰყვა
ხალხის სვრა და ქვეყნის რბევა!
არა, არ ვიქ!.. ტყუილია
თათბირი და ყველა რჩევა!“
ბევრს ევედრნენ და არ გაჰყვა
მეფე თავის ერთგულ ყმათა...
ნეტა რა გულმა გაუძლო
მათს ხვეწნას და მუდარათა!
XXVIII
„გათენდა დღე ზართამხდელი,
ვაი იმა დღის დამსწრესა!
ტყვე მეფე გამოიყვანეს
მოედანსა თავთ-საკვეთსა.
ხალხი, თამაშად მოსული,
ვით ჯინჭველა ირეოდა,
თვით ვეზირიც ყეენისა
იქ იყო და რიგს აწყობდა.
ვეზირს გვერდთ ედგა ჯალათი
ერთი რაღაც საზარელი,
იღლიამდინ დაემკლავა
ძარღვიანი ტლანქი ხელი.
ამ ორ-შუა ჩააყენეს
ფერმიხდილი წვალებითა...
დადგა მეფე... ღმერთს შეხედა
ნაღვლით სავსე თვალებითა.
მერე თვალი იმავ ნაღვლით
მოედანს შემოატარა...
ის ყოფა და ის ჯალათი
სანახავად შეეზარა...
შეჰკრთა როგორც ხორციელი,
უმისოდაც ქანცწყვეტილი,
დასუსტდა და წაბარბაცდა,
როგორც ერთი დაბნედილი.
მაგრამ ისევ თავს უშველა,
არ დაუთმო ხორცსა სული...
ამ დროს ტირილიც მოესმა,
ქვითინი გამწარებული...
გაოცდა და მიიხედა,
ჰნახა თვისნი დიდებულნი!..
სულ მთლად იქ მოგროვილიყვნენ,
ვინც კი იყვნენ თან ხლებულნი.
მღვდელმთავარიც მათთან იყო,
თავთ იცემდნენ, პირს იხოკდნენ,
მათის ცოდვით და ვაებით
ქვებიც კი ატირდებოდნენ.
თავისიანთ დანახვაზედ
მოაგონდა ყველაფერი:
სახლი, კარი, თვისი, ტომი,
ქვეყანა და თავის ერი...
ეჰა, გატყდა რკინის გული,
მეფე მაგითი იძლია!
ამას კი ვეღარ გაუძლო,
აქ კი ხორცმა სულსა სძლია!...
მობრუნდა და ორსავ თვალზედ
კვნესით ხელი მიიფარა...
ვეზირს უთხრა: - „დამიხსენი!..
რაც გადამხდა, ისიც კმარა!..“
სთქვა და თქმული თვით შეჰზარდა...
სახელი არ წაიხდინა...
- „ჰა, ჯალათო!“ – დაიძახა
და კისერი გაიწვდინა.
მანც აიღო ხელთ ნაჯახი,
ერთს წამს კისერს დაუსწორა,
დასცა და ერთის დაკვრითა
თავი ტანსა მოაშორა“.
1860-1878წწ.