დავით გურამიშვილი

დავითიანი

ა. ქართველთ უფალთა მეგვარტომობის ამბავი

(შემოკლებით)

უწვრთელი ძაღლი მიხვდების გარეთ სიცივით თრთოლასა,
საჭმლითაც არვინ განაძღებს, პილწად დაიწყებს წრწოლასა:
გასწავლებული პატივით შტაქუნზე შეიქს წოლასა,
სჯობს ყოლა უწვრთის ძაღლისა, უწვრთელის შვილის ყოლასა.

ძაღლი უწვრთელი პატრონსა ასეთს რას დაუშავებსა,
რომ შვილი ბრიყვი, უცები, დედმამას განათავებსა?
უცოდინრობით ასეთსა საქმეებსა იქს ავებსა,
გვარსა და ნათესავებსა სირცხვილი სჭრიდეს თავებსა.

პატრონსა ძაღლი უწვრთელი მეტს ვერას ჰკადრებს წყენასა:
ან პურს მოსტაცებს, ან ხორცსა, ან წყალს ამოჰკრავს ენასა;
მშობელთა შვილი უწვრთელი აროდეს მისცემს ლხენასა,
სულთა წარწყმენდას და ხორცთა მიუთხრობს მით შერცხვენასა.

უსწავლელი ძაღლი კარში ყეფს და გარეშამოს ჰფარავს;
ნადირს აფთხობს, ქურდს აშინებს, ძნელად რასმე მას მოპარავს;
ბრიყვი კაცი წამოწვების, ღამით კარსაც არ მისჯარავს!
თვით იქნების გასაკმარი, ვინც ამ სწავლას გამიკმარავს.

ყრმა სწავლაში მომშვიდდების, რკინა ცეცხლში გარბილდების,
უსწავლელი ვაჟიკაცი სიბერის დროს გაწბილდების;
რიკ-ფაინის დრო გარდუა, ვეღარ გაჰკრავს, ჩაჰბილდების,
სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების!