გიორგი ლეონიძე

თბილისს

შენი ეშხი უხილავი
ვის და რომელს არ ახსოვდეს?
მომღერალი სულ იყავი,
მომტირალი - არასოდეს!

ვინ, ვინ იტყვის შენს დიდ გარჯას,
რომ თან გული არ დასწოდეს?
შენ იცნობდი მრავალ ტანჯვას,
მაგრამ სირცხვილს - არასოდეს!

თუ წინაპართ ბაირაღი
გაცვდა, მცნება არ გავწიროთ,
საქართველოს ზეცის თაღი -
არ ყოფილა უარწივოდ!..

იჯდა მტვერში ათას წყლულით,
თითქოს ბედი დარაზოდეს,
ასეჯერ იყო აკუწული,
გასრესილი - არასოდეს!

ცეცხლის სულით, კაჟის გულით,
არ უკრთოდა ქარაშოტებს,
ბევრჯერ იყო გულმოკლული,
მაგრამ მკვდარი - არასოდეს!

ბევრი ტყვია გვისროლია,
მამულის კარს ვკეტდით მკერდით,
დე, იცოდეს ისტორიამ,
საამაყო გვქონდა ბედი!

ჩვენ მტარვალმა ვეღარ გვთელოს,
რაგინდ ბადეს არა ჰქსოვდეს,
დაჩოქილი საქართველო
 არ იქნება არასოდეს!..