ჯანსუღ ჩარკვიანი

მოფრთხილება უნდა

საქართველოს ტყეს,
ხოხობსა და მწყერს,
საქართველოს ველს,
ირემსა და შველს -
ყოველდღე და მუდამ
მოფრთხილება უნდა.
სანამ კიდევ რიხით
დაბრძანდება ჯიხვი,
სანამ კიდევ დარჩა
დურაჯი და არჩვი,
სანამ ერთი-ორი
დაგოგმანებს გნოლი,
სანამ მწვანე არის
ჩვენი ხე და მოლი -
დედა საქართველოს,
ტყეს, მთასა და მდელოს,
ყოველდღე და მუდამ
მოფრთხილება უნდა.