მთხოვარი
გზის პირას იდგა მთხოვარი,
სად ხალხი მიმოდიოდა,
გამვლელ და გამომვლელთანა
უძლურებაზე ჩიოდა:- დამიგდო ავადმყოფობამ,
უკურნებელმა ძნელადა,
საქმე გამიხდა სათხოვრად,
კარისკარ დასავლელადა. -მგზავრს შეებრალა გლახაკი,
აჩვილდა გრძნობა-გულითა;
ადგა, გაიღო წყალობა,
უკანასკნელი ფულითა.- იქნებ შენ უფრო გიჭირდეს, -
ჰკითხა მთხოვარმა, - ძამია?
ვინ იცის, ნამგზავრს, დაღლილსა
ლუკმაც არ შეგიჭამია!- აიღე, კიდევ ვიშოვნი,
ქვეყნიერება დიდია,
ჯანსაღი უძლურისთვის
მუდამ კიბე და ხიდია. -უთხრა და სამუშაოზე
მიმართა იქვე სოფელსა;
გლახა კი გულით მადლობდა
მგზავრსა და მგზავრის მშობელსა.1897