გივი ჭიჭინაძე

სად არიან წელიწადის დრონი

მზე მიწაზე ჩამოსახლდა,
ზაფხულია ბარში ახლა.
- სად გაიქცა გაზაფხული?
- გაზაფხული მთაში გახლავთ.
იქ ღრუბლებთან დასეირნობს,
ცაში დაჰქრის ფრთიან რაშით.
- შემოდგომა სადღა არის?
- იმალება ჭურ-მარანში. -
ზამთარი კი, პატარებო,
მოქცეულა ძალზე ფრთხილად;
ამდგარა და სიცხის შიშით
მაცივარში ჩაკეტილა.