მონადირე
ნადირობის ტრფიალი ვარ,
ტყეში წასვლას ვაპირებ,
ამ საღამოს შაშვებსა და
შვლის ნუკრს მოვინადირებ.
არ დავინდობ ხოხობსა და
არ გავუშვებ ფარშევანგს,
სურვილს თუ არ ავისრულებ,
ისე ტყეში რად შევალ?
იქნებ მითხრათ, ეს რა გვესმის,
ან რა ლაპარაკია?! -
გთხოვთ, ნუ ღელავთ,
ჩემი თოფი,
ფოტოაპარატია!