მურმან ლებანიძე

მეშინია!

ეს სოფლები: ეს ლიქოკი, ეს არხოტი,
ცარიელა ეს პარტახი საიგავო,
მეშინია, ეს სამოთხე, ეს წალკოტი
სხვა არავინ მოვიდეს და დაიკავოს!

შქმერს სათიბზე არ დავობენ მეზობლები,
ძაღლი არ ყეფს, ძაღლი არ ყეფს ბარისახოს!
ვაითუ ვისმე მოეწონოს ეს სოფლები,
ვაითუ ვინმე მოვიდეს და დაესახლოს!

ეს სხიერი, ეს ლიქოკი, ეს არხოტი
არ ჩააქრო, არ ჩააქრო! - გაფიცებდი.
არ წააგო, არ წააგო ეს წალკოტი! –
დაიხსომე, ასი წლის წინ გეძახოდი,
დაიხსომე, განჯღრევდი და გაღვიძებდი!