იოსებ ნონეშვილი

გვიყვარს, როგორ არ გვიყვარდეს

რომ შესძლებოდა, დუშმანი
ძირფესვიანად მოგვთხრიდა,
მაგრამ მტერს მტრულად ხვდებოდა
იბერია და კოლხიდა.

არც მეფე თამარს, არც დავითს
არ ჩაუგიათ მახვილი,
ხმალამოწვდილი მისდევდნენ
მომხდურს „ჰკა მაგას“ ძახილით.

სიკვდილი ჰქროდა ველებზე,
ნასახლარს ხავსი ჰფარავდა,
პატარა კახი ერეკლეც
ბრძოლებში გაჭაღარავდა.

მაგრამ ჩვენც საქმედ ვაქციეთ
ერთობის ბრძნული იგავი:
ერთად რომ ამოვისუნთქოთ,
ამოვარდება გრიგალი.

მტერს, შინაურს თუ გარეულს,
ჩვენც ვაჟკაცურად დავკარით
და ჩვენს გულზეც და დროშაზეც
გაბრწყინდა შუქურვარსკვლავი.

მარჯვნივ შავი ზღვა ლივლივებს,
მარცხნივ ამაყი მთებია,
ზღვა და ხმელეთი სიტურფით
ერთმანეთს შესჯიბრებიან.

გვიყვარს... როგორ არ გვიყვარდეს
ქვეყანა ხმელეთ-ზურმუხტი,
მზიანი
             ბარაქიანი
სტუმართმოყვარე,
             გულუხვი;

სამშობლო ამირანისა,
ედემის ბაღად ქებული,
მონობას, სხვისგან დაჩაგვრას
არასდროს შერიგებული.

გვიყვარს... როგორ არ უნდა გვიყვარდეს
ჩვენი ლამაზი მთა-ბარი,
დედების ცრემლით ნაკურთხი,
მამების სისხლით ნაბანი.

საგულეს გული ჩაგვიდგა,
თვალში აგვინთო სინათლე...
მაშ, საქართველოს სურათზე
ნამუსის სანთლად ვბრწყინავდეთ.

არ გვეყვარება, არც გვიყვარს,
არ გვდომებია, არც გვინდა
ჩვენს დედა საქართველოზე
სხვა საყვარელი, სხვა წმინდა.

ჩვენი ხმა, ჩვენი გუგუნი
დაე, ისმოდეს ყველგანა,
არა თქვან, რომ საქართველო
არის პატარა ქვეყანა!

1942