გალაკტიონ ტაბიძე

მრავალჟამიერ გუგუნებდეს ხმა!

მრავალჟამიერ
გუგუნბდეს ხმა
„მუმლი მუხასა“
და „ლილეოსი“.
ეს გმირთა ჩვენთა
არის სიმღერა, -
ეს სიმღერაა
საქართველოსი!

მოაპობს მკერდით
ზღვას მეზღვაური,
გესმის არაგვის
ხმა საცნაური?
გესმის თეგის და
მტკვარის ხმაური? -
ეს სიმღერაა საქართველოსი!

მოარღვევს რისხვა
აწყვეტის ავის,
რომ არ უდრკება
ქვეყნად არავის,
გესმის გრიალი
მთებიდან ზვავის? -
ეს სიმღერაა
საქართველოსი!

თავისუფლების -
მოყვარე ერებს,
ვით ზღვა, ვერარა
ვერ შეაჩერებს.
მთა რომ იმღერებს,
ტყე რომ იმღერებს -
ეს სიმღერაა
საქართველოსი!

აქ გამარჯვების
დროშად სწერია:
სამშობლო ჩვენთვის
ყველაფერია!
თუ რამ სიმღერა
გულს უმღერია, -
ეს სიმღერაა
საქართველოსი!

გმირებით სავსე
სამშობლო მხარევ,
დღეს გამარჯვების
გულით მღელვარევ,
იდიდე, ამ ხმას
სხვაში ვერ გარევ:
ეს სიმღერაა
საქართველოსი!

1945