პოეტი
ხან უგნური ვარ, ხან ბრძენი,
ხან არც ისა ვარ, არც ისა!
გარემოების საყვირი,
არც მიწისა ვარ, არც ცისა.ნუ მკითხავ, მნახო უგნურად,
ნურც გაიკვირვებ ბრძნობასა:
სულ სხვა ჰყავს ხელისუფალი
ამ ჩემს გონება-გრძნობასა.ეს გული, სარკედ ქცეული,
ბუნების ნათქვხედია,
მხოლოდ მის სახეს გიჩვენებთ,
რასაც შიგ ჩაუხედია;ენაც მას ამბობს, რაც სმენას
სხვისაგან გაუგონია,
ან თვალს უნახავს და ჭკუას
გაუზომ-აუწონია!თქვენ რომ გგონიათ, ის არ ვარ,
სხვებს რომ ჰგონიათ, არც ისა!
შუაკაცი ვარ უბრალო,
ხან მიწისა ვარ, ხან ცისა.
1886