პაოლო იაშვილი დაიბადა 1892 წლის 29 ივნისს საჩხერის რაიონის სოფელ არგვეთში.
პოეტის მამა ჯიბრო (ჯიბრაელ) იაშვილი შეძლებული აზნაური იყო. საქართველოში მას კარგად იცნობდნენ, როგორც განსწავლულ პროვიზორს (ფარმაცევტს) რევოლუციამდე საკუდარი აფთიაქიც ჰქონია. მის ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ გამოჩენილი ადამიანები, საზოგადო მოღვაწეები. თავად პაოლო მამამისს „ლირიკულ აფთიაქარსაც“ უწოდებდა. მისი უაღრესად პოეტური ბუნების გამო, მამას პოეტმა ლექსიც მიუძღვნა - „აფთიაქარი“.
პაოლოს დედა - ბაბილინა მდივანი ღრმად მორწმუნე, სათნო და სტუმართმოყვარე ქალი ყოფილა.
იაშვილების ოჯახს პაოლოს გარდა კიდევ ხუთი შვილი ჰყავდა - ოთხი ვაჟი და ერთი ქალი, ოჯახის წევრთა უმრავლესობას ტრაგიკული ბედი ერგო: ერთი ძმა 1924 წელს დახვრიტეს, შორაპანში. მეორე - 1940 წელს გადაასახლეს...
1900 წელს პაოლო იაშვილი ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის მოსამზადებელ ჯგუფში შევიდა, აქვე სწავლობდნენ ვალერიან გაფრინდაშვილი, ტიციან ტაბიძე... პაოლოსდროინდელი ქუთაისის კლასიკური გიმნაზია ეროვნული მოძრაობის მძლავრი კერა იყო. მოსწავლეები აქტიურად გამოდიოდნენ ეროვნული უფლებების, ქართული ენის დასაცავად. ამის გამო, ისინი ხელისუფლებისა და გიმნაზიის ხელმძღვანელობის მხრიდან მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ.
ასეთ პირობებში ცხოვრებამ, ბუნებრივია, კეთილისმყოფელი გავლენა მოახდინა პოეტის სულიერი სამყაროს, ეროვნული თვითშეგნების ფორმირებაზე.
1911 წლიდან პ. იაშვილმა სწავლა ანაპაში, ვოზნესენსკისა და შეპეტოვის კერძო გიმნაზიაში განაგრძო, 1913 წელს გამოიცა ჟურნალი „ოქროს ვერძის“ პირველი ნომერი. (ამავე სახელწოდების ჟურნალს სცემდნენ მოსკოველი სიმბოლისტები). ჟურნალის გამოცემა იმავე წელს შეწყდა.
მალე პაოლო იაშვილი პარიზში გაემგზავრა და ხელოვნების ინსტიტუტის მსმენელი გახდა. აქ კიდევ უფრო გაღრმავდა მისი დაინტერესება სიმბოლისტური პოეზიით. საფრანგეთში პოეტს საშუალება მიეცა, ღრმად გაცნობოდა ფრანგი სიმბოლისტების შემოქმედებას.
1915 წელს პოეტი სამშობლოში დაბრუნდა. ქუთაისში დაიდო ბინა და აქტიურად ჩაერთო ჩვენი ქვეყნის ლიტერატურულ ცხოვრებაში.
1916 წელს ქუთაისში გამოვიდა ჟურნალი „ცისფერი ყანწები“, რომელიც იხსნებოდა პაოლოს პირველთქმით. ეს მანიფესტი ქართველ სიმბოლისტთა საპროგრამო დოკუმენტადაა მიჩნეული, 1920 წლის 20 მაისს პაოლო იაშვილის ინიციატივით დაარსდა ლიტერატურული გაზეთი: „პოეზიის დღე“.
1917 წელს შეიქმნა საქართველოს მწერალთა კავშირი და პაოლო იაშვილი ამ ორგანიზაციის წევრი გახდა. ლიტერატურული მისწრაფებანი მან ჯერ კიდევ ქუთაისის გიმნაზიაში სწავლის პერიოდში გამოავლინა, წერდა ქართულ და რუსულ ლექსებს.
პაოლო იაშვილი, ისევე როგორც ბევრი სხვა დიდი შემოქმედი, უმძიმესი წინააღმდეგობების წინაშე აღმოჩნდა საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ „ცისფერყანწელებს“ და თავად პაოლოს რამდენადმე ლოიალური დამოკიდებულება ჰქონდათ საბჭოთა ხელისუფლების მიმართ, უფსკრული მათ შორის დღითიდღე ღრმავდებოდა. ზოგიერთი ცნობით, პაოლო იაშვილი თითქოსდა აღტაცებით შეხვდა 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს გასაბჭოების დღეს, მაგრამ ქართული ჯარის გენერლის - გიორგი მაზნიაშვილის მოგონებებში აღნიშნჟლია, რომ პაოლოსა და მისი მეგობრების როლი 25 თებერვლის ამბებში აღელვებული ხალხის დამშვიდებით და თბილისში წესრიგის დამყარებით შემოიფარგლებოდა.
გენერალი გიორგი მაზნიაშვილი იგონებს, რომ ვინაიდან პოეტები დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ ქალაქში, მას თავად მიუცია მათთვის დავალება, როგორმე დაეშოშმინებინათ აღელვებული ხალხი, მისულიყვნენ ბოლშევიკთა ხელისუფლების წამომადგენლებთან და ეთქვათ, რომ საქართველოს ჯარმა და მთავრობამ დატოვა თბილისი და ეთხოვათ ზომების მიღება, რათა არეულობით არ ესარგებლათ ცალკეულ ჯგუფებს და არ დაეწყოთ ხალხის ძარცვა, წლების მანძილზე, ეს ფაქტი მიჩქმალული იყო და 1921 წლის 25 თებერვალი ლაქად აჩნდა „ცისფერყანწელთა“ ბიოგრაფიას. (ამის შესახებ იხ. თამარ წულუკიძის მოგონებები, ჟურნალი „დროშა“, 1973 წ.).
თუმცა, უნდა ითქვას, რომ ხელისუფლება პ. იაშვილს ერთხანს „მოწყალე თვალით“ უყურებდა. 1927 წელს იგი აირჩიეს საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრობის კანდიდატად და თბილისის საბჭოს წევრად. 1934 წელს ამიერკავკასიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრად. 1934 წლამდე მივლინებული იყო მოსკოვში, მწერალთა საკავშირო ყრილობაზე. მთავრობამ შრომის წითელი დროშის ორდენითაც დააჯილდოვა პოეტი, მაგრამ პარალელურად ძლიერდებოდა ხელისუფალთა ზეწოლა შემოქმედებითი ინტელიგენციის, განსაკუთრებით კი მწერლობის წარმომადგენლებზე. იმ ბრალდებებსა და ეპითეტებს, „ხალხის მტერი“, „ჯაშუში“, „ნაციონალისტი“, „რევანშისტი“, რომლითაც ხელისუფალნი ამკობდნენ მათთვის მიუღებელ პიროვნებებს, ვერც პაოლო და მისი მეგობრები ასცდნენ. მათ გაუხსენეს სიმბოლისტური წარსული და ბრალი დასდეს „ხალხის ინტერესებისადმი გულგრილობაში, უიმედობაში, ცხოვრებისგან მოწყვეტაში“ საავდრო ღრუბლები პაოლოს თავზეც იკრიბებოდა... „პირველი ყველაზე დიდი მსხვერპლი, რომელიც 1937 წლის რეპრესიებმა შეიწირეს, ქართველ მწერალთაგან, იყო პაოლო იაშვილი“ (ა, ნჯლლაიშვილი).
„მხოლოდ ინდივიდუალიზმი და კამერულობა“ - ასე შეაფასეს ბოლშევიკური იდეოლოგიის მესვეურებმა პოეტის მიერ 1932 წელს შექმნილი საუკეთესო ლექსები: „მაგიდა - ჩემი პარნასი“, „როგორც აფრის ტკაცუნი“ და სხვ. ამგვარმა უსამართლო კრიტიკამ და ზოგადად შექმნილმა უმძიმესმა სიტუაციამ საშინლად იმოქმედა პოეტზე... თანამედროვეთა გადმოცემით, ბოლო ხანებში იგი განმარტოვდა, გულჩახვეული გახდა. თავის განუყრელ მეგობარს - ტიციან ტაბიძესაც კი იშვიათად ხვდებოდა,
... და ეს ყველაფერი 1937 წელს ტრაგიკულად დასრულდა: პაოლო იაშვილმა მწერალთა კავშირის შენობაში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, დაკრძალეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
გამოყენებული ლიტერატურა:
„ქართველ მწერალთა ბიოგრაფიები“
ლიტერა, 2004