დავით გურამიშვილი

(1705-1792)

სამხრეთ საქართველოში დიდი ადგილ-მამულები ეპყრა სახელგანთქმულ გვარს თავად ზედგინიძეებისას. მაგრამ დადგა ავბედითი ჟამი, იმძლავრეს თურქებმა, ზედგინიძეები მეტად შეავიწროვეს და ისინიც იძულებულნი გახდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მიმოფენილიყვნენ. ერთ-ერთი მათგანი – გურამ ზედგინიძე – ქართლში გადასახლდა და სათავე დაუდო ახალ გვარს – გურამიშვილებისას, ფიქრობენ, რომ სოფელ „საგურამოს“ სახელიც სწორედ მას უკავშირდება. ამ გურამიშვილების გვარში რამოდენიმე ასწლეულის შემდეგ დაიბადა დიდებული პოეტი დავით გურამიშვილი.

ძველებური ტრადიციის მიხედვით, პატარა დავითი გლეხის ოჯახისათვის მიუბარებიათ აღსაზრდელად, სადაც მან შრომისა და სოფლის საქმეების გარდა კარგად გაიცნო და შეითვისა ქართული ხალხური შემოქმედება. დავითმა იცოდა ბევრი ლექსი, ზღაპარი, გადმოცემა.

იმ დროისათვის საქართველო ძალიან მძიმე ვითარებაში იყო. საქართველოში სპარსელები თარეშობდნენ. ქართველმა მეფეებმა საკუთარი ძალით მტრის განდევნის იმედი რომ დაკარგეს, მშველელის ძიება ევროპაში დაიწყეს. ვახტანგ მეექვსემ ელჩები გაგზავნა საფრანგეთში, რუსეთში. ამით გაბოროტებული სპარსელები თავს ესხმოდნენ ისედაც დაუძლურებულ ქვეყანას და აწიოკებდნენ, ამასთანავე, ისინი აქეზებდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებ ტომებს და ისინიც შემოიჭრებოდნენ ხოლმე ქართულ სოფლებში, იტაცებდნენ პირუტყვსა და ადამიანებს. გატაცებულ ქართველებს ისინი ტყვეებად ჰყიდდნენ ან საქონელში ცვლიდნენ.

ერთ დღეს, როცა დავითი მდინარე ქსნის ჭალაში მუშა-ხელს ელოდა, რათა მკა დაეწყოთ, წყაროზე გასულა სრულიად მარტო, იარაღი იქვე ხესთან მიუყუდებია. ამ დროს ბუჩქებში ჩასაფრებულიყო თხუთმეტკაციანი ლეკთა რაზმი. ლეკები გამოცვივდნენ, მისცვივდნენ უიარაღო დავითს, შეკოჭეს და ტყვედ წაიყვანეს. დიდხანს დაჰყო მათ ტყვეობაში დავითმა, ერთხელ შეეცადა გაქცეულიყო, მაგრამ დაიჭირეს და ორმოში ჩააგდეს. მაგრამ დავითმა გაქცევა მეორედაც მოახერხა და ამჯერად უკვე თავი დააღწია ტყვეობას. საქართველოში დაბრუნებაზე ოცნებაც არ შეიძლებოდა, ამიტომ დავითმა გეზი ჩრდილოეთისაკენ აიღო. მან ბევრი იარა და თორმეტი დღის შემდეგ დაღლილ-დაქანცული და მშიერი უკვე რუსეთის საზღვარზე გადავიდა. სამშვიდობოზე გასული დავითი მოსკოვისაკენ გაემართა, სადაც იმხანად ცხოვრობდნენ ვახტანგ მეექვსე და მისი თანმხლები ქართველები. დავითი მოსკოვში საკუთარ ბიძას და სხვა ნათესავებსაც შეხვდა.

ქართველებმა დავითი დიდი პატივით მიიღეს. რამოდემინე ხანი ქართველები რუსეთის ხელმწიფის კარზე დიდ პატივში ცხოვრობდნენ, მაგრამ შემდეგ დროება შეიცვალა, რუსეთს პრობლემები შეექმნა სხვადასხვა ქვეყნებთან და საქართველოსათვის აღარ ეცალა. ამიტომ რუსეთში მყოფი ქართველებიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ამას დაემატა ვახტანგ მეფის გარდაცვალებაც. რუსეთმა იქ მყოფ ქართველებს შესთავაზა: ან თქვენს სამშობლოში დაბრუნდით ან რუსეთის მეფის მორჩილება აღიარეთო. დავითი დაფიქრდა, საქართველოში ძალიან ცუდი ვითარება იყო, რომ დაბრუნებულიყო, აქ ბაგრატიონთა სხვა შტო მეფობდა, რომელიც ვახტანგის ერთგულ დავითს გულმოწყალებით არ დახვდებოდა. ბევრი ფიქრის შემდეგ დავითმა გადაწყვიტა მიეღო რუსების შემოთავაზება. მას ადგილ-მამულები ერგო უკრაინაში.

რუსეთის მეფის სამსახურში ჩამდგარმა ქართველებმა ქართველ ჰუსართა რაზმი შექმნეს, რომელიც რუსეთის საბრძოლო მოქმედებებში იღებდა მონაწილეობას. ამ დროს რუსეთსა და თურქეთს შორის ომი ატყდა და ქართველთა ეს რაზმიც ბრძოლებში ჩაება. მალე ქართველთა რაზმი ჩრდილოეთში გადაისროლეს შვედებთან საბრძოლველად. ერთ-ერთი ბრძოლის დროს დავითის ცხენი წაფორთხილდა და მხედარი გადმოაგდო, დავითი მძიმედ დაშავდა. თითქმის უგონო მდგომარეობაში მყოფი დავითი ტყვედ ჩაიგდეს, იგი შვიდი წელი იყო გამოკეტილი ციხეში და მხოლოდ რუსეთსა და პრუსიას შორის ზავის დადების შემდეგ ტყვეების გაცვლის დროს გაათავისუფლეს. დავითი გმირული ბრძოლისა და თავდადებისათვის პორუჩიკის ჩინით დააჯილდოვეს.

დავითი უკრაინაში დაბრუნდა. მას თავისი ადგილ-მამულები გაჩანაგებული დახვდა. მიუხედავად იმისა, რომ ტყვეობიდან დაბრუნებული დავითი ძალიან დაუძლურებული იყო, ძალა მაინც მოიკრიბა და ფეხზე დააყენა თავისი მეურნეობა. მან უკრაინელ გლეხებს შეუქმნა სარწყავი სისტემა და შეეცადა ქართული ტიპის წყლის წისქვილები დაენერგა.

მაშინ ბევრმა ქართველმა არც კი იცოდა, რომ საქართველოს ჰყავდა მასზე მოფიქრალი, მის ბედზე მზრუნავი და გულშემატკივარი დიდებული პოეტი. ამის შესახებ ქართველებმა მაშინ შეიტყვეს, როცა უკრაინაში ერეკლე მეორის ელჩიონი ჩავიდა მისი ვაჟის – მირიან ბატონიშვილის მეთაურობით. სწორედ მათ წარუდგა კრძალვით ერთი მოხუცებული კაცი და სასოებით გადასცა თავისი „ერთადერთი პირმშო“, როგორც უწოდებდა დავითი თავისი ლექსების კრებულს „დავითიანს“. ასე გაიკვლია „დავითიანმა“ გზა მშობლიური ქვეყნისაკენ.

დავით გურამიშვილს ვერ აუსრულდა ოცნება სამშობლოში დაბრუნებისა. იგი უკრაინაში გარდაიცვალა, დაკრძალეს იქვე, ქალაქ მირგოროდის ღვთისმშობლის ტაძარში.

„დავითიანს“ „ვეფხისტყაოსნსაც“ კი უტოლებენ. აქ პოეტის თავგადასავალთან ერთად გადმოცემულია საქართველოს ბედუკუღმართობა, ავტორი მიანიშნებს ამ უბედურების გამომწვევ მიზეზებზეც და ქართველებისაგან დაფიქრებას ითხოვს. აქ ვკითხულობთ შესხმას უფლისა და ღვთისმშობლის მიმართ, არაჩვეულებრივი, შთამბეჭდავი ენითაა აღწერილი იესო ქრისტეს შეპყრობა, ჯვარცმა, მისი დატირება ღვთისმშობლის მიერ. „დავითიანში“ შესული სხვადასხვა ლექსებში ასევე აირეკლება უკრაინული ტრადიციების, ხალხური შემოქმედების გავლენა.