წმინდა იოანე-თორნიკე მთაწმინდელი (ერისთავი)

წმინდა თორნიკე ერისთავი ქართლის სპასალარი* იყო. მამაცი და ბრძოლაში წარმატებული რაინდი მეფეს ძალიან უყვარდა, მაგრამ თორნიკემ მონაზვნობა ირჩია და ათონის მთაზე* დამკვიდრდა.

იმ ხანებში საბერძნეთის მცირეწლოვან მეფეებს სარდალი ბარდას სკლიაროსი აუჯანყდათ. ბერძენთა დედოფალმა დახმარება ათონზე მოღვაწე იოანე-თორნიკე ბერს თხოვა. თავიდან ბერი უარობდა საერო საქმეებში ჩარევას, რადგან უკვე განდგომოდა ამქვეყნიურ ცხოვრებას და თავი ღმერთისათვის მიეძღვნა, მაგრამ ხანგრძლივი მუდარის შემდეგ დათანხმდა, წამოვიდა საქართველოში და საქართველოს მეფეს დავით კურაპალატს დედოფლის ვედრების წერილი გადასცა. მეფემ დედოფალს დამხმარე ჯარი გაუგზავნა, რომელსაც სათავეში თვითონ თორნიკე ჩაუყენა. წმინდა მამა დიდ უარზე დადგა, მაგრამ რადგან არ მოეშვნენ და სულიერმა მოძღვარმაც ასე აკურთხა, მეფის ნებას დაჰყვა. ღვთის შეწევნითა და თორნიკეს გონივრული სარდლობის წყალობით აჯანყებულები სასტიკად დამარცხდნენ. მადლიერმა დედოფალმა თორნიკეს დიდძალი სიმდიდრე უბოძა, რომელიც წმინდა მამამ ათონზე წაიღო და იქ მოღვაწე ქართველმა ბერებმა საკუთარი მონასტერი – „ივერონი“ ააშენეს, რომელიც საუკუნეების მანძილზე ქართული სულიერებისა და კულტურის უდიდესი კერა იყო. სწორედ იქ ბრძანდება მსოფლიოში ცნობილი ხატი, რომელიც „ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის“ სახელითაა ცნობილი და რომელიც ბერების გადმოცემით ბოლო ჟამს საქართველოში ჩამობრძანდება. სამწუხაროდ, ბედის უკუღმართობის გამო, დღეს „ივერონი“ ბერძნებსა აქვთ მითვისებული.