ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა

ვახტანგი გოლიათს ამარცხებს

ოსებმა და ხარაზებმაც ურიცხვი ლაშქარი შეკრიბეს. ისინი მდინარე თერგის გაღმა დაბანაკდნენ. შვიდ დღეს ასე იდგნენ. მერვე დღეს ბანაკს გამოეყო ხაზარი გოლიათი, რომელსაც სახეხლად თარხანი ერქვა. წინ გამოსულმა დაიძახა:

- ვახტანგის ლაშქარს ვეუბნევი: ვინც თქვენს შორის უძლიერესია, დაე, შემებრძოლოს!

ვახტანგს ჰყავდა ერთი სპარსელი გოლიათი, რომელსაც სახელად ფარსმან-ფარუხი ერქვა. იგი ისე ღონიერი იყო, რომ გამძვინვარებულ ლომებს ხელით იჭერდა ხოლმე. თარხანის დაძახილზე სწორედ ის გავიდა. გოლიათები ერთმანეთს შეებრძოლნენ. თარხანმა ფარსმან-ფარუხს ხმალი დაჰკრა და მუზარადიანი თავი ბეჭებამდე გაუპო. ვახტანგი ძლიერ შეწუხდა, რადგან ფარსმან-ფარუხი ყველაზე ღონიერი მოლაშქრე იყო.

მეორე დღეს თარხანი კვლავ მოადგა მდინარეს, ქართველებს დასცინოდა, ემუქრებოდა. მასთან შებრძოლებას ვერავინ ბედავდა.

მაშინ ვახტანგმა გადაწყვიტა, რომ ხაზარ გოლიათს თვითონ შებრძოლებოდა. შეშინებული დიდეულები არ ანებებდნენ, მაგრამ ჭაბუკმა მეფემ არ დაიშალა, ხელში ჰოროლი დაიჭირა და მდინარის პირას დადგა. თარხანმა შემოსძახა:

- მე გმირებსა და გოლიათებს ვებრძვი, შენ კი ყმაწვილი ხარ... თავს დავიმდაბლებ და მაინც შეგებრძოლები!

პირველსავე შებრძოლებისას ვახტანგმა მეტოქეს ჰოროლი წელში სცა. თარხანს საჭურველმა ვერ უშველა და მოკვდა. ქართველები სიხარულით ცას მისწვდნენ.

გოლიათ ბაღათართან შერკინება

მეორე დღეს მდინარეს სხვა გოლიათი - ბაღათარი მოადგა. მისი მშვილდი თორმეტი მტკაველი იყო, ისრები კი - ექვს-ექვსი მტკაველი. ბაღათარმა შემოსძახა:

- ვახტანგ მეფევ, თარხანის მოკვლა ნუ გაგათამამებს. ახლა მე შემებრძოლე, შენ თუ არ მოხვალ, სხვა გამოგზავნე: მე მისთვისაც მზად ვარ!

ვახტანგმა ვიგრის ტყავისაგან გაკეთებული ფარი აიღო და ჯავშნით შეჭურვილ რაშზე შეჯდა. მან ბაღათარს გასძახა:

- მე მდინარეზე არ გადმოვალ, რადგან მეფე ვარ და ოსთა ლაშქარს არ ვეახლები. ჩემი წაწყმედა ლაშქარსაც წაწყმედს. ხოლო შენ მონა ხარ და ოსთა ლაშქარს არც დააკლდები. აქეთ ნაპირზე გამოდი.

ვახტანგი მდინარიდან ექვსას ნაბიჯზე დადგა. ბაღათარი გამოვიდა.

თვალთა სიფიცხით, გონების სიმახვილით, რაშის სიკისკასით ისრებს ირიდებდა, ბაღათარს უახლოვდებოდა.

ორივე ბანაკში ბუკებსა და დაფდაფებს სცემდნენ, ისე ხმამაღლა ყიოდნენ, რომ მთები და ბორცვები იძვროდა.

ბაღათარის ნასროლი ისარი უეცრად ვახტანგის ცხენს მოხვდა, მაგრამ ვახტანგმა იმარჯვა: ვიდრე ცხენი წაექცეოდა, ბაღათარს მივარდა, ხმალი დაჰკრა და ორად გაკვეთა. ვახტანგის ცხენიც ამ დროს დაეცა. მეფემ მოკლული ბაღათარის ცხენი შეიპყრო და გოლიათის ცხენზე ამხედრებული ვახტანგი უკან გამობრუნდა. როცა მოზეიმე ბანაკს დაუახლოვდა, ცხენი შეაყენა და შესძახა:

- მეომრებო, მხნედ იყავით, გაძლიერდით, ჩვენ ღმერთი გვწყალობს!

ომი

ლაშქარი მტრის ბანაკისაკენ დაიძრა. წინ ჯაჭვ-მუზარადიანი და ცხენ-თოროსანი მეომრები მიიწევდნენ, შუაში ქვეითები ჩ჻მდგარიყვნენ, ხოლო უკან მხედრები მიჰყვებოდნენ.

ქარაფზე შემდგარმა ოსებმა ქართველებს ისრები წვიმასავით დააყარეს. ცხენთოროსნებმა ქარაფის გზა აიარეს, მათ ქვეითები და მხედრები მიჰყვნენ და ბრძოლაც გაიმართა. სასტიკ გნიასში ვახტანგის ლომისებრი ხმა იცნობოდა. დამარცხებული ოსები უკუიქცნენ. ქართველები მათ დაედევნენ, ბევრი დახოცეს, ბევრი დაატყვევეს.

მეომრებმა სამ დღეს დაისვენეს; შემდეგ მთელი ოსეთი მოიარეს, დაიპყრეს და მირანდუხტიც გაათავისუფლეს.

დარი-ალან

ვახტანგმა ბრძანა, ქართლისა და ოსეთის საზღვარზე, ვიწრო ხეობაში, მაღალი ციხე-გოდლები აეშენებინათ და იქ მცველებად მთიულები დაეყენებინათ, რათა ვერც ოსს და ვერც ხაზარს, ვერც სხვა ჩრდილოელს ქართლში ვეღარ ეთარეშა. ადგილს დაერქვა დარი-ალან. „დარი“ კარს ნიშნავს, „ალან“ - ოსს. ე.ი. დარი-ალან ოსეთის კარს, ოსეთის ჭიშკარს ანუ ოსეთის საზღვარს ნიშნავს. ამ ხეობას დღესაც დარიალის ხეობას ვეძახით.

გამარჯვებულმა მეფემ ჩრდილოეთის ქვეყნებიც დალაშქრა. მირანდუხტი და სხვა გათავისუფლებული ქართველები მცხეთაში გამოგზავნა, თვითონ თავისი უძლეველი ლაშქრით კავკასიონს შემოუარა, აფხაზეთში ბერძნებს შეებრძოლა და ციხე-გოჯამდე ყველა ციხე-სიმაგრე გაათავისუფლა.

სპარსელთა შემოსევები

ქართლში სპარსელები ქრისტიანობის მოსპობასა და თავიანთი სარწმუნოების - ცეცხლთაყვანისმცემლობის - გავრცელებას ცდილობდნენ. სპარსელებს ეგონათ, თითქოს ყოვლისშემძლე ღმერთი ცეცხლი იყო. ანთებულ ცეცხლზე ლოცულობდნენ და შემწეობას მას ევედრებოდნენ.

ვახტანგ მეფე კი სპარსელებს არ ემორჩილებოდა. იგი ქრისტიანობის მგზნებარე დამცველი იყო. ამიტომაც განრისხებულ სპარსელთა მრავალრიცხოვანი ლაშქრები დროდადრო ქართლს შემოესეოდნენ ხოლმე. ვახტანგი სპარსელებს ებრძოდა და მათ წინააღმდეგ კავკასიის სხვა ხალხებსაც ამხედრებდა, ხან იმარჯვებდა, ხან კი ერისთავების ღალატის გამო მარცხდებოდა. ერთ-ერთი ასეთი მოღალატე ერისთავი იყო ვარსქენი, რომელმაც ქრისტიანობას უღალატა და თავისი ცოლი, დედოფალი შუშანიკი, აწამა. ვახტანგმა ვარსქენი სიკვდილით დასაჯა.

რატომ დაარქვეს ვახტანგს „გორგასალი“?

ვახტანგ მეფეს თავზე მუზარადი ეხურა ხოლმე. მუზარადს წინ მგელი ეხატა, ხოლო უკან - ლომი. მტერი რომ იმძლავრებდა, ვახტანგი უმალ მის გუნდში გაჩნდებოდა. სპარსელები ვახტანგთან ბრძოლას ვერ ახერხებდნენ. ამიტომ ოქროს მუზარადის დანახვაზე აყვირდებოდნენ:

- დურ აზ გორგასარ! დურ აზ გორგასარ!

ეს სპარსული ნათქვამი წართულად ნიშნავს: „მგლის თავს მოერიდეთ“. „გორგ“ სპარსულად მგელს ნიშნავს, „სარ“ კი - თავს.

თენგიზ წოწონავა  „საბავშო ისტორია“
წიგნი I, გვ. 41-46