მეათე საუკუნეში საქართველოში ცხოვრობდა სახელოვანი მხედართმთავარი თორნიკე ერისთავი. როცა მოხუცდა, თორნიკემ მხედართმთავრობა მიატოვა და ბიზანტიას, ათონის მთას მიაშურა, რათა დარჩენილი ცხოვრება საეკლესიო მსახურებაში გაეტარებინა.
იქ, დიდი ათანასეს მონასტერში, ცხოვრობდა ქართველი ბერი იოანე, რომელიც ოდესღაც ასევე წარჩინებული სარდალი და მეომარი იყო. იოანემ თორნიკე ბერად აღკვეცა. ბერად აღკვეცა ნიშნავს ბერად შედგომას, ესე იგი კაცის ისეთ ცხოვრებას, როცა ყოველგვარ მიწიერ სიამოვნებას, გემოვნებას, გართობას, სანახაობას უარყოფ და სულს ღმერთის სიყვარულით ალხენ, მონასტრის გარე, ანუ საერო ცხოვრებაში არც ერევი.
თორნიკეს სახელი, ახოვნება და წარჩინებულობა მონასტერში ყველას სმენოდა. მას დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ეპყრობოდნენ.
ბიზანტიის ქვრივ დედოფალს მისი მხედართმთავარი ბარდა სკლიაროსი აუჯანყდა. დედოფალს მრავალმა დიდებულმა უღალატა. მრისხანე სარდალმა ზედიზედ დაიპყრო ბიზანტიის ქალაქები და კონსტანტინეპოლსაც მიადგა. ერთგული წარჩინებულები დედოფალს ეახლნენ და მოახსენეს:
- ვიღუპებით, დედოფალო! სკლიაროსი ძლიერია და საშველი არ ჩანს, დავით კურაპალატს უნდა ვსთხოვოთ დახმარება. მის გარდა ჩვენ ახლა ვერავინ გვიშველის.
ათონის მთაზე თავისი ერთ-ერთი დიდებული გაგზავნა და თან წერილი გაატანა. დედოფალი ათონელ ბერებს წერდა:
„უღმერთო სკლიაროსი აგვიჯანყდა, თითქმის მთელი ბიზანტია დაიპყრო. გევედრებით, რომ სასახლეში უეჭველად მოვიდნენ იოანე და თორნიკე“.
ათანასემ და იოანემ თორნიკეს სთხოვეს, რომ დედოფალს ხლებოდა. თორნიკე შეწუხდა:
- ბერად იმიტომ აღვიკვეცე, რომ მსურდა, დარჩენილი ცხოვრება უფლის მიმართ ლოცვა-ვედრებაშჲ გამეტარებინა. დედოფალი კვლავ წუთისოფლის შფოთში ჩამაგდებს და ამიტომ ვერ წავალ, ვერ ვეახლები. ათანასემ და იოანემ თორნიკე, ბოლოს და ბოლოს, მაინც დაითანხმეს და იგი კონსტანტინეპოლში გაგზავნეს.
სამეფო დარბაზში შესული თორნიკეს პატივსაცემად დედოფალი და უფლისწულები ფეხზე წამოდგნენ. მათ თორნიკე დიდი მოკრძალებით მოიკითხეს და გვერდით მოისვეს. ბიზანტიის ყმაწვილმა კეისრებმა - ბასილიმ და კონსტანტინემ - დედის ბრძანებით, თორნიკეს დაუჩოქეს. დედოფალმა თორნიკეს უამბო, რაც დამართნოდა და ბოლოს უთხრა:
- ქართველი მეფის, დავით კურაპალატის გარდა, ჩვენ ვერავინ გვიშველის. გევედრები, რომ ჩვენი თხოვნა კურაპალატს შენ აუწყო. ამაგს ღმერთი დაგიფასებს, მე კი ვილოცებ, რომ ქართველებმა ბიზანტია გადაარჩინონ. რადგან ბერად იყო აღკვეცილი, ამიტომ სამხედრო საქმე თორნიკეს არ შეეფერებოდა. მან დედოფალს უთხრა:
- დედოფალო, ღმერთმა იცის, რომ ეს საქმე სიკვდილივით მიმძიმს, მეძნელება, მაგრამ შენს წმინდა მეუფებას როგორ ვეურჩო? და მე ვსთხოვ მეფეს, დიდ კურაპალატს, რომ თავისი ლაშქარი მოგაშველოს.
თორნიკეს ნახვამ დავით კურაპალატი ძლიერ გაახარა. მან დედოფლის წერილი წაიკითხა და გადაწყვიტა, რომ დახმარებოდა მას. ბიზანტიაში გასაგზავნად კურაპალატმა თორმეტი ათასი მეომარი შეკრიბა, მათ სარდლად თვითონ თორნიკე განაწესა და გზაც დაულოცა.
რჩეულმა ქართველმა მხედრებმა სკლიაროსის ლაშქარი სასტიკად დაამარცხეს. თორნიკემ მოღალატე ბიზანტიელი დიდებულები დაატყვევა. ძლევამოსილი ლაშქარი საქართველოში დაბრუნდა.
დახმარების საზღაურად დედოფალმა კურაპალატს ახალი ქვეყნები დაუთმო. სამეფო კიდევ უფრო განივრცო და გაძლიერდა.
ცოტა ხანს თორნიკე სამშობლოში დარჩა. შემდეგ ყველას სამუდამოდ გამოემშვიდობა და კვლავ ათონისკენ გასწია. გზად, კონსტანტინეპოლში დედოფალსა და უფლისწულებს ესტუმრა. მათ იგი დიდი პატივითა და მადლიერებით მიიღეს.
ათონზე საბოლოოდ დამკვიდრებულმა თორნიკემ თავისი ქონებით ააშენა ათონის ივერთა დიდებული მონასტერი. ამ მონასტერში მოღვაწეობდნენ იოანე და ექვთიმე ათონელები, გიორგი მთაწმინდელი და სხვა დიდი ქართველები. ისინი წერდნენ და თარგმნიდნენ წიგნებს, ლოცულობდნენ და ცხოვრობდნენ, ვითარცა ანგელოზნი ღმრთისანი.
საბერძნეთში, ათონის ზღვისპირა მთაზე, ივერთა მონასტერი ახლაც დგას და ჩვენს სახელოვან წარსულს გვახსენებს.
წინა საუკუნეებში ბიზანტიაში საშინელი ჩვევა - ხატმებრძოლობა მეფობდა. ეკლესიებში ხატების დასვენება და თაყვანისცემა იკრძალებოდა, ღმერთი სულია, შეუცნობელია, მისი დახატვა არ შეიძლება, მწვალებლობააო აცხადებდნენ აღტკინებული ხატმებრძოლები და სადაც ნახავდნენ ხატებს, ყველგან ანადგურებდნენ.
ნამდვილი მორწმუნეები ხატებს სასოებით ინახავდნენ.
საბერძნეთში, ქალაქ ნიკეაში, ერთ ქვრივ ქალს შინ ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა. მასთან ერთხელ სტუმრად მივიდა კეისრის მსახური. ეს მსახური, ისევე როგორც მისი კეისარი, ხატმებრძოლი იყო. ღვთისმშობლის ხატი რომ დაინახა, აღშფოთებულმა მას მახვილი ჩასცა. სასწაული მოხდა: ხატს სისხლი გადმოდინდა.
ქალმა ხატი ზღვაში ჩაასვენა და განადგურებას ასე გადაარჩინა.
ასორმოცდაათ წელიწადს იცურა ხატმა. ბოლოს, ათონის ნაპირს მიადგა. ღვთაებრივი სასწაულით აღტაცებულმა ბერებმა ზღვიდან მისი გამოტანა სცადეს, მაგრამ ვერ შეძლეს, მიახლოებისთანავე ხატი მათ განერიდა.
მაშინ იფიქრეს, ალბათ ჩვენს შორის ყველაზე წმინდის ხელს ითხოვსო. ზღვაში შეუშვეს ყველაზე ძლიერმორწმუნე, კლდეებში მარტო დაყუდებული ქართველი ბერი გაბრიელი. მართლაც, ხატმა მისკენ გამოსცურა. ღვთის დიდებული წყალობა ქართველმა ბერებმა მოწიწებით მიიღეს: ხატი მონასტრის კარიბჭეში დაასვენეს. მას კარის ღვთისმშობელი ეწოდა. ივერიის ღვთისმშობელსაც ეძახიან, რადგან ათონის ქართველთა მონასტერი ივერთა მონასტრად, ივერიონად იხსენიება.