თამარის შვილიშვილები

ორი მეფე

(მცირეოდენი შემოკლებით)

რამდენიმე წლის შემდეგ ორივე დავითი მეფედ დაბრუნდა. ლაშას ძეს, რადგან უფროსი იყო, მონღოლებმა ულუ უწოდეს, რუსუდანის ძეს, უმცროსს - ნარინი. მეფეები ერთმანეთს არ მტრობდნენ. საბუთებსაც ხელს თურმე ერთად აწერდნენ:

„მეფენი ბაგრატიონნი“,

„ნებითა ღმრთისათა დავით და დავით“,

„ჩემ დავითისაგან მტკიცე და ჩემ დავითისგანცა მტკიცე“.

ნარინი მალე ქუთაისში გადავიდა, რადგან თბილისში მონღოლებს ვერ შეეგუა; ულუ თბილისში დარჩა.

ორი მეფე, ორი ტახტი, თბილისი, ქუთაისი, აღმოსავლეთი, დასავლეთი - დიდსა და ძლიერ ქვეყანას ბზარი გაუჩნდა.

ჩაღატა ნოინის მკვლელობა

მონღოლები მრავალ წელიწადს იბრძოდნენ მულიდთა ციხე-სიმაგრე ალამუთის ასაღებად. ეს მულიდები იგივე სპარსელები იყვნენ, რომლებიც მეკობრეობდნენ, ყაჩაღობდნენ, ადამიანებს გამორჩევით, მიპარვით კლავდნენ და შორეულ ქვეყნებსაც კი შიშის ზარს სცემდნენ.

ალამუთის ალყისას, ერთ დილით, კარავში შესულმა მონღოლებმა ახლადმოკლული ჩაღატა ნოინის გვამი იხილეს. თანამებრძოლ ქართველებზე იეჭვეს, ესენი მოკლავდნენო და შურისძიება გადაწყვიტეს. ზოგიერთი ქართველი შესაბრძოლებლად გაემზადა; ქართლის ერისთავმა გრიგოლ სურამელმა ისინი შეაყენა.

- ცოტანი ვართ და თუ ვიბრძოლებთ, სულ ამოგვწყვეტენ; თუ არ ვიბრძოლებთ, მაშინ მხოლოდ წარჩინებულთ დაგვსჯიან, სხვები კი გადარჩებიან. ყველას ამოწყვეტას ისევ ის სჯობს, რომ წარჩინებულნი დაგვხოცონ. ჩვენი მხსნელი იესო და მარიამ ღვთისმშობელია. დავიჩოქოთ და ღმერთს მოწყალება ვევედროთ.

ილოცეს. ამასობაში მათ შურისმაძიებლებიც შემოეწყვნენ.

- მან ქუშტემ ჩაღატა! - სპარსულად გაისმა ამ დროს („მე მოვკალ ჩაღატა!“).

ყველამ მიიხედა: ლერწმიანთან იდგა კაცი, რომელსაც სისხლიანი მახვილი აღემართა. მიცვივდნენ. კაცი ლერწმიანში შევარდა, მაგრამ ირგვლივ ცეცხლი შეუნთეს და გამოიყვანეს.

- მე ვარ მულიდი, მულიდთა შორის საჩინო, - უთხრა მან ნოინებს. - მთავრებმა დიდძალი ოქრო მომცეს, რომ თქვენ ოთხთაგან რომელიმე ნოინი მომეკლა.

- შენ ხომ დამალული იყავი, რატომ გამოხვედი, ნოინის მკვლელობა რატომ გააცხადე?

მულიდმა უპასუხა:

- ხშირ ლერწმინაში ვიმალებოდი. ამ დროს ვიღაც მშვენიერი ქალი მოვიდა. მითხრა, შენ კაცი მოკალი, ახლა შენს გამო მრავალ უდანაშაულო ადამიანს მოკლავენო. რა ვქნა-მეთქი, დედოფალო, შევეკითხე. წამომყევი, თქვი, რომ ის კაცი შენ მოკალი და უდანაშაულო ადამიანები სიკვდილს გადარჩებიანო. თქვენს წინაშე მომიყვანა, როგორც კი დავიძახე, დედაკაციც გაქრა.

მონღოლებმა მულიდი ორად გაკვეთეს.

ასე დაიხსნა ღვთისმშობელმა თავისი შვილები.

„აღარა მნებავს მონება თათართა“

მონღოლებს წესად ჰქონდათ: დაპყრობილი ქვეყნების მეომრებს თავიანთ ომებში აბრძოლებდნენ ხოლმე. მათ ლაშქრობებში ქართველები ისე თავგამეტებით იბრძოდნენ, რომ ხშირად თვითონ მონღოლებსაც აოცებდნენ. დიდ ქალაქში ბაღდადში ისინი სულაც პირველები შეიჭრნენ და მთავარ ლაშქარს ქალაქის კარი გაუღეს.

უღვთოდ და უაზროდ, მამულისათვის სრულიად უსარგებლოდ ათასობით ქართველი ვაჟკაცი იღუპებოდა, მათ სამშობლოს კი ყოველი დღე უარესად უთენდებოდა. მონღოლებმა მთელი სამფლობელოები აღწერეს და როგორც სხვებს ქართველებსაც მძიმე გადასახადები დააკისრეს. მეფეს სადილად კრავს რომ დაუკლავდნენ, იმისთვისაც გადასახადი უნდა გადახდილიყო. ერთხელ, როცა მონღოლებმა ეგვიპტეში სალაშქროდ მომუწოდეს, დავით ულუ შეყოყმანდა: „უკეთუ წარვიდე ეგვიპტედ, ანუ თუ განუდგე ყაენსა?“ - დაფიქრდა. ვერ გადაწყვიტა. გზას დაადგა. ჯავახეთს რომ მიაღწია, შეჩერდა, ბოლოს და ბოლოს განდგომა იფიქრა.

- ვისაც გსურთ, მე გამომყევით; ვისაც არა, ეგვიპტეში ყაენს ეახლეთ.

უმრავლესობამ ყაენის სამსახური არჩია. მეფე და სამცხის სპასალარი სარგის ჯაყელი-ციხისჯვარელი სამცხეში დადგნენ. რვა ათას ქართველს მეფემ სარგის ჯაყელი უსარდლა. წინამავლები ერთმანეთს ახალდაბასთან შეებრძოლნენ. მეფის წინამავლებმა იმარჯვეს, მონღოლებმა უკუქცევა დააპირეს, მაგრამ ქართველმა წარჩინებულებმა არ დაანებეს. კახა თორელმა მათ უთხრა, ქართველთა ომი ქართველებმა ვიცით, არ წახვიდეთ და თქვენს მაგიერ თუ გინდათ ჩვენ ვიბრძოლებთო. მცირერიცხოვანი ლაშქარი ბოლოს მაინც დათანხმდა.

ლიხთიმერეთში

მონღოელბი ულუს სდევდნენ და სამცხეს აოხრებდნენ. ამიტომაც დავითმა ქუთაისს მიაშურა. ნარინმა მას კეთილად უმასპინძლა. სასახლეში შფოთი წარმოიშვა: ზოგი დიდებული ნარინს მიემხრო, ზოგი ულუს და დავა დაიწყო, საქართველოს ერთ მეფედ რომელი დავითი ყოფილიყო. ვერაფერი გადაწყვიტეს. სამეფო და მთელი სიმდიდრეც ამიტომ ორად გაყვეს:

სამეფოს მთავარი განძი, რომელიც ხვამლის მთაზე ინახებოდა, არ გაუყვიათ, მხოლოდ მცირედი ნაწილი გამოაკლეს, უმეტესი კი ხელუხლებლად დატოვეს.

ზავი

საქართველოში მონღოლთა გადასახადებს ვინმე სპარსი - ხოჯა აზიზი კრეფდა. მეფემ და ყაენმა შერიგება განიზრახეს და ყველა ბოროტება მას დააბრალეს, შფოთი მაგის უმსგავსოებათა გამო მოხდაო. ხოჯა აზიზს თავი მოჰკვეთეს და თბილისში ძელზე დაჰკიდეს.

მონღოლთა დიდი სამფლობელო რამდენიმე საყაენოდ დაეყოთ. საქართველო ირანსა და ადარბადაგანში მჯდომ ჰულაგუ ყაენს ემორჩილებოდა. მეფეებსაც შორეული ყარაყორუმის ნაცვლად ახლა უფრო ახლოს, ირანსა და ადარბადაგანში (ქალაქ ბარდავში) იბარებდნენ.

თბილისში ამბავი მოიტანეს, ყაენმა თქვა, რომ მეფეს შეურიგდება, პაპა სარგისს კი არა (სარგის ჯაყელს პაპა სარგისს ეძახდნენ). მეფემ სარგისს დარჩენა ურჩია. სარგისმა იუარა:

- რამე რომ გევნოს, ხალხი იტყვის, მეფე წააქეზა და მერე თათრებს შეატოვაო. ნამუსი შემირცხვება და გვარიც წამიხდება, მიჯობს, წამოგყვე, თუ მოვკვდი, შენს ნაცვლად მოვკვდები, თუ დავრჩი, შენთან დავრჩები.

ქუდბედიანი პაპა სარგისი

დავით ულუ და სარგის ჯაყელი ყაენს წარუდგნენ. ყაენმა დავითს მიმართა:

- ჩემს ბრძანებას რატომ არ დაემორჩილე? ჯურღმულიდან ამოგიყვანეთ, მეფედ დაგადგინეთ; სიკეთეს განა ასე გვიხდი?

მეფემ პასუხი ვერ მოიფიქრა, დაიბნა, ჯაყელს მოხედა. ეს მოხედვა სარგისის გაწირვას ნიშნავდა, მაგრამ იგი არ შეშინდა, ყაენს მუხლი მოუყარა და უთხრა:

- მე ვარ, დიდო ყაენო, ვინც არღუნ აღას შევები!

- პაპა სარგისი შენ ხარ? - ჰკითხა ყაენმა.

- მე ვარ!

- რისთვის განაყენე მეფე და არღუნს რისთვის ებრძოლე?

- დიდო ყაენო, დავითის მეფობა სხვამ მიიღო, ქალაქი და სოფელი სხვამ მიიტაცა, ციხეები და ეკლესიებიც დაარღვია. ხოჯა აზიზის თავნებობა ვეღარ მოვითმინეთ. მეფე უბრალოა, მე ვარ, ვინც იგი შენგან განვაყენე.

ყველანი მოელოდნენ, რომ სარგისს სიკვდილით დასჯიდნენ და მეფესაც ბოროტს შეამთხვევდნენ, მაგრამ ისინი ღმერთმა დაიფარა. კარავში დარუბანდის გზას მცველი მონღოლი შემოვიდა, სასწრაფოდ ყაენს წარუდგა და მოახსენა:

- ბათო ყაენის ულუსი შეიძრა და ბათოს ვაჟი, დიდი ყაენი ბერქა დარუბანდის გზით სალაშქროდ მოემართება. მონღოლთა საყაენოები ერთმანეთს ხშირად ებრძოდნენ. თითოეული მათგანი ცდილობდა, რომ ესა თუ ის დაპყრობილი ქვეყანა თავის მხარეზე ჰყოლოდა. ჰელაგუ (ულო) ყაენი მიხვდა, რომ ომის წინ ქართველთა მომდურება არ ღირდა. ჯაყელი და ულუ ამ შემთხვევამ გადაარჩინა.

ოპიზის სასწაული

მონღოლებს ერთხელ ოპიზის დიდებული მონასტრის გაძარცვა მოესურვათ. აქ ინახებოდა, როგორც ამბობენ, იოანე ნათლისმცემლის სხეულის ერთ-ერთი წმინდა ნაწილი - ხორხი. აგრეთვე, მრავალი ძვირფასი ხატი, კანდელი და შეწირულობა.

ოპიზამდე სულ მცირე მანძილი დარჩენილიყო, როცა მიდამო ნისლმა დააბნელა და მონღოლმა მეომრებმა ნაბიჯი ვერ წადგეს. ისინი იდგნენ მთასთან, რომელსაც ერქვა ძეგლი და რომელზეც აშენებული იყო წმინდა გიორგის ტაძარი.

იოანე ნათლისმცემელმა წყალობით მოხედა თავის სამკვიდრებელს, სასტიკი ქარი, სეტყვა და წვიმა მოავლინა, დიდმა ნიაღვარმა ათასამდე კაცი სრულიად წალეკა.

ერთადერთი კაცი გადარჩა, ოპიზის მიდამოებიდან მან ძლივს გააღწია, მივიდა სარდალთან, ვინც ისინი აქ გამოგზავნა და უთხრა: ის ადგილი ღმერთის სახლია, სადაც ნამდვილი მორწმუნენი ცხოვრობენ, ამიტომ მოერიდეთ, იქ ნუღარ მიხვალთო.

ზღვიდან მთამდე და მთიდან ზღვამდე

ერთხელ ქუთაისს ოცდაათი ათასი მონღოლი შეესია. დავით ნარინს აბანოში ყოფნისას დაესნენ. მეფემ იმარჯვა და გააღწია. მან ომი ვერც მოასწრო, რადგან მონღოლებმა ერთი გაიბრძოლეს, მიდამო მოაოხრეს და სწრაფადვე გაბრუნდნენ.

მესამე წელიწადს რაჭაში სტუმრად მყოფ დავითს დაესხნენ. მეფემ კვლავ მოახერხა თავის დაღწევა, ლაშქარიც შეყარა, მაგრამ მონღოლები ისევ სწრაფად გაბრუნდნენ.

ლიხთიმერეთი მონღოლებს თითქმის არ აუოხრებიათ. ამერთათვის აქაურობა სამშვიდობო იყო. მონღოლთა წინააღმდეგ მებრძოლი გმირები თავს ხშირად ქუთაისს აფარებდნენ.

დავით ულუ და მისი შვილი, ტახტის მემკვიდრე გიორგი უკურნებელმა სენმა იმსხვერპლა, ეს სენი მათ მონღოლთა საგუშაგოებზე დგომისას შეეყარათ.

დავით ულუ მცხეთაში დაკრძალეს. დავითი ნარინი - გელათში.

დავით აღმაშენებლიდან მოყოლებული ერთიანი საქართველოს მეფეები მხოლოდ გელათში იმარხებოდნენ, ამიერიდან გელათი ლიხთიქითურ მეფეებს დარჩათ, ლიხთაქეთურთა განსასვენებლად კი სვეტიცხოველი იქცა.

მიილია და მიიწურა ორი დავითის, თამარის ორი შვილიშვილის, ერთი საქართველოს ორი მეფის ცხოვრება. დიდი საქმე და მიზანი ვერცერთმა ვერ შეასრულა.

ორ ზღვას შუა გაშლილ ქვეყანაში ზღვიდან მთამდე და მთიდან ზღვამდე იმეფეს. სხვის სამსახურს მეფობა თუ ერქვა.

თენგიზ წოწონავა  „საბავშო ისტორია“
წიგნი II, გვ. 25-34