თამარ მეფის შვილიშვილები

მონღოლების შემოსევა

საქართველოს მონღოლები მოადგნენ. არ იყო მეფე, არც სარდალი, არც კაცი და ჯარი, ვინც ახლა ქვეყანას გადაარჩენდა. რუსუდანმა სარდალ მუხას ძეს დაავალა, როგორც კი თათრები გამოჩნდებიან (მონღოლებს ჩვენში თათრებს ეძახდნენ), თბილისი დაწვიო, თვითონ კვლავ ქუთაისს მიაშურა. სამეფოს რჩეული ვაჟკაცები ციხეებში შეიკეტნენ.

მუხასძემ თბილისი დაწვა.

მონღოლები კი კალიებივით მოეფინენ ქართლს, თრიალეთს, სამცხეს, ტაოს, ჯავახეთს, კლარჯეთს, კოლას, ანისს, შავშეთს, არტაანს. ავაგ ათაბაგმა მონღოლებს მოციქული მიუგზავნა, მორჩილება აღუთქვა და უვნებლობა სთხოვა. მონღოლებმა, ასე ჩვეოდათ, წყალში ოქრო სამჯერ ამოავლეს, დალიეს და დაიფიცეს, რომ არას ავნებდნენ.

ამირსპასალარს თანდათან სხვებმაც მიბაძეს.

რუსუდანმა რომის პაპს მისწერა, მოგვეშველეთ, მონღოლები გაგვარეკინეთო, მაგრამ არ გვცალია და დახმარებაც არ შეგვიძლიაო, უიმედოდ უპასუხა პაპმა.

მაშინ რუსუდანმა მონღოლებს დიდებულები მიუგზავნა. ჩემი და ჩემი შვილის მეფობა დაიცავითო, ითხოვა, სამაგიეროდ სრულ მორჩილებას შეჰპირდა. თბილისში დაბრუნდა. მონღოლთა ნოინებს (წინამძღოლებს) დავით რუსუდანის ძე ბარდავში ეახლა. გახარებულმა მონღოლებმა მანგუ ყაენს სპარსთა, ქართველთა, ბერძენთა და თურქთა დაპყრობა შეუთვალეს და ნიშნად ყარაყორუმში ამ ხალხთა ქუდები, აბჯრები და ტანსაცმელი გაგზავნეს.

დაპყრობილი ქვეყნის მეფე ყარაყორუმში თვითონ ყაენს უნდა დაემტკიცებინა. ამიტომაც დავით რუსუდანის ძე ყარაყორუმის გზას გაუყენეს. შვილზე დარდმა რუსუდანს სიცოცხლე მოუსწრაფა. ქვეყანა უმეფოდ დარჩა.

კოხტასთავის შეკრება

ჯავახეთში, კოხტასთავზე თავმოყრილმა დიდებულებმა გადაწყვიტეს, სრულიად საქართველოს ლაშქარი შეეკრიბათ და მონღოლები განედევნათ. ოდიშის მთავარი ცოტნე დადიანი და რაჭის ერისთავი ადრე წავიდნენ: წინ დიდი გზა ედოთ.

მონღოლებმა ქართველთა ფუსფუსი შეიტყვეს, შეთქმულები დაატყვევეს და ანისში ჩოღმაღონ ნოინს მიჰგვარეს.

- თუკი განდგომას არ იზრახავდით, რად შეიკრიბეთ? - ჰკითხა მათ ნოინმა.

დიდებულებმა მიუგეს:

- მისთვის შევიკრიბეთ, რომ თქვენთვის ხარკის აკრეფა უკეთ მოგვეგვარებინა. - ნოინმა არ დაიჯერა. ყველანი გააშიშვლეს, შეკრეს და სიცხეში ქალაქის მოედანზე დააჩოქეს. შეკრების მიზეზს ყოველდღე ხელახლა ეკითხებიდნენ, მაგრამ ისინი ერთსა და იმავეს პასუხობდნენ.

ცოტნე დადიანის გმირობა

ოდიშართა რაზმით ცოტნე დადიანმა ფერსათის მთა გადაიარა. რკინისჯვართან მთავართა დატყვევება შეიტყო. ლაშქარი ოდიშში დააბრუნა, თვითონ ორი კაცი იახლა და ანისში ჩავიდა.

მოედანზე შეურაცხყოფილი, სასიკვდილოდ განწირული დიდებულები იხილა; ცხენიდან ჩამოხტა, გაშიშვლდა, მხრები შეიკრა და წამებულთ მიუჯდა.

მონღოლთა მეომრებმა თავიანთ ნოინებს უთხრეს:

- ცოტნე დადიანი მოვიდა ორი კაცით, ტანსაცმელი გაიძრო და, შეკრული, ქართველებს მიუჯდა!

ცოტნე იხმეს და ამგვარი ქცევის მიზეზი ჰკითხეს. მან უპასუხა:

- ჩვენ შევიკრიბეთ, რათა ხარკი მოგვეცა და თქვენი ბრძანება შეგვესრულებინა, თქვენ კი დამნაშავეებად შეგვრაცხეთ. თუკი ამათ სიკვდილი შეემთხვევათ, მეც უნდა მოვკვდე, რადგან უჩემოდ მათ არაფერი უქნიათ; ხოლო თუკი გადარჩებიან, მეც მათთან ერთად ვიცოცხლებ.

ცოტნეს სათნოებამ ნოინები გააოცა. მათ თქვეს:

- აფხაზეთიდან მოვიდა კაცი, რათა მოყვრებისათვის თავი სასიკვდილოდ გასწიროს. რადგან ასე კეთილშობილნი არიან, არც იცრუებენ, ისინი უდანაშაულონი იქნებიან და ყველანი გავათავისუფლოთო!

ცოტნეს უთხრეს:

- რადგან ასეთი სათნოება ჰყავი, გენდობით და ყველა ქართველს შენ მოგანიჭებთ.

გადარჩენილი დიდებული შინ მშვიდობით დაბრუნდნენ.

სამეგრელოში, ხობში დგას ეკლესია, რომელიც მეცამეტე საუკუნეში აუგია ცოტნეს მამას შერგილ დადიანს. ტაძრის კედელზე გამოსახულია ყრმა ცოტნე; იქვე არიან მისი და თამარი და დედ-მამა ნათელა და შერგილი.

ცოტნე დადიანის გმირობას საქართველოში საარაკოდ ყვებიან. მეგობრისათვის ვინმეს ვაჟკაცურ თავდადებას უმალ ცოტნესას შეადარებენ. ქართველ კაცს მრავალი ღალატი უნახავს, მეგობრის ფასი მან კარგად იცის და ცოტნეს სახელსაც მოწიწებით ამიტომ იხსენებს.

ეძებენ დავით ლაშას ძეს

ქართველმა დიდებულებმა შეიტყვეს, რომ დავით ლაშას ძე ცოცხალი იყო და რუმის საპყრობილეში იტანჯებოდა. მონღოლებს უთხრეს:

- ჩვენი მეფე ყაენთან გაემგზავრა და რა შეემთხვა არ ვიცით; დედამისი მეფე რუსუდანი გარდაიცვალა. განსვენებულმა ლაშა გიორგიმ რუსუდანს თავისი ვაჟიშვილი ჩააბარა; რომ მოიწიფებოდა, მას იგი მეფედ უნდა დაედგინა, რუსუდანმა კი რუმის სულთანთან გაგზავნა, მოკვლა სთხოვა. შევიტყვეთ, რომ ცოცხალია და ხაროში უპყრიათ. გევედრებით, რომ ვინმე სახელოვანი კაცი წარავლინოთ, დავითი მოიყვანოთ და გაამეფოთ.

რუმის სულთანთან ანგურაგ მოციქული, ვარამ გაგელი და სარგის თმოგველი გაგზავნეს. მოციქულებმა ნახეს სოსანი, ყველაფერი დაწვრილებით შეიტყვეს და ყიასდინს ეახლნენ.

- ყრმა დავითი ქართველთა მეფემ სასიკვდილოდ გამომიგზავნა. მეც დავსაჯე და შვიდი წელიწადია, მკვდარია თუ ცოცხალი, არ ვიცი, - თქვა სულთანმა.

მოახსენეს:

- ჩვენ ვიცით, რომ ცოცხალია და ჯურღმულში გველებთან გდია.

დავითი ორმოდან ამოიყვანეს. სულ მთლად გაყვითლებულიყო, თითებზე უზარმაზარი ფრჩხილები წამოზრდოდა, თმები ფეხებამდე დაგრძელებოდა, მოძრაობასაც ვერ ახერხებდა. დაბანეს. სულთანმა ძვირფასი სამოსელი, ცხენები, ოქრო-ვერცხლი მიანიჭა და პატიება სთხოვა.

დავით ლაშას ძე საქართველოში დაბრუნდა. ქართველი წარჩინებულები სიხარულით მიეგებნენ. მეფობის დასამტკიცებლად მონღოლებმა ისიც ყარაყორუმს გაგზავნეს.

თენგიზ წოწონავა  „საბავშო ისტორია“
წიგნი II, გვ. 21-25