სოლომონ პირველის გარდაცვალების შემდეგ იმერთა სამეფო ტახტი მისმა ნათესავმა ბაგრატიონმა დავით გიორგის ძემ მიიტაცა. ანდერძით კი ეს ტახტი სოლომონის მეორე ძმისშვილს დავით არჩილის ძეს ეკუთვნოდა. დავით არჩილის ძე ერეკლეს შვილიშვილიც იყო.
დავით გიორგის ძის მეფობა ბევრ იმერელ იმერელ წარჩინებულს ეწყინა.
ექვთიმეს ეახლნენ ექვთიმე გელათელი, დოსითეოზ ქუთათელი, სარდალი ქაიხოსრო წერეთელი, სახლთუხუცესი ზურაბ წერეთელი, პაატა მიქელაძე, სეხნია წულუკიძე, იოანე აბაშიძე, იოანე აგიაშვილი, ქაიხოსრო ჩიჯავაძე, ფიცისკაცები: ლორთქიფანიძე, იოსელიანი, ავალიანი და სხვები. მოახსენეს:
- ვიცით, რომ ტახტის მიმტაცებელი დავითი მეფედ არც შენ გსურს. ამიტომ ნება ინებე და შეიერთე სამეფოდ იმერეთი, როგორც ეს ერთმთავრობის დროს იყო. შენს მეფობას ყველა სიხარულით მოელის, სამეგრელოსა და გურიის მთავრებსაც ასე სურთ. გლეხებმაც იციან და უხარიათ.
მეფემ შეკრიბა კათალიკოსი, მღვდელმთავრები, თავადები, სარდლები, სახლთუხუცესები, მდივან-ბეგები.
ერთმეფობის აზრმა დარბაზი ჩააფიქრა.
სიტყვა ჭაბუკა ორბელიანმა ითხოვა. მეფეს მიმართა:
- პასუხს ნუ აყოვნებ, მეფეო, მერე რა, ტახტი შენს შვილიშვილს რომ ეკუთვნის. როგორ წავართვაო, იქნებ, ფიქრობ. ასეთი აზრი იმერეთს და მთელ ქვეყანას წაახდენს და დაღუპავს. მეფე ერისათვის და არა ერი მეფისათვის... იმერლებს უარს როგორ ეტყვი? ერის ბედნიერება ერთობას ითხოვს, სამეფოს ძლიერება ერთა დაკავშირებაა.
ქაიხოსრო წერეთელმა ბრძანა:
- ბატონო მეფევ, თუკი ერთობა არას გვარგებს, თუკი ქვეყანას უსწორობა შეუდგება და ქართლსაც და შენს სამეფოსაც ავნებს, მაშინ აღადგინე იმერეთის მეფობა. ახლა კი ჩვენი გვირგვინიც მიიღე, გაძლიერდი ჩვენით და გაგვაძლიერე შენით. ირწმუნე, მეფევ, მტერი ამას სცნობს, შიშსა და მორიდებას მიეცემა.
იოანე მუხრანბატონმა კრებას სულ სხვაგვარად მოახსენა:
- იმერეთის დაკავშირება, დიახ, ძნელია, ჩვენი თავისთვის ვერ მოგვივლია და იმერეთს როგორ მოვუვლით? რად უნდა გამოვუჩნდეთ პატრონად ქვეყანას, რომელსაც ჰყავს საკუთარი ბატონი - მეფის შვილიშვილი?
იოანეს სიტყვამ სარდალი განარისხა:
- მართლად აღიარებს მუხრანბატონი, რომ თავისი ხრმლითა და ბაირაღით დღეს იგი ქვეყანას ვერ მოუვლის. დრო მოვა და ღმერთი მოგვცემს სხვა მუხრანბატონს, რომლის ხმალი უფრო მჭრელი იქნება.
ამ სიტყვამ ამბოხი დაბადა.
განაწყენებული მეფე დარბაზიდან უსიტყვოდ გავიდა.
დარეჯან დედოფალს იმერთა ტახტის გაუქმება არ სურდა. მას არ უყვარდა თავისი გერი, ერეკლეს მემკვიდრე გიორგი. არ სურდა, რომ მთელი საქართველოს მეფობა მას დარჩენოდა.
დარბაზობის შემდეგ ჭაბუა ორბელიანი დაიბარა და სასტიკად გაკიცხა.
- არა, ბატონო დედოფალო, - უპასუხა ჭაბუამ, - თუნდაც არ ასრულდეს, ჩემს აზრს საფლავში უცვლელად ჩავიტან. რად მიბრძანებ, რომ მეფისა და ქვეყნის ორგული ვიყო? მეფის მრჩეველი მერქვას და ავი ვურჩიო? ქვეყნისა და მეფეებისათვის ჩვენს წინაპრებს სისხლი უღვრიათ. მეც ქვეყნის შვილი და მეფის ერთგული ვარ. ამიტომაც გავბედავ და მეფეს ჩემს აზრს უშიშრად მოვახსენებ.
ელჩები დედოფალს არწმუნებდნენ, თუ არ შევერთდით, იმერეთი დაიღუპებაო. დარეჯანი უარობდა, შვილიშვილს (დავით არჩილის ძეს) გვირგვინს ვერ გამოვწირავო.
მეორე შეკრებაზე ერეკლემ აზრი თავის მემკვიდრეს გიორგის ჰკითხა:
ბატონიშვილმა უპასუხა:
- ხელმწიფეო, ჩემი სიტყვა ბევრს არ ესიამოვნება, მაინც გავბედავ და მოგასხენებ, რომ იმერეთის შემოერთება სამეფოს განამტკიცებს. ძმათა ერთობას არაფერი სჰობს. მეფობა განუყოფელი არა დაადგრესო, ბრძანებს მაცხოვარი.
სამეფოთა ერთიანობას ითხოვენ ანტონ კათალიკოსი, სოლომონ ლიონიძე, ზაქარია ანდრონიკაშვილი, დავით ორბელიანი, ჯარდან ჩოლოყაშვილი, იოსებ ბარათაშვილი და სხვები. თვითონ ერეკლემ თქვა:
- იმერთა თხოვნას ვერ ავასრულებ. კარს მტერი მადგას. ახალ მტრად შვილიშვილს ვერ მოვიკიდებ. დესპანნო! წაბრძანდით და იმერლებს გამოუცხადეთ, რომ ტახტზე ჩემს შვილიშვილს დავსვამ და იმერეთისა და ქართლის ერთობას ამგვარად დავამყარებ.
ერეკლემ იმერეთში ჯარი გაგზავნა.
დავით გიორგის ძე განდევნეს და იმერეთის ტახტზე დასვეს დავით არჩილის ძე (მას სოლომონ მეორეს ვუწოდებთ).
ქართლ-კახეთისა და იმერეთის მეფეებმა, სამეგრელოსა და გურიის მთავრებმა პირობა დადეს, რომ ერთმანეთის მტერს საკუთარ მტრად მიიჩნევდნენ, ხოლო მოყვარეს მოყვარედ.
ამ პირობას ივერიელთა (ანუ ქართველთა) ერთობის ტრაქტატი ჰქვია.
ივერიელთა ერთობის ტრაქტატი სახელოვანმა მამულიშვილმა სოლომონ ლიონიძემ დაწერა.
საქართველოს გაერთიანებას, გარეკავშირის შინაკავშირით გაუქმებას ბევრს ეცადა.
დამარცხებულმა ბოლოს ეს ტრაქტატი შექმნა.
ტრაქტატის ასლები თვითონ წაიღო, იმერთა მეფეს, სამეგრელოსა და გურიის მთავრებს თვითონ ჩამოუარა და ხელი მოაწერინა.
სამეფოებსა და სამთავროებში დადიოდა, ქართველებს ერთგულებაზე აფიცებდა, მოძღვრავდა:
„ერი, დაცული გარეთითა უცხოთა ნათესავთაგან მფარველობითა, არის მარადის დამდაბლებული, ერი სხვათა მფლობელობასა შინა ქუეშე შესული, არის მონა და მონა მზაკვარი, დაცინებული, მასხრად აგდებული. ვითარცა დამკარგველი თვითმყოფობისა, ჰკარგავს სულისა თვისისა საკუთარსა ძალასა და ღირსებას. უძლური სულითა, ჰკარგავს სხეულისაცა ძალასა, ენა და მეტყველება მისი, მწერლობა და მწიგნობრობა მოეღება ერსა დამონებულსა უცხოსა ნათესავისა ენითა და ჩვეულებითა“.
საქართველოს ერთობის შემდეგ ოთხასი წელიწადი გასულიყო.
ქვეყანას ერთობა დავიწყებოდა, ერთობის ძალა გამოლეოდა.
ამიტომაც სოლომონ ლიონიძის ხმა იყო „ენითა ცემა ჰაერისა და ამაო ბგერა ბაგეთა“.
სპარსეთის ტახტი აღა-მაჰმად-ხანმა დაიპყრო.
მალე იგი საქართველოსაკენ გამოემართა და ყარაბაღის მახლობლად დადგა. ერეკლეს მისი ელჩი ეახლა.
მოახსენა:
- აღა-მაჰმად-ხანი მოითხოვს, რომ მას ნადირ-შაჰის ნაქონი ძვირფასი თვალი დაუბრუნო, მოითხოვს, რომ განუდგე რუსეთს, მფარველად, როგორც ძველად, ირანი აღიარო და მძევლები მისცე.
უფროსმა შვილმა გიორგიმ ერეკლეს მძევლად თავისი შვილი დავითი შესთავაზა:
- მე წავალ სპარსეთს, ჩემს შვილს დავითს წავიყვან, მშვიდობას ვითხოვ და უკანვე დავბრუნდები, ხოლო დავითს კარზე დავტოვებ.
ეს მეფეს არ მოეწონა, სხვებმაც უარყვეს, რუსთ ხელმწიფესთან პირობა გვაქვს, სპარსეთს მძევალს როგორ მივცემთ და მათთან პირს როგორ შევკრავთო.
ელჩს ერეკლემ გადაჭრით უპასუხა:
- სპარსელებმა მრავალჯერ მოგვატყუეს, მრავალი გვტანჯეს. ჩვენი სარწმუნოება მათ ვერ დაგვაკავშირებს. სიტყვა მიმიცია, რომ რუსთ ხელმწიფეს შევეკრა. ჩვენ ერთი ეკლესიის შვილები ვართ და ღმერთს ერთი ხმით ვადიდებთ. მე გვერდით ჩემი და რუსეთის ჯარი მყავს. თქვენს მოსვლამდე თბილისში რუსეთის ჯარი მოვა.
დიდი ხანი იყო, რაც ერეკლე მტრის მოსვლას მოელოდა. ამიტომაც რუსეთში ელჩებს გზავნიდა, ჯარის მოშველებას ითხოვდა. ახლაც, როცა აღა-მაჰმად-ხანი კარს გვადგა, ერეკლეს ელჩი გარსევან ამილახვარი ჩრდილოეთ კავკასიაში მყოფ გენერლებს სთხოვდა, რომ საქართველოსათვი სამი ათასი მეომარი მოეშველებინა.
აღა-მაჰმად-ხანი აიყარა და თბილისისაკენ გამოემართა. მას ოცდათხუთმეტი ათასი მეომარი ჰყავდა.
ერეკლეს ეგონა, რომ განსაცდელის ჟამს ქალაქს ყველა კუთხის ქართველობა მოაწყდებოდა. სოლომონ მეორემ ორი ათასი იმერელი ჩამოიყვანა.
შემზარავი ამბავიც მალე შეიტყვეს:
სოღანლუღში მდგომმა მებრძოლებმა შორიდანვე შეამჩნიეს მხედარი, რომელიც ცხენს გამწარებით მოაგელვებდა.
- გორჯასპი ნათალიშვილი! - იცნეს მეფის მზვერავი, როცა მან ცხენი მოაგდო და მეფე მოიკითხა.
სპარსელები ოციოდ ვერსზე მოსულიყვნენ. გორჯასპის რაზმი სპარსელ მზვერავებს გადაჰყროდა. ბრძოლაში ყველანი დახოცილიყვნენ, უცხენოდ დარჩენილი გორჯასპი მტრის ცხენს მოხტომოდა და გამოქცეულიყო.
სპარსელთა მოახლოების ამბავმა თბილისი არია და ააშფოთა. ქალაქელები იხიზნებოდნენ, უფრო მეტად ჩრდილოეთით, მთებისაკენ მიეშურებოდნენ.
გამწარებულ მეფეს თითო კაცი თითო იმედად უღიდა.
სიმამაცით განთქმული ორი ათასი ქიზიყელი მათმა სარდალმა რევაზ ანდრონიკაშვილმა ბრძოლის წინა დღეს სოღანლუღიდან გააპარა, ქიზიყშივე ჩარჩა გიორგი ბატონიშვილი, რომელსაც ასევე ორი ათასი კაცი ჰყავდა.
რუსებიც არ მოვიდნენ.
(ომის შემდეგ ერეკლეს შვილიშვილმა, კრწანისის გმირმა დავით ბატონიშვილმა ანდრონიკაშვილი წვერით დაითრია და მას სახეში შეაფრუთხა).
თბილისის მისასვლელებთან ქართველებმა ერთხელ, მეორედა იმარჯვეს;
სპარსელებს მათ ზარბაზნების ცეცხლი დაახვედრეს.
აღა-მაჰმად-ხანი შეფიქრიანდა.
ფრთხილად უნდა ყოფილიყო; არავინ იცოდა, აზიასა და ევროპაში განთქმული სარდალი რას შეამთხვევდა.
მაგრამ შინაგამცემლებმა აღა-მაჰმად-ხანს სასიხარულო ამბავი აუწყეს: ერეკლეს მცირეოდენი მხედრობა ჰყავდა (სულ ხუთი ათასი... ათასიც - თბილისელი მოხალისეები - კომედიანტმა დავით მაჩაბელმა კრწანისისაკენ ბრძოლის წინ წაიყვანა).
კრწანისის ველზე ბრძოლა უთენია დაიწყო.
დავით მაჩაბელი თბილისელებს ომში შადიანის სიმღერით ჩაუძღვა.
სამოცდათხუთმეტი წლის ერეკლე შუაგულ ომში დატრიალდა. ომი რომ გამძაფრდა, დაიძახა, აზატ-ხანთან რომ მქონდა, ის ბაირაღი მომეცითო.
მიართვეს. ბაირაღს ერთ მხარეს ყრმა იესო და ღვთისმშობელი ეხატა, ხოლო მეორე მხარეს - წმინდა გიორგი.
ქართველებს გული მიეცათ: მეფის შემართებამ ისინი აანთო. მტრის სისქისაკენ დაექანენ.
შემხვედრი ყიზილბაში ერეკლემ ბაირაღის შუბით განგმირა. ხუთასამდე ქართველი სპარსელებს ჩაეჭრა და დროშებამდე მივიდა, ამ რაზმს თვითონ აღა-მაჰმად-ხანიც განერიდა, მაგრამ ქართველებს ძალა აღარ ეყოთ, მერს ვერ მიჰყვნენ.
უკან დაიხიეს და სიმაგრეებს მიაშურეს. სპარსელებმა ერთი დიდი რაზმი კოჯრის გზიდან შემოატარეს და ქართველებს ზურგში მოექცნენ. არაგველთა სამასკაციანი რაზმი სრულიად გაწყდა.
სამმა ათასმა სპარსელმა მარტო მეზარბაზნეებს შეუტია.
მეზარბაზნეთა უფროსს გიორგი გურამიშვილს დამარცხების სუნი ეცა.
მეომრებს მოუწოდა:
- სამი თითით ყველამ მიწა ავიღოთ და შევჭამოთ. წმიდა საიდუმლოს მაგიერ ეს იყოს და საიქიოს სახელოვნად წავიდეთ.
მოსულ მტრებს გიორგი ბოლოს ხმლით ებრძოლა.
სასიკვდილოდ დაჭრილი, ზარბაზანს ადამიანივით მოევია და, მამულის ჭირის სანაცვლო ვიყოო, აღმოთქვა.
მოძალებულ მტერს ერეკლემ ქალაქში შეასწრო.
არეულმა და გამწარებულმა, ავლაბრის ხიდიდან მობრუნება და მტერზე შეკვდომა იფიქრა, მაგრამ თანამებრძოლებმა ძალით გაიტაცეს. ხიდის თავში ქრისტიანობისათვის წამებული ჭაბუკის აბო თბილელის ნიშთან ილოცა, უფალს თბილისის გადარჩენას ევედრა, თვითონ კი განწირული ქალაქი დატოვა და მთიულეთს შეეფარა.
თბილისი სპარსელებმა რამდენსამე დღეს ანგრიეს, წვეს და ძარცვეს.
ქალაქი სიკვდილით ახრჩოლდა.
აღა-მაჰმად-ხანი თბილისიდან მალე წავიდა. სპარსეთში აჯანყება დაწყებულიყო და მის ჩასაქრობად გასწია.
თბილისი აოხრდა ორასი წლის წინათ, 1795 წლის სექტემბერში.
რუსების ორი ბატალიონი, რომელსაც ერეკლე ამდენ წელიწადს ითხოვდა, თბილისში დეკემბერში მოვიდა.
ამ ჯარის სათხოვნელად რუსეთში გარსევან ამირეჯიბი იმყოფებოდა, ძველი წიგნები გვიამბობენ გარსევანის ცოლის გმირობაზე: მარტო მყოფ ქალს შინ ყიზილბაშები შეუხდნენ. ქალმა იმარჯვა და ორი მომხდური ხანჯლით განგმირა, მაგრამ თვითონაც დაიჭრა.
შეიპყრეს და ვიღაც დარუბანდელ მოლაშქრეს მიჰყიდეს.
ორიოდე წლის შემდეგ აღა-მაჰმად-ხანი კვლავ გამოემართა საქართველოსაკენ.
ქართლ-კახეთში შფოთავდნენ და საშინელი ბრძოლისათვის ემზადებოდნენ.
კათალიკოსმა ანტონ მეორემ ეკლესიათა საგანძურის გადამალვა გადაწყვიტა.
იგი ალავერდში ავიდა, რათა იქაური წმიდა გიორგის ხატი სადმე საიდუმლოდ შეენახა.
ხატის ჩასასვენებელი დიდი ლუსკუმა რამდენჯერმე გააკეთეს, მაგრამ, თითქოს გაჯიუტდა, თითქოს თავის დამალვა არ მოისურვა, რატომღაც არცერთხელ არ ჩაეტია.
ახალ ლუსკუმას ამზადებდნენ, ალავერდში დიმიტრი გურამიშვილი რომ მოიჭრა და ძმათა კრებულს აღა-მაჰმად-ხანის სიკვდილი აუწყა. მძინარე მბრძანებელი ყარაბაღში მისავე მსახურებს მოეკლათ.
უსარდლო ლაშქარი, ცხადია, უკანვე გაბრუნებულიყო.
ხატის ზურგი ვერცხლით მოჭედეს, ზედ ეს სასწაული და საქართველოს გადარჩენის ამბავი დააწერეს.
პატარა კახმა განჯაში ილაშქრა და აღა-მაჰმად-ხანის მიერ წასხმული ტყვეები გაათავისუფლა.
ახალ ლაშქრობებზეც ფიქრობდა, რუსთა ბატალიონები ეიმედებოდა.
ერეკლე წყალმანკით გარდაიცვალა: თელავში, იმავე დარბაზსა და საწოლში აღესრულა, სადაც დაიბადა.
ჭირიანობის გამო გზები შეკრული იყო და ამიტომ მცხეთაში ორმოც დღეს ვერ წაასვენეს.
სოლომონ ლიონიძის სიტყვა გოდებდა:
„ცა და ქვეყანა მეფის ერეკლეს მახსოვარნი არიან. მზე და მთოვარე იმის ბედნიერს ლაშქრობაში ხანდაზმულნი არიან. დღისით მზე იყო მეწინავე სარდალი და ღამით მთოვარე მეფის ერეკლეს გამარჯვებულს დროშას წინ უძღოდენ“.
შიშობდა სოლომონი:
რად სტირი, სადავითო სახლოო, ბაგრატიონთ აგონებდა და პასუხს თვითონ ეძებდა:
„ვაი თუ საქართველოს საფარველად გადახურვილი მეფის ერეკლეს ბედნიერი დროშის კალთები აგვეხადა“;
„ვის დროშას ვემსახურო?! ვინ შევიყვარო?! ვისთვის მოვკვდე?!“
ეს გოდება მარტო ერეკლეს დატირებას არ ჰგავდა.
საქართველოზე განსაცდელი მოდიოდა.
ხოლო განსაცდელს ლიონიძე სხვაზე ადრე ატყობდა.
თენგიზ წოწონავა „საბავშო
ისტორია“
წიგნი III, გვ. 37-47