(მცირეოდენი შემოკლებით)
ნადირ-შაჰი მისმა შეთქმულმა მეომრებმა მოკლეს. ამ ამბავმა სპარსეთი სრულიად არია. დიდებულები შაჰის ტახტს ერთმანეთს წამდაუწუმ სტაცებდნენ.
არეულობა სპარსეთის საბატონოებსაც მოედო.
თეიმურაზმა და ერეკლემ ერევანი, განჯა, ყარაბაღი და ნახჭევანი ქართველთა სამეფოს დაუმორჩილეს.
მაჰმადიან შაჰებს შიში დაეუფლათ, ერეკლე ისპაჰანს დაიპყრობს და შაჰის გვირგვინს დაიდგამსო.
ქართული მხედრობა აღზევდა, მისი ხმალი ლამის სპარსეთის საზღვრებსაც მისწვდა.
ალაზანს გაღმა, შაქში ლაშქრობდა. შაქის ხანმა აჯი-ჩელებმა ერეკლეს მომხრე ხანები მოისყიდა. ბრძოლაში აჯი-ჩელების მთავარი ლაშქარი რომ ჩაება, ამ დროს ხანებმა ერეკლე მიატოვეს.
გამოქცეულ ქართველებს ადიდებულ ალაზანში გამოსვლა გაუჭირდათ. წყალწაღებული ქვეითები თავის გადასარჩენად ცხენებს ეხვეოდნენ. მათ მეფის ცხენიც დაითრიეს და ერეკლე კინაღამ დაახრჩვეს.
ქვეითად დარჩენილ ერეკლეს ანდრონიკაშვილმა მიაძახა: შემომიჯექი და ერთად გავიქცეთო. თუნდაც აქ მომკვდარიყო, მეფე ანდრონიკაშვილს პატარა ბიჭივით როგორ შემოუჯდებოდა?
მაჩხაანელი გლეხი ბოსტაშვილი მოვარდა, ცხენი საყვარელ მეფეს დაუთმო და თვითონ ფეხით გამოიქცა.
ერევანი და ნახჭევანი აზერბაიჯანელმა აზატ-ხანმა დაიპყრო. ერეკლემ მაშინვე ერევანს მიაშურა. აზატ-ხანის სარდალი ქალაქს უბრძოლველად გაეცალა.
ეს ამბავი აზატ-ხანს მიდიაში აცნობეს. გამძვინვარებულმა თვრამეტი ათასი ყიზილბაში და ავღანელი წამოიყვანა, ზარბაზნები წამოიღო, სწრაფად იარა და მდინარე გარნაჩაიზე დადგა. ერეკლეს სულ სამ ათასამდე მოლაშქრე ჰყავდა. მათგან ხუთასამდე კაცი ავად იყო და ბრძოლისთვის არ გამოდგებოდა.
- გავბრუნდეთ, მტერს ტყუილუბრალოდ ნუ შევაკვდებით! - ურჩიეს მეფეს.
ერეკლემ სხვაგვარად განსაჯა: ამაღამ რომ გავიქცეთ, სულერთია, ხვალ მოგვეწევიან. უსახელოდ დაღუპვას ისევ ის სჯობს, ნამუსიანად დავიხოცოთ. ორი დღის სიცოცხლისთვის გვარს ნუ შევირცხვენთ.
მალე გამოჩნდა აზატ-ხანის ჯარი, რომელიც მწყობრად მოემართებოდა. ერეკლე ცხენიდან ჩამოხდა, მიწაზე დაემხო და ღმერთს გამარჯვება სთხოვა.
ბრძანა:
- მტერს ქვეითად დავუახლოვდეთ. ცხენზე, ვიდრე მე არ შევჯდები, თქვენც ნუ შესხდებით, და თოფს, ვიდრე მე არ ვისვრი, თქვენც ნუ გაისვრით!
ქრისტეს ჯვარს ეთაყვანა და ჯარიც ათაყვანა.
ჯვართან ერთი ერევნელი თათარი მივიდა.
- თუ რამ შეძლება გაგაჩნია, იესო ქრისტე, დღეს გამოჩნდება. - თქვა თათარმა. და ერეკლეს გვერდით დადგა, რათა მისი ბედი გაეზიარებინა.
ცხენიდან ჩამომხდარი ქართველები აზატ-ხანის რიგებისაკენ გაემართნენ. აზატ-ხანის მეომრები ირგვლივ შემოეკვრნენ.
დაგვმორჩილდნენო, ასე იფიქრეს უმოქმედოდ მდგომ ქართველებზე, ალყა თანდათან დაავიწროვეს, ქართველთა რაზმსა და მათ შორის შუბიც ძლივს გაიმართებოდა.
აზატ-ხანის ერთმა დიდებულმა თავი გამოიდო, სარდალს სთხოვა:
- ნება დამრთე, დიდო ხან, რომ ერეკლე შევიპყრო და მოგართვა.
აზატ-ხანმა ნება დართო.
მეტიჩარა დიდებულმა თანამებრძოლთა რიგები გამოარღვია და ქართველებს დასძახა:
- ერეკლე მეფე სად არისო!
- მე ვარ ერეკლე მეფე! - მკვირცხლად გამოხტა პატარა კახი, თოფი აგრიალა და დიდებული უსულოდ დასცა.
ერეკლეს გასროლა ნიშანი იყო.
მოალყეთა წინა რიგები ქართველებმა სრულიად დათოფეს, გაოგნებულ ყიზილბაშებს დაერივნენ, კაფეს და მუსრი ავლეს.
სირცხვილნაჭამი აზატ-ხანი გაიქცა. ქართველებს დარჩათ მისი ორიათას ხუთასი კარავი, ასი აქლემი და ოცდაოთხი ზარბაზანი.
ერევნელ თათარს უთქვამს, ამ საქმეს კაცი ვერ იზამდა, უთუოდ იმ ჯვარმა ქნაო.
ქართლ-კახეთს ყველაზე მეტად დაღესტნელი რაზმები აჩანაგებდნენ. ისინი ძარცვავდნენ და სპობდნენ ყველაფერს, რასაც მიეწეოდნენ, და ისევე სწრაფად ქრებოდნენ, როგორ უეცრადაც გამოჩნდებოდნენ.
ხან მცირე, ხან დიდ რაზმებად დაძრწოდნენ. უფრო მეტად ღამით მოძრაობდნენ. დღისით კი ხევ-ხუვებში იმალებოდნენ და იქიდან გარეშემოს ზვერავდნენ.
ხუნძახელი ნურსალ-ბეგის მოზრდილმა ლაშქარმა ერთხელ კახეთი გადაიარა და საარაგვოზე გავიდა.
მჭდიჯვარის ციხეს დაადგა.
ქართლელები და კახელები, რომელთაც თეიმურაზი და ერეკლე გამოუძღვნენ, დუშეთში შეიყარნენ. ნურსალ-ბეგის ლაშქარს მათ სისხლი ადინეს - ამ ბრძოლაში ცხრაასამდე დაღესტნელი დაიღუპა.
ნურსალ-ბეგის ლაშქარი ყვარლის ციხეს შემოეწყო.
ციხეში წყალი არ ჰქონდათ და ტყვია-წამალიც აკლდათ.
მეციხოვნე დავით ლარაძემ თავი გადადო, ღამით ციხიდან გამოიპარა და იმ ადგილს დაადგა, სადაც ლეკებს წყარო გადაეკეტათ. მან რამდენიმე ლეკი ხანჯლით განგმირა და ციხეზე წყალი მიუშვა. ციხიონმა სული მოითქვა.
თვითონ ლარაძემ მეფეს მიაშურა, ციხის მდგომარეობა და მტრის განლაგება აღუწერა. ორასამდე ვაჟკაცმა იკისრა, ციხეში ტყვია-წამალს ჩვენ შევიტანთო. რაზმი ყვარლისკენ გაემართა. ღამით ციხეს მიუახლოვდნენ და თოფები ერთდროულად დააქუხეს. მოულოდნელმა ხმაურმა მოალყეები შეაკრთო, ქართველებმა არეულობით ისარგებლეს, ციხეში ხმალდახმალ შეიჭრნენ და ტყვია-წამალიც შეიტანეს.
ნურსალ-ბეგის მრავალრიცხოვან ლაშქარს რომ შებმოდა, ბევრი სისხლი დაიღვრებოდა. ერეკლემ ამჯობინა, რომ ღონეზე მეტად ხერხი ეხმარა და მტერი ისე დაემარცხებინა.
ნურსალ-ბეგს უმეტესად ჭარელი ლეკები წამოესხა. ერეკლემ ქიზიყელები მათ სამშობლოს - ჭარს შეუსია, დაარბევინა და ურიცხვი ცხვარ-ძროხა გამოარეკინა.
ჭარელებმა ნურსალ-ბეგს შესჩივლეს:
- აქ ერთ ცხენს უბრალოდ ვაკვდებით, კახელებს კი ჩვენი ოჯახები აუოხრებიათ!
ნურსალ-ბეგმა ისინი დაამშვიდა:
- აგერ ამ ციხეს ავიღებ, კახეთიც ხელთ დამრჩება და თქვენს ამაგს გადავიხდი.
ერეკლემ ჭარი მეორედაც დაარბევინა. დაღესტნისა და ჭარის ლეკები შეკამათდნენ. ჭარელებს გული აღარ დაუდგათ, აშფოთდნენ.
- ციხე მანამდეც ვერ ავიღეთ. ახლა იქ ხალხი შეაშველეს, ჩვენს ქვეყანას კი თვითონ მიესივნენ...
ერთმანეთს წაეკიდნენ.
ამ ჩხუბში კაცი მოუკვდათ და დაჭრითაც ბევრი დაეჭრათ.
ბოლოს ჭარელებმა ნურსალ-ბეგი მიატოვეს და თავიანთ სამშობლოში გაიქცნენ.
მერე სხვებიც ახირდნენ. ლაშქარს გუნდ-გუნდად ტოვებდნენ და გარბოდნენ, იმისიც ეშინოდათ, ერეკლე ჩვენს სოფლებსაც არ მიადგესო, და იმისიც - ასე შეთხელებულებსა და არეულებს, აქ არ დაგვეცეს და არ ამოგვჟლიტოსო.
ლაშქარი რომ შემოაკლდა, შეშინებული ნურსალ-ბეგი ყვარელს თვითონაც გაეცალა.
თეიმურაზ მეფემ პეტერბურგს მიაშურა.
რუსებთან უცნაური სათხოვარი ჰქონდა: სპარსეთში ტახტს ვერ იყოფენ; ერთად შევიჭრათ, ვინც გვენდომება, შაჰად დავსვათ, სპარსეთის ქვეყანა ასე დავიპყროთო.
რუსები ყოყმანობდნენ.
დრო კი გადიოდა.
იმავე წელიწადს სპარსეთში ქერიმ-ხანმა მტრები მიმოფანტა და ტახტი დაიპყრო. ქვეყანაც დალაგდა.
შაჰობის მაძიებელი აზატ-ხანი აზერბაიჯანში გადმოიხვეწა.
ქერიმ-ხანმა ერეკლეს მოსწერა:
„აზატ-ხანი ქვეყნებს მირბევს. თუ შეეყარო, დაიჭირე, ირანს შენი ვალი დასდე“.
აზატ-ხანი დაღესტანში ეშურებოდა, ყაზახის მხარეში ერეკლემ გზა რომ მოუჭრა და შეიპყრო.
ძვირფასი ტყვე შაჰს გაუგზავნა, მეომრები კი უკლებლივ ყველა გაათავისუფლა.
მადლიერმა ქერიმ-ხანმა ერევნის მხარე და აზერბაიჯანის სახანოებიც ერეკლეს განუმტკიცა.
ხანებს მისწერა:
„რაც ხარკი გადევთ, ერეკლეს მიართვით და, როგორც მორჩილების წესია, მას ისე დაემორჩილეთ“.
თეიმურაზი რუსეთში გარდაიცვალა.
ერთადერთ მემკვიდრეს - ერეკლეს ქართლის მეფობა დარჩა და მეფის გვირგვინმა აღმოსავლეთი საქართველო სრულიად შეაერთა.
თენგიზ წოწონავა „საბავშო
ისტორია“
წიგნი III, გვ. 21-28