კახეთის მხსნელი გმირები

მამული მიწა

შაჰები კახელებს სპარსეთის სხვადასხვა კუთხეში ერეკებოდნენ, მათ ნაცვლად კი ურჯულო გადამთიელები მოჰყავდათ. ორმოც ათასამდე ელი ბარაქიან კახეთს კალიებივით შეუსიეს.

ელები მეჯოგეები იყვნენ, ბაღი და ვენახი არც იცოდნენ, სპობდნენ, ჩეხავდნენ, საქონელს უსევდნენ, მშრომელ და გამრჯე კახელებსაც, ვინც მამაპაპურ მიწას ჯერ კიდევ შერჩენოდა, მოსვენებას არ აძლევდნენ.

ზაალ არაგვის ერისთავმა რჩეულ მამულიშვილებს უხმო. ავჯანყდეთ და ელები გავწყვიტოთო, დათქვეს მათ.

ბიძინა ჩოლოყაშვილმა, შალვა ქსნის ერისთავმა და მისმა ძმამ ელიზბარმა ლაშქარი შეკრიბეს.

მთიელები - თუშები, ფშაველები და ხევსურებიც ყალყზე დადგნენ და დასაქუხებლად მოემზადნენ.

ბახტრიონული ომი

ბახტრიონსა და ყარაღაჯში სპარსელებმა ციხეები ააგეს. ალავერდში ხომ იდგნენ და იდგნენ! ამ ციხეებში მყოფი ყიზილბაშეი ელებს იცავდნენ და დარაჯობდნენ.

ბიძინა ჩოლოყაშვილმა კახელები ალავერდისკენ წაიყვანა, ხოლო შალვას, ელიზბარსა და ზეზვა გაფრინდაულს ლაშქარი, რომელშიც ქართლელები და მთიელები ითვლებოდნენ, ახმეტიდან ბახტრიონისკენ დაეშვა.

შუაღამისას ალავერდსა და ბახტრიონს ქართველები ერთდროულად დაეცნენ.

ზეზვამ და თუშმა გმირებმა, რომლებიც ბახტრიონზე პირველნი გადაეშვნენ, ლაშქარს ციხის კარები გაუხსნეს.

ბიძინა ჩოლოყაშვილმა ალავერდის ციხე შემუსრა.

ბახტრიონელი მეციხოვნეები გამოცვივდნენ და ალავერდისაკენ გაიჭრნენ, რათა იქ თავი შეეფარებინათ. მათ არ იცოდნენ, ალავერდსაც ბახტრიონის გასაჭირი თუ სჭირდა, შუა გზაზე ალავერდელ თანამოძმეებს შეეჩეხნენ, ჩოლოყაშვილისაგან დაფრენილები თავშესაფარებლად ბახტრიონისაკენ რომ მორბოდნენ.

ერთნი ალავერდისკენ გარბოდნენ, მეორენი ბახტრიონისკენ, მაგრამ ორივე ციხე უკვე ქართველებს ეჭირათ, მინდორში დარჩენილი ყიზილბაშები გონს ვერც მოვიდნენ, მდევრები ორივე მხრიდან რომ მოაწყდნენ.

მწარე დღე დაათენდათ. ქართველებმა ისინი სრულიად ამოწყვიტეს (იმ მინდორს მას შემდეგ „გაწყვეტილა“ ჰქვია).

მეციხოვნეები რომ გაჟლიტეს, აჯანყებულები უკვე თვითონ ელებს დაერივნენ, ყველგან მისწვდნენ და დედაწულიანად ამოხოცეს ისინი.

ზაალ ერისთავის კამათელი

იმ დროს სპარსეთში შაჰ-აბას მეორე მეფობდა. დაფიქრდა შაჰი: ჯარი რომ გაეგზავნა, მერე რა? დიდ ბრძოლებში ქართველები იქნებ დამარცხებულიყვნენ, მაგრამ უცხოს და უჯიშოს თავიანთ მამულში მაინც არ გაახარებდნენ. მოთავეების დასჯა ამჯობინა.

ქართლის მეფეს ვახტანგ მეხუთეს (მას შაჰნავაზს ეძახდნენ, მაჰმადიანი იყო) ზაალ ერისთავის მოკვლა უბრძანა.

ზაალ ერისთავი დუშეთში, თავისი სასალის ფანჩატურში ნარდს თამაშობდა, როცა დამტერებული ძმისშვილები თავს წაადგნენ. ერთმა მათგანმა - ოთარ ბეგმა ბიძა სასიკვდილოდ დაჭრა.

ზაალის ძმები შეიპყრეს და სპარსეთში გაგზავნეს, სადაც ერთი დაიღუპა, ხოლო მეორე გათათრდა.

მანძილი მუხლიდან მიწამდე

მსჯავრს რომ გაქცეოდნენ, საქართველო, ვაითუ, კვლავ აოხრებულიყო. ამიტომ ბიძინა, შალვა და ელიზბარი ყარაღაჯში სპარსელ მმართველს ჩაბარდნენ. ისინი სპარსეთში გაგზავნეს.

შაჰმა დახოცილ ელთა ნათესავებს მისცა დასასჯელად, რაც გინდათ, უყავითო.

გამაჰმადიანება უბრძანეს. უარმა გააცოფათ, ცემეს, აწამეს, შემდეგ გააშიშვლეს და, ხელფეხშეკრულნი, მზის გულზე დაყარეს.

შიმშილითა და წყურვილით დაოსებულ გმირებს რამდენსამე დღეს მწერები ეხვიათ. მაინც არ გატყდნენ.

ელებმა თავდაპირველად შალვასა და ელიზბარის მოკვლა განიზრახეს, ჩოლოყაშვილი, მათ დახოცვას თუ აყურებინებდნენ, ეგონათ, შეშინდებოდა.

გმირთა ახოვანება შეშურდათ, კისერზე რომ ვერ ასწვდნენ, მახვილები წვივებში შემოჰკრეს და, როცა ისინი მუხლებით, თავები მაშინღა წაჰკვეთეს.

როგორ აწამეს ბიძინა ჩოლოყაშვილი?

რომ ვერაფრით მოდრიკეს, ბიძინა ჩოლოყაშვილს ქალის ტანსაცმელი ჩააცვეს, ვირზე შესვეს და ქუჩები მოატარეს.

ვირზე სპარსეთში მხოლოდ ქალები სხდებოდნენ, მამაკაცისათვის ეს სამარცხვინოდ ითვლებოდა.

მაგრამ ქრისტიანისათვის ვირზე ჯდომა სამარცხვინო როგორ იქნებოდა. განა თვითონ იესო იერუსალიმში ასე არ შებრძანდა?

- ეს უღმერთონი ვერც ხვდებიან, რა ბედნიერებას მიმზადებენ, - უთქვამს ბიძინას, - ამ ვირით მე სამოთხეში შევალ.

ხელის თითები დააჭრეს და უთხრეს:

- თუ თვითმპყრობელს დაემორჩილები, გიმკურნალებთ.

შემდეგ ფეხის თითები დააჭრეს.

- თუკი ქრისტეს დაგმობ, ამ ჭრილობებზეც გიწამლებთ.

ბიძინა მათ აღარ პასუხობდა, საშინელ ტკივილს ითმენდა, ლოცულობდა.

ელებმა იგი ასო-ასო დაჭრეს:

ორივე ხელი მაჯაში გადაკვეთეს; ორივე ფეხი კოჭებში... მერე მკლავები იდაყვებამდე და ფეხები მუხლებამდე, მერე მხრები და ფეხები, რაც დარჩენოდა.

როცა ნახეს, რომ სხეულის დარჩენილ ნაწილში გული ისევ ფეთქვდა, გამწარდნენ, მახვილი უკანასკნელად გულს ჩასცეს და მოისვენეს.

შალვასა და ელიზბარის გვამები მათი ოჯახის წევრებმა გამოხსნეს და იკორთაში დაკრძალეს.

ბიძინა ჩოლოყაშვილის სხეულის ნაწილები დაიკარგა.

ზოგჯერ გმირის საფლავიც არ რჩება, წამებულმა სხეულმა რომ განისვენოს, ხოლო შთამომავლობამ წმიდა ადგილი შეიძინოს.

ბიძინა ჩოლოყაშვილის უსაფლაო ნაწილები საქართველოს ისტორიის გზაზეა გაფენილი და წარსულიდან მომავლისკენ მიმავალ ქვეყანას ათიათას სანთლად უნთია.

თენგიზ წოწონავა „საბავშო ისტორია“
წიგნი II, გვ. 86-108