იოანე პეტრიწი


იოანე პეტრიწი
მოქანდაკე ი. ოქროპირიძე

ფილოსოფოს იოანე პეტრიწის მოღვაწეობა დაკავშირებულია საქართველოს ისტორიის ბრწყინვალე პერიოდთან, როცა ჩვენმა ქვეყანამ უდიდეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ აღმავლობას განიცდიდა. ეს აღმავლობა კი იყო შედეგი დავითისა და თამარის ძალისხმევისა - დაქუცმაცებული სამთავროების ერთ მთლიან სახელმწიფოდ გაერთიანებისა, შიდა და გარე წინააღმდეგობების დაძლევისა. ამ დროს არა მხოლოდ საქართველოში, მის გარეთაც არსებობდა ქართული კულტურის მძლავრი კერები, მაგალითად, საბერძნეთში, თურქეთში, პალესტინაში, ბულგარეთში და სხვაგან, სადაც ქართველი მოღვაწენი არა მარტო ორიგინალურ ნაწარმოებებს ქმნიდნენ, არამედ თარგმნიდნენ საეკლესიო და ფილოსოფიურ თხზულებებს, ასწორებდნენ მათ, ურთავდნენ განმარტებებს... სამოღვაწეო ასპარეზზე გამოჩნდა მთელი წყება ქართველი მოაზროვნეებისა, რომელთა შორის უნდა დავასახელოთ XI-XII საუკუნეების ფილოსოფოსი იოანე პეტრიწი.

იოანე პეტრიწი სწავლობდა კონსტანტინოპოლში, კონსტანტინე მონომახის მიერ დაარსებულ აკადემიაში. შემდეგ მოღვაწეობდა ბულგარეთში, პეტრიწონის მონასტერში. ამ მონასტრის სახელისგან წარმოდგა მისი სახელი „პეტრიწი“, თუმცა ზოგის აზრით, ასე დაერქვა ზუსტი და ღრმა კვლევისათვის, „სიმკაცრით გამოძიებისათვის წერილისათა“. საბოლოოდ პეტრიწი დავით აღმაშენებლის მიერ დაარსებულ გელათის აკადემიაში დამკვიდრდა.

პეტრიწმა თარგმნა ბერძენი ფილოსოფოსის პროკლე დიადოხოსის თხზულება „კავშირნი ღვთისმეტყველებითნი“, რომელსაც საკუთარი ახსნა-განმარტებანი დაურთო. სინამდვილეში, ეს უბრალო განმარტებანი კი არა, მისი ფილოსოფიური შეხედულებები იყო, ვინაიდან დასხვა და თავისებურად გადაწყვიტა მრავალი ფილოსოფიური პრობლემა.

პეტრიწმა თარგმნა და განმარტა მრავალი სხვა თხზულებაც, მაგალითად, არისტოტელეს „კატეგორიები“, „განმარტებებისათვის“, ამონიოსის „ბუნებისათვის კაცისა“, იოანე სინელის „სათნოებათა კიბე“, „შესხმანი წმიდათანი“ და ა.შ. ამ თარგმანების ნაწილი გამოქვეყნებულია, ნაწილი კი დაკარგულია.

საქართველოში პეტრიწი დიდად ცნობილი იყო. მას უწოდებდნენ „საღრმთო ფილოსოფოსს“, „ჭეშმარიტ ფილოსოფოსს“ და სხვ.

პეტრიწის პოპულარულობას ხელს უწყობდა მისი დიდი განსწავლულობა, ფოლოსოფიის ღრმა ცოდნა, მაგრამ მიზეზი მაინც უფრო მისი პოეზია გახლდათ. პეტრიწის პოეტური თხზულებებიდან აღსანიშნავია პოემა „წიგნი ათ-ორ თვისა“. აქ პეტრიწი ხოტბას ასხამს და აღწერს მსოფლიო წმინდანების ღვაწლს ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელებაში. გარდა ამისა, მან შეადგინა ხუთი თვის - სექტემბერ-იანვრის - თვეების კალენდარი. მსოფლიო წმინდანების მოღვაწეობის ეს კალენდარი პეტრიწს დაუმთავრებელი დარჩა. ის დაასრულეს არსენ ბულმაისის ძემ (XIII ს.) და არსენ კათოლიკოსმა (XVIII ს.).

პეტრიწს ლექსადვე დაუწერია ერთიკური შინაარსის ტრაქტატი „შვიდთათვის ვნებათა“, რომელიც შვიდი თავისაგან შედგება, თითოეული თავი ორი ნაწილისაგან, რომელთაგან ერთი ვნებას ეხება, მეორე - მადლს. თხზულებაში გამოხატულია იოანე პეტრიწის შეხედულება ზნეობაზე, იგი გმობს სიამაყეს, სიმდიდრის სიყვარულს, უზნეობას, სიძულვილს და სხვ. აქებს თავდაჭერილობას, სიყვარულს, ზომიერებას, ზნეობრიობას, პატიოსნებას, სიკეთეს და სხვა სათნოებებს.

პეტრიწის მსოფლმხედველობა მთლიანად ქრისტიანულია. იგი აღიარებს ორი სამყაროს არსებობას - ამქვეყნიურს, რომელიც წარმავალია და ზეციურს, მარადიულ სამყაროს.

პეტრიწის მემკვიდრეობა თვალნათლივ ამტკიცებს, რომ XI-XII საუკუნეების საქართველოში რუსთაველამდე იქმნებოდა ფილოსოფიური ტრაქტატები და პოემები მაშინ, როცა მსოფლიოს მრავალი ერი კულტურის განვითარების თვალსაზრისით საკმაოდ დაბალ დონეზე იდგა. ამ დროს ქართველი მოაზროვნენი ურთულეს ფილოსოფიურ პრობლემებს წყვეტდნენ, აყალიბებდნენ ეთიკურ შეხედულებებს, ქმნიდნენ საკუთარ ფილოსოფიურ კონცეფციებს და დიდი წვლილი შეჰქონდათ მსოფლიო კულტურის განვითარებასა და გაღრმავებაში. ამ მხრივ ფასდაუდებელია ღვაწლი იოანე პეტრიწისა.

გამოყენებული ლიტერატურა:
თამარ კუკავა, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი,
ფილოსოფიის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი
საბავშვო ალმანახი „ციცინათელა“
№46, 2001