დავით სარაჯიშვილი

1848-1911

გამოჩენილ ქართველ მამულიშვილთა შორის დავით სარაჯიშვილს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. იგი იყო საქართველოში კონიაკის წარმოების ფუძემდებელი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, ფილოსოფიის მაგისტრი. სახელი გაითქვა, როგორც მრეწველმა და ქველმოქმედმა.

დავით სარაჯიშვილი დაიბადა 1848 წლის 28 ოქტომბერს, შეძლებული თბილისელი მოქალაქის - ზაქარია სარაჯიშვილის ოჯახში. დავითის წინაპრები დიღმელები ყოფილან. მის მამას, ზაქარიას, სოფელ დიღომში 1863 წელს აუშენებია „თეთრი წმინდა გიორგის“ ეკლესია. ეკლესიის შესასვლელის ზემოთ, ქვაზე, მხედრული ასოებით ამოკვეთილია ამგების ვინაობა. ამ ეკლესიაში განისვენებენ დავით სარაჯიშვილის მშობლები.

დავით სარაჯიშვილმა განათლება საზღვარგარეთ - გერმანიასა და საფრანგეთში მიიღო. სამშობლოში დაბრუნებულმა ვლადიკავკავში შეიძინა არყის ქარხანა და საქართველოში პირველმა დაიწყო კონიაკის დაყენება. კონიაკის ქარხნები ჰქონდა თბილისში, ერევანში, ბაქოში, ყიზლარში. საკუთარი მაღაზიები კი თბილისში, პეტერბურგში, რიგაში, მოსკოვში, ხარკოვში, ყიზლარში, ერევანში, ბაქოში, ვლადიკავკავში და სხვ.

დავით სარაჯიშვილის ფირმის სამარკო კონიაკები სხვადასხვა დროს წარმოდგენილი იყო პარიზის, ყაზანის, ჩიკაგოს, პეტერბურგის გამოფენებზე და ჯილდოებიც მიიღო. დავითი თავის ქარხნებში მომუშავე მუშების კეთილდღეობაზეც ზრუნავდა. შეამცირა მუშათა სამუშაო დღე. ვლადიკავკავში მუშებისათვის დააარსა საკვირაო სკოლა, სადაც ათი წლის განმავლობაში ასწავლიდა პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე ლუარსაბ ბოცვაძე. სტიპენდიებს უნიშნავდა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე ნიჭიერ სტუდენტებს. მისი სტიპენდიანტები იყვნენ შემდგომში ცნობილი მოღვაწენი: დიმიტრი არაყიშვილი, მელიტონ ბალანჩივაძე, ია კარგარეთელი, კოტე ფოცხვერაშვილი, მოსე თოიძე, გიგო გაბაშვილი, დავით კაკაბაძე, კალისტრატე ცინცაძე (შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი) და სხვები.


დავით და ეკატერინე
სარაჯიშვილები

დავით სარაჯიშვილს ცოლად ჰყავდა ეკატერინე ფორაშვილი. ისინი დღევანდელ მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე სასახლეში ცხოვრობდნენ, სადაც ახლა მწერალთა კავშირია მოთავსებული. სარაჯიშვილთა ბინა საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრი იყო. ეს ოჯახი იმ დროისათვის ყველა კულტურულ-საგანმანათლებლო თუ საზოგადოებრივი საკითხის გადაწყვეტაში იღებდა მონაწილეობას. საქართველოს უცხოელი მეგობრებისათვის ამ ოჯახის კარი მუდამ ღია იყო.

ილია ჭავჭავაძე თავის ახლად დამთავრებულ ნაწარმოებებს მეგობართა წრეში კითხულობდა და, როგორც თანამედროვენი გადმოგვცემენ, დავით სარაჯიშვილი იყო მისი ნაწარმოებების ნათლია. ილიას დავით სარაჯიშვილის სალონში წაუკითხავს „განდეგილი“ და „ოთარაანთ ქვრივი“.

დავით სარაჯიშვილი გარდაიცვალა 1911 წლის 20 ივნისს.

„სახალხო გაზეთი“ ნეკროლოგში* წერდა: „თავის დაუღალავი შრომითა და ენერგიით განსვენებულმა შექმნა დიდი ფირმა და შეიძინა ქონება, რომლითაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში ბრძნულად სარგებლობდა. თითოეული ქართველი ძალიან კარგად იცნობს დავით ზაქარიას ძეს, როგორც ქველმოქმედს; იცნობს, როგორც ადამიანს, რომელსაც საზოგადოებრივი საჭიროებანი თავის პირად საჭიროებად მიაჩნია. დავით ზაქარიას ძე ეხმარებოდა კულტურულ-განმანათლებელ დაწესებულებებს, ეხმარებოდა მოსწავლე ახალგაზრდობას...“

გამოყენებული ლიტერატურა:
ლ. ნანიტაშვილი „დავით სარაჯიშვილი“
დამოუკიდებელი საბავშვო ალმანახი „ციცინათელა“
№6, 1996

* ნეკროლოგი - ვისიმე გარდაცვალების გამო გამოქვეყნებული წერილი, რომელიც შეიცავს ცნობებს გარდაცვალებულის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ