მელიტონ ბალანჩივაძე ქართული პროფესიული მუსიკის ერთ-ერთი ფუძემდებელია. ბავშვობიდან იგი ქართულ ხალხურ და ქალაქურ სიმღერებზე იზრდებოდა. სწორედ ხალხური სიმღერების შეკრებით დაიწყო მელიტონ ბალანჩივაძის მუსიკალურ-საზოგადოებრივი მოღვაწეობა. მის მიერ ჩამოყალიბებულმა სასიმღერო გუნდებმა დიდი მოწონება დაიმსახურა საზოგადოებაში.
მუსიკალური განათლების მისაღებად მელიტონი პეტერბურგში გაემგზავრა და საკმაოდ დიდხანსაც დაჰყო იქ, დაახლოებით 28 წელიწადი.
პირველი ქართული ოპერის სიუჟეტად კომპოზიტორმა აკაკი წერეთლის „თამარ ცბიერი“ აირჩია. ოპერას „დარეჯან ცბიერი“ ეწოდა და მისი წერა 1926 წელს დასრულდა. პოემისა და ოპერის იდეაა სამშობლოს სიყვარული და ხალხის კეთილდღეობისათვის ბრძოლა. მუსიკა საკმაოდ მელოდიურია და ეფუძვნება ქართულ მუსიკალურ ტრადიციებს. ოპერაში მრავლადაა გამოყენებული ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვებიც.
რუსეთში ცხოვრების დროს მელიტონ ბალანჩივაძე დროდადრო ჩამოდიოდა სამშობლოში, მართავდა ქართული ხალხური სიმღერების საღამოებს, მოგზაურობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში და იწერდა ხალხურ სიმღერებს.
1917 წელს კომპოზიტორი სამშობლოში დაბრუნდა. ქუთაისში მან დააარსა სამუსიკო სასწავლებელი. იგი აირჩიეს საქართველოს მუსიკალური საზოგადოების გამგეობისა და ქართული ხალხური მუსიკის შემკრები და შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარედ.
1926 წლის 6 აპრილს თბილისის საოპერო თეატრში შედგა „დარეჯან ცბიერის“ პრემიერა. სამშობლოს თემას ეძღვება კომპოზიტორის არაერთი ნაწარმოები: „ნანა შვილო“ (ილიას ტექსტზე), „აღმართ-აღმართ“ (აკაკის ტექსტზე), „სამშობლო ხევსურისა“ (რაფიელ ერისთავის ლექსზე) და სხვები. მელიტონ ბალანჩივაძის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ასევე სატრფიალო თემასაც, რომლის შესანიშნავი ნიმუშებია რომანსები - „ოდესაც გიცქერ“ და „შენ გეტრფი მარად“.
ღვაწლმოსილი შემოქმედი გარდაიცვალა ქუთაისში, 1937 წელს, დაკრძალულია იქვე.
გამოყენებული
ლიტერატურა:
„საუბრები ხელოვნებაზე“
გამომცემლობა მერიდიანი
თბილისი, 2003