კაპადოკიას ძველი ბერძნები უწოდებდნენ მცირე აზიის აღმოსავლეთ მხარეს, მდინარე ევფრატის ზემო წელიდან შავ ზღვამდე, მდინარე ჰალისის აუზის სრული მოცულობით.
ეს ტერიტორია ძვ.წ.აღ. მეორე ათასწლეულში ეჭირათ ხეთებს - ქართველურ ტომთა შორეულ წინაპრებს. ხეთების შემდგომ კი კაპადოკიაში ცხოვრობდნენ სწორედ ქართველური ტომები: ხალიბები, ტიბარენები, მოსინიკები, მაკრონები, დრილები, სანიკები, შკვითინები, კოლხები, ტაოხები (ტაოელები), მოსხები (მესხები), სასპერები (იბერიელები).
ასე რომ, კაპადოკია გეოგრაფიულადაც და ისტორიულადაც არა მარტო ესაზღვრებოდა საქართველოს, არამედ გარკვეულწილად, თვითონაც იყო „საქართველო“.
კაპადოკიელთა სამეურნეო თუ საზოგადოებრივი ცხოვრებაც ზოგად ქართულისათვის
დამახასიათებელი ცხოვრება იყო. ძველი ბერძნები კაპადოკიელთა სოფლის მეურნეობასაც
ისეთივე „გეორგიად“ მოიხსენებდნენ, როგორც საკუთრივ საქართველოს. იმ ძველ დროში
ყველაზე სრულქმნილი და დახვეწილი სამთამადნო მეურნეობა და ლითონწარმოება, ანუ
„მეტალურგია“ უწინარესად სწორედ „კაპადოკიურ-ქართულობით“ გაიაზრებოდა და
განისაზღვრებოდა.
კაპადოკიის ქართველური ტომი - ხალიბები ხომ იმდროინდელი მსოფლიოსათვის ყველაზე სრულქმნილ ოსტატებად, მეტალურგიის „კლასიკოსებად“ იყვნენ მიჩნეულნი. ბერძნული სიტყვები „ხალიბოს“, „ხალიპს“ - ფოლადი, რვალი სწორედ იმ ქართველ ხალიბს და მის საქმიანობას უკავშირდება.
ძვ.წ.აღ. VI საუკუნის დამდეგს კაპადოკია მთელ მცირე აზიასთან ერთად დაიპყრო ირანულმა სახელმწიფომ - მიდიამ. იმავე საუკუნის მეორე ნახევარში კი მიდიის მთელი მემკვიდრეობა და მათ შორის კაპადოკიაც გადადის მეორე დიდი ირანული სახელმწიფოს - დიდი კიროს აქემენიდის მიერ დაარსებულ სპარსეთის სახელმწიფოში. კაპადოკია ორ სატრაპიად (ოლქად) გაიყო: ცენტრალურ - საკუთრივ კაპადოკიად და ზღვის სანაპირო პონტოდ.
შემდგომ, ძვ.წ.აღ. IV საუკუნის 30-იან წლებში თვითონ მთელი სპარსეთიც და საერთოდ მსოფლიო, ბალკანეთიდან შუაგულ ინდოეთამდე, დაიპყრო ალექსანდრე მაკედონელმა. მის ხელთ მოჰყვა ეს ქართველური ქვეყნები - კაპადოკია და პონტო.
ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილს უმალვე მისი სახელმწიფოს დაშლა-დანგრევა მოჰყვა. ასე წარმოიქმნენ ე.წ. ელინისტური (ბერძნულ-აღმოსავლური) სახელმწიფოები, რომელთა შორის დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ კაპადოკია და პონტო.
მაგრამ ძალიან მალე, ძვ.წ.აღ. II საუკუნეში, აზიაში იჭრებიან ახალი მსოფლიო დამპყრობელნი, ესენი არიან რომაელები, რომელთაც თავიანთ ხელთ მოიქციეს კაპადოკიაც და პონტოც.
ძვ.წ.აღ. I საუკუნეში პონტოს მეფე მითრიდატე VI ევპატორმა რომისგან
დამოუკიდებლობა გამოაცხადა. კაპადოკიაც შეიერთა, კოლხეთიც, მთელი შავი ზღვის აუზიც,
ჩრდილოეთ ყირიმის მითვლით.
მითრიდატე ძლიერი პიროვნება იყო - ტანად გოლიათი, უმამაცესი და უნიჭიერესი, 22 ენას ფლობდა, ამდენ ენაზე შეეძლო ბრწყინვალე ორატორული სიტყვა წარმოეთქვა...
მითრიდატე პონტოელმა მთელი სიცოცხლე რომაელების წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნა. ნახევარი საუკუნე დასჭირდა რომს მითრიდატე პონტოელის დასამარცხებლად და პონტო-კაპადოკიის ხელახლა დასაპყრობად. ძლეულმა მეფემ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
I საუკუნეში ქრისტეს შობის, მისი მესიანისტური მოღვაწეობის, გოლგოთაზე ჯვარცმის, აღდგომისა და ამაღლების შემდგომ, თვით ღვთისმშობლისგან წარმოგზავნილი მოციქულნი ანდრია პირველწოდებული და სვიმონ კანანელი სწორედ კაპადოკია-პონტოს გამოვლით შემოდიან საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად.
რომის მსოფლიო ბატონობა გრძელდებოდა. ქრისტიანობა სასტიკად იდევნებოდა. ყველაზე დიდი და მძვინვარე მტერი ამ ახალი სარწმუნოებისა იყო იმპერატორი დიოკლიტიანე (284-305წწ.), რომლის ბრძანებითაც ქრისტიანობისათვის უსასტიკესად აწამეს კაპადოკიელი მეომარი გიორგი. ეს მოხდა III საუკუნეში. გადმოცემით, წმინდა გიორგი სწორედ იმ ქართველთა ჩამომავალი იყო, რომლებიც უძველესი დროიდან სახლობდნენ კაპადოკიაში. ალბათ არცთუ შემთხვევით, ქართჳელთა გაქრისტიანების შემდეგ წმინდა გიორგი საქართველოს მფარველ წმინდანად გამოცხადდა.
მანამდე, III საუკუნის ბოლოს, რომის იმპერია შუაზე გაიყო - აღმოსავლეთ და
დასავლეთ იმპერიებად. აღმოსავლეთის ცენტრი შეიქმნა იმპერატორკონსტანტინესგან
დაარსებული ახალი სატახტო ქალაქი კონსტანტინეპოლი, რომლის კურთხევა მოხდა 330 წლის
11 მაისს. ხოლო რაკი ახალი სატახტო ქალაქი აშენდა ძველი ბერძნული კოლონიის -
ბიზანტიონის - ადგილზე, შემდგომში რომის აღმოსავლეთ იმპერიასაც დაერქვა „ბიზანტიის
იმპერია“.
კაპადოკია ბიზანტიის ერთი პროვინცია იყო.
იმპერატორმა კონსტანტინემ აქამდე დევნილი ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. მოინათლა კაპადოკიაც, აქ განსაკუთრებით გაიშალა ბერ-მონაზვნული ცხოვრება, დღემდე შემორჩენილია კლდეში ნაკვეთი უამრავი ტაძარი, ლავრა და დაყურებულ ბერთა სენაკი, სადაც შემორჩენილი უნიკალური მხატრვრობის ნიმუშები გადმოგვცემენ წარსულ დიდებას.
330-335 წლებში სწორედ კაპადოკიიდან საქართველოს გასაქრისტიანებლად შემოვიდა წმინდა ქალწული ნინო განმანათლებელი.
დღესდღეობით კაპადოკია თურქეთის სახელმწიფოს ნაწილია.
გამოყენებული ლიტერატურა:
ლევან სანიკიძე „კაპადოკია“
„საქართველო არის ესე“, ტ.8, 2003
*კაპადოკია - თეთრ რაშთა ქვეყანა