საფარა მდებარეობს ქალაქ ახალციხის აღმოსავლეთით, ათი კილომეტრის მოშორებით, მთაში. მონასტერსა და ქალაქს შორის ერთადერთ დასახლებულ პუნქტს სოფელი ღრელი წარმოადგენს. ტყეში ჩაფლული მონასტერი მშრალ ხეობას გადაჰყურებს. მისი თვალწარმტაცი ხელი სრულიად მოულოდნელად, მაშინ გადაიშლება თქვენს თვალწინ, როცა უშუალოდ მიუახლოვდებით. ალბათ ამიტომაც უწოდეს მას საფარა.
მონატერი მოიცავს ცხრა დიდ და მცირე ეკლესიას: წმ. საბა განწმენდილის მთავარ ტაძარს (XIII-XIV სს.), ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიას (X ს.) და მცირე სამლოცველოებს (XIV-XVI სს.). აქვეა სამრეკლო, ჯაყელთა სასახლე და ციხე-გალავანი (XIII-XIV სს.), რუსი ბერების დროინდელი სენაკები და ნაგებობები (XIX ს.).
მონასტერში მშენებლობის პირველი ფენა X საუკუნით თარიღდება (მიძინების ტაძარი),
ხოლო ხელმეორედ აღორძინება იწყება XIII საუკუნიდან, როცა მეჭურჭლეთუხუცესი სარგის
ჯაყელი საბას სახელით აქ ბერად შემდგარა. ჟამთააღმწერელის თანახმად, ვიდრე ბექა
ჯაყელი (სარგისის შვილი) და დემეტრე თავდადებული მონღოლებთან ერთად ეგვიპტეს
გაილაშქრებდნენ 1281 წელს, „არღუნ წამოემართა სამცხეს ხილვად სარგის ჯაყელისა,
რომელი დაბერებული იყო და სენთაგან სიბერისათა“. სავარაუდოდ, ამ პერიოდში უნდა
აღკვეცილიყო სარგისი ბერად და ბექა მანდატურთუხუცესსაც 80-იან წლებში უნდა აეგო
წმიდა საბა განწმენდილის ტაძარი მამისთვის. მას შემდეგ საფარა ჯაყელთა
რეზიდენციადაც გადაიქცა.
ქტიტორები* შესაბამისი წარწერებით გამოსახული არიან მთავარი ტაძრის სამხრეთ კედელზე წმიდა საბას წინაშე: „საბა ათაბაგი“ - სარგის ჯაყელი; „ბექა მანდატურთუხუცესი“ - სარგის ჯაყელის შვილი; „სარგის სამცხის ათაბაგი“ და ყუარყუარე - ბექას ვაჟები. აქვე მათი სავედრებელი ლოცვა წმიდა საბას მიმართ.
ტაძრის დასავლეთ კედელზე მოთავსებული სარკმლის წარწერა გვაუწყებს არქიტექტორის
ვინაობას: „სრულ იქმნა საყდარი ესე საძირკველითვე ყოვლითა ფერითა ხელითა ფარეზას
ძისათა, შეუნდვენ ღმერთმან“. ფარეზასძე მეტად ნიჭიერი ხუროთმოძღვარი ყოფილა. მას
სამშენებლო მოედის გაფართოების მიზნით აღმოსავლეთით ხელოვნური ბაზისი შეუქმნია,
რომელიც დრო-ჟამის მიუხედავად არ დაზიანებულა.
სხვა წარწერებიდან ვიგებთ, რომ ტაძრის აგებაში ჯაყელთა ქვეშევრდომ ფეოდალებსაც მიუღიათ მონაწილეობა.
წმიდა საბას ეკლესია ძლიერ ჰგავს თამარისა და ლაშა-გიორგის დროინდელი ტაძრების (ბეთანია, ქვათახევი, ფიტარეთი) და XIII-XIV საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს. საყურადღებოა ისიც, რომ მსგავსი სიდიდისა თუ მხატვრული ღირებულების ტაძარი თითო-ოროლა თუ შენდებოდა აღნიშნული პერიოდისათვის.
მიძინების ტაძარს ადრე ამშვენებდა XI საუკუნის მწვანე ფერის ქვაში ნაკვეთი მოაჯირიანი და რელიეფებით დამშვენებული უნიკალური კანკელი (ამჟამად ინახება ხელოვნების მუზეუმში).
სახელი „საფარა“ X საუკუნიდან ჩნდება ისტორიულ წყაროებში. ცნობილია შემდეგი მოღვაწეები: ივანე საფარელი (X ს.), ქართლის კათოლიკოსი გაბრიელ საფარელი (XI ს.), იოანე მტბევარ-საფარელი (XII ს.). ვარაუდობენ, რომ თხზულებაში „განყოფისათვის ქართლისა და სომხითისა“ ნახსენები „მცხეთელი კათალიკოზი“ არსენი, „რომელი იყო სანახებითგან სამცხისთა საფარით“ და გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში მოხსენიებული ქართლის კათოლიკოსი არსენ დიდი ერთი და იგივე პიროვნება იყო. თუ ეს ასეა, საფარა IX საუკუნეში უკვე არსებობდა.
საფარელის წოდება მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ აქ საეპისკოპოსო კათედრაც იყო. XI საუკუნეში საფარა უკვე წარმოადგენდა მონასტერს.
XVI-XVII საუკუნეებში სამცხეს თურქები დაეპატრონენ და საფარა დაცარიელდა.
მოსახლეობის ნაწილი იმერეთში, სოფელ ჩხარში გაიხიზნა (მათ თან წაიღეს მთავარი ხატი
წმიდა საბასი), ნაწილმა კი მონასტრის განძთან ერთად ქართლის სოფელ არადეთს შეაფარა
თავი.
XVIII საუკუნის პირველ ნახევარში საფარის მონასტერში მხოლოდ ერთი მღვდელი, გიორგი, ყოფილა. მცირე სამლოცველოებში წირვა ზოგჯერ ტარდებოდა, მაგრამ მონასტერი მაინც უპატრონოდ იყო.
1828 წელს, როცა რუსებმა ახალციხე აიღეს, საფარა შტატის ეკლესიად გამოცხადდა. 1891-1892 წლებში საფარაში ზედაზნის მონასტრიდან გადმოსული ქართველი მღვდელ-მონაზონი მამა ათანასე სამ მორჩილთან ერთად დამკვიდრებულა. მალე ქართველები მონასტრიდან დაითხოვეს და „მათ მაგიერ გაამწესეს რუსეთიდან არხიმანდრიტი პაისი რუსთა მღვდელ-მონაზონებითა და მორჩილებით“. მათ მონასტრის შესასვლელთან ააგეს ორსართულიანი შენობა და სენაკები, სამლოცველოები შეათეთრეს, წმიდა საბას ტაძარსა და სამრეკლოს რუსული ტრადიციული გუმბათები, ე.წ. „ხახვის თავები“ დაადგეს (1935-1940 წლებში გუმბათები პირვანდელი სახით აღადგინეს).
მონასტერმა კომუნისტური ხელისუფლების დამყარებამდე იარსება. საბჭოთა პერიოდში აქ პიონერთა ბანაკი ყოფილა.
ამჟამად საფარაში მამათა მონასტერი მოქმედებს.
* ქტიტორი - (ბერძ. „დამფუძვნებელი“, „შემქმნელი“) - პიროვნება, რომლის ხარჯითაც შენდება ან ხელახლა ირთვება ეკლესია. ქტიტორთა ასახვას ეკლესიის მხატვრობაში მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს.