ერთ წელიწადს საქართველოს შაჰ აბასი შემოესია დიდი ჯარით. მთელი კახეთი აფორიაქდა, ხალხი აიყარა, მთებსა და ტყეებში, კლდეებში გაიხიზნა. გაქცეულებმა თან წაიყვანეს ყველა შინაური ცხოველი: ძაღლი, ცხენი, ძროხა, ღორი და სხვანი.
დაიწყო ომი. დღისით თუ ღამით სისხლის წვიმა მოდიოდა. ბოლოს გაუჭირდათ ქართველებს და ნელ-ნელა უკან დახევა დაიწყეს. მტრის ჯარი კალიასავით მოედო გავერანებულ ქვეყანას. ყველგან ცეცხლი ბრიალებდა, იწვოდა მოუმკელი ყანები, თივის ზვინები, სახლები... შაჰ აბაზმა რაზმები ტყეებში გახიზნულ მოსახლეობასაც შეუსია.
რამოდენიმე
ქართველი ოჯახი ნეკრესის საყდარს შეხიზნებოდა, რომელსაც გარშემო საიმედო ქვიტკირის
კედელი ჰქონდა შემოვლებული. ერთ-ერთმა რაზმმა მათაც მიაგნო და გალავანს ალყა
შემოარტყა. ქართველები საგონებელში ჩაცვივდნენ. რა ეღონათ, რომ სპარსელთა ტყვეთ არ
გამხდარიყვნენ. იფიქრეს, ითათბირეს და ბოლოს გაახსენდათ, რომ თათრებს ძალიან
ეჯავრებათ ღორი. სადაც კი მას დაინახავენ, იქ გავლასაც კი ერიდებიან. მოაგონდათ ეს
და გადაწყვიტეს, შიგნით მყოფ ღორებისათვის თავი მოეყარათ, სამი დღე მშიერი
ჰყოლოდათ, შემდეგ კი გალავნის კარი გაეღოთ და დამშეული ღორები გარეთ გაეყარათ. ასეც
მოიქცნენ. თათრები ახალი ამდგრები იყვნენ, რომ გალავნიდან გამოყრილი ღორები
ღრუტუნით მიესივნენ. ყიზილბაშებს თავგზა აებნათ, თავქუდმოგლეჯილნი გარბოდნენ და
ყვიროდნენ:
- დონღუზ!.. დონღუზ!.. ალაჰ!.. ალაჰ!-ო. ღორებს ეგონათ, საჭმელზე გვეძახიანო და უკან ღრუტუნითა და ჭყვიტინით მისდევდნენ. ბევრმა ყიზილბაშმა თავი ძალად დაიღუპა. ზოგი კლდეზე გადაიჩეხა, ზოგი წყალში გადავარდა, ვინც გადარჩა, შაჰს ეახლა და მოახსენა:
- დიდებულო შაჰ აბას! გურჯებს ღორები სანადირო ძაღლებივით დაუგეშავთ. დილას
გამოგვიყარეს და ვიდრე ალაზანს არ გამოვედით, თავი არ დაგვანებეს, უზარმაზარი
ეშვები მზეზე საშინლად უელავდათო.
შაჰ აბაზმა იმავე დღეს ბრძანა ნეკრესის ციხისათვის ალყა მოეხსნათ და იმ ადგილებს აღარ გაკარებოდნენ.
რადგან ეკლესიაში შეხიზნული ქართველები ღორებმა გადაარჩინეს, დაწესდა, ყოველწლიურად, ნეკრესობის დღეს, ღორი დაეკლათ და მსხვერპლად შეეწირათ.
ეს მოხდა მეჩვიდმეტე საუკუნეში. ამ დროისათვის ნეკრესს უკვე საკმაოდ დიდი ხნის ისტორია ჰქონდა. იგი ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე II საუკუნეში აუშენებია მეფე ფარნაჯომს. ციხე ყვარელთან ახლოს, ნეკრესის მთაზე მდებარეობდა. ქართველი მეფეები ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდნენ ამ მეტად ხელსაყრელი მდებარეობის ციხეს, რომლის გარშემოც დროთა განმავლობაში ქალაქი გაშენდა. მოგვიანებით, როცა საქართველოში ქრისტიანობა გავრცელდა, აქ მონასტერი დაარსდა, რაც ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთის - აბიბოსის სახელს უკავშირდება.
წმინდა აბიბოსი საქართველოში მეექვსე საუკუნეში ჩამოვიდა ცამეტ ასურელ მამასთან
ერთად. ევლავიოს კათოლიკოსის კურთხევით იგი ნეკრესში მივიდა და მოციქულებრივ
ღვაწლს შეუდგა. მალე აბიბოსი ეპისკოპოსად აკურთხეს, მან ქრისტეს რჯულზე მოაქცია
მთიულთა დიდი ნაწილი. მანვე დააარსა ნეკრესის ეპარქია*.
ამ დროს საქართველოში ცეცხლთაყვანისმცემელი სპარსელები ბატონობდნენ და ყველა ძალას ხმარობდნენ თავიანთი რჯულის გასავრცელებლად, რისთვისაც მათ მრავალგან ააგეს საკერპოები, სადაც ჩაუქრობლად ენთო ცეცხლი.
წმინდა აბიბოსი დაუღალავად დადიოდა თავისი ეპარქიის სოფლებში და ქართველებს ქრისტიანობას უქადაგებდა. ერთხელ წმიდა მამა შეესწრო, როგორ აიძულებდნენ სპარსელები ქართველებს ცეცხლის თაყვანისცემას. აბიბოსმა ვეღარ მოითმინა სპარსელთა თავხედობა, მივიდა ცეცხლთან, წყალი გადაასხა და ჩააქრო. განრისხებულმა სპარსელებმა შეიპყრეს ეპისკოპოსი, სასტიკად გვემეს და საპყრობილეში ჩააგდეს. შემდეგ კი თავიანთ მეთაურს - მარზპანს მიჰგვარეს. მარზპანმა ჰკითხა: რატომ მოჰკალი ჩვენი ღმერთი? აბიბოს ნეკრესელმა მშვიდად მიუგო: მე თქვენი ღმერთი კი არ მოვკალი, მხოლოდ ცეცხლი ჩავაქრე. როგორ შეიძლება ცეცხლი ღმერთი იყოს, როცა მისი მოკვლა მცირეოდენ წყალს შეუძლიაო. პასუხმა მარზპანი არათუ გონს მოიყვანა, კიდევ უფრო გააშმაგა და წმინდა მამა წამებით გამოასალმა სიცოცხლეს.
ნეკრესში მთავარი ტაძარი აბიბოს ნეკრესელმა ააგო და აქვე დააარსა საეპისკოპოსო
კათედრა. ეს ტაძარი ბაზილიკური ტიპისაა. აქ შემორჩენილია წარწერები და ფრესკები.
მონასტერში ჰქონდათ საძვალე და მარანი, მარნის თავზე კი ბერთა სენაკები. ამ შენობის
წინ კოშკია აღმართული, რომელიც პირვანდელი სახითაა შემორჩენილი და მას ახლაც
„ნეკრესის სამრეკლო კოშკს“ უწოდებენ, რადგან ლეკიანობის დროს მოსახლეობას მტრის
შემოსევას სწორედ სამრეკლო ზარების რეკვით ატყობინებდნენ. ეკლესიას მიდგმული აქვს
სატრაპეზოც.
შემდგომში, VII-IX საუკუნეებში, კიდევ ერთი ტაძარი აიგო ნეკრესში, ამჯერად უკვე ჯვარ-გუმბათოვანი. შენობა რამოდენიმე სართულიანია და მოიცავს სამრეკლოსა და სათვალთვალო კოშკსაც, რომელსაც ირგვლივ სათოფურები აქვს ამოჭრილი და მაღლობიდან ყოველ მხრივ იცქირება.
ნეკრესში საეკლესიო შენობების გარდა სამოქალაქო დანიშნულების შენონებიცაა,
მაგალითად, ორსართულიანი სასახლე თავისი პალატებით, რომელიც ალაზნის თვალწარმტაც
ველს დაჰყურებს.
ნეკრესის ეპარქია საკმაოდ ძლიერი და გავლენიანი ეპარქია იყო, მის ეპისკოპოსს სასპასპეტო დროშები ებარა. ნეკრესს საკუთარი ჯარიც ჰყავდა და ომიანობის დროს ბრძოლაში გაჰყავდა. ნეკრესის მონასტერს ჰყავდა თავისი ყმებიც, რომელთაც „ნეკრესიანელნი“ ეწოდებოდათ.
ნეკრესში სხვადასხვა დროს მოღვაწე ქართველი მღვდელმთავრები წერდნენ და თარგმნიდნენ წიგნებს. მათ შორის გამოირჩეოდნენ ნიკოლოზ ნეკრესელი, ივანე ჯორჯაძე, დოსითეოზ ჩერქეზიშვილი. ეს უკანასკნელი თელავის საფილოსოფოსო სკოლის პირველი მსმენელი იყო. შემდეგ მან თავის ეპარქიაში დააარსა პირველდაწყებითი სკოლა, რამაც ძალიან გაახარა ერეკლე მეორე.
ნეკრესის ეპარქია 1811 წელს გაუქმდა. მისი ბოლო ეპისკოპოსი იყო ამბროსი ნეკრესელი, რომელიც მთელი ოცი წელიწადი დაუღალავად იღწვოდა ეპარქიაში. იგი იყო დიდი მქადაგებელი. მრავალი მოღალატე, სამშობლოს გამცემი დაუყენებია კეთილ გზაზე ამბროსი ნეკრესელს. როდესაც გაღმა მხარის კახელი გლეხები ლეკდებოდნენ, მეუფე ამბროსი სასტიკად ამხელდა მათ. ამბროსი ნეკრესელმა მრავალი ენა იცოდა. მას ისტორიული ნაშრომებიც აქვს დაწერილი. კერძოდ, აღწერა საქართველოს ვითარება მე-18 -19 საუკუნეების მიჯნაზე: ლეკიანობა, აღა-მაჰმად-ხანის შემოსევა, კრწანისის ბრძოლა, რუსეთთან შეერთება.
ასეთია ისტორია ნეკრესისა, უძველესი ციხე-ქალაქისა, რომელიც დროთა განმავლობაში გამქრალა და მის ნაფუძვარზე ნეკრესის მონასტერი ამოზრდილა.
გამოყენებული წყარო:
ნუნუ ბეჟანიშვილი „ნეკრესი და ნეკრესელები“
გამომცემლობა „გულანი“, 1993
*ეპარქია - საეკლესიო ტერიტორიული ერთეული, რომელსაც სათავეში უდგას ეპისკოპოსი.