მოწამეთა

მოწამეთას სამონასტრო კომპლექსი უგუმბათო ეკლესიას, სამრეკლოს, გალავანსა და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობებს მოიცავს. თავდაპირველად აქ მცირე ზომის ეკლესია მდგარა, სადაც მე-8 საუკუნეში მურვან ყრუს მიერ ნაწამები არგვეთის მთავრების, დავითისა და კონსტანტინეს, ნეშტი ესვენა. მე-10 საუკუნეში ბაგრატ III ტაძარი განაახლა და გააფართოვა. თანამედროვე სახე კი მონასტერმა მე-19 საუკუნეში მიიღო.

მე-20 საუკუნეში, კომუნისტური მმართველობის დამყარების შემდეგ, ქუთაისის მაზრის იმდროინდელმა ხელმძღვანელობამ მიზნად დაისახა დავითისა და კონსტანტინეს წმინდანობის უარყოფა. ამისთვის მათი ნეშტები საფლავიდან ამოიღეს და ქალაქის შუა მოედანზე გამოიტანეს, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში იყო გამოფენილი. შემდეგ ისინი ქუთაისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს გადასცეს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთში მრავალი ეკლესია აღსდგა. ამით წახალისებულმა მაშინდელმა საქართველოს-პატრიარქმა კალისტრატე ცინცაძემ ხელისუფლებას წმინდანთა ნაწილების მონასტერში დაბრუნება სთხოვა, მაგრამ გადაჭრილი უარი მიიღო.

1950-იან წლებში მთავრობას იგივე თხოვნით მიმართა ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ჩაჩანიძე). სპეციალურმა კომიტეტმა საკითხი განიხილა და ამჯერად წმინდანთა ნაწილების დაბრუნებაზე უარი არ უთქვამთ. ასე დაუბრუნდა საუკუნო ადგილსამყოფელს წამებულთა ნეშტები.

მოწამეთა მონასტერი დღესაც მოქმედია და იქ ბერები მოღვაწეობენ.