ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება

იმ ორგანიზაციათა შორის, რომლებსაც ამაგი გაუწევიათ ქართველი ხალხის ეროვნული შეგნების შენარჩუნებისა და განმტკიცების საქმეში, ერთ-ერთი მეტად საპატიო ადგილი უკავია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას.

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსების აზრი ქართველ მოღვაწეთა იმ ჯგუფს დაებადა, რომელსაც მეთაურობდნენ სახელოვანი ქართველი თერგდალეულები და მათი წინამძღოლი ილია ჭავჭავაძე. ეს მოღვაწეები ფიქრობდნენ, რომ ქართველი ხალხის ეროვნული მოღონიერებისა და წინსვლსათვის საჭირო იყო არა მარტო მისი სოციალური გათავისუფლება, არამედ საქართველოში განათლებისა და მწიგნობრობის დანერგვაც. ეს კი შესაძლებელი იქნებოდა მაშინ, თუ სათანადოდ მოევლებოდა ქართულ ენას, ცარიზმის პირობებში დევნილ, შევიწროებულ და აბუჩად აგდებულ ჩვენს დედაენას.

ჩვენი სახელოვანი წინაპრების - დიმიტრი ყიფიანის, ილია ჭავჭავაძის, იაკობ გოგებაშვილის, ნიკო ცხვედაძის, ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძის და სხვათა დიდ საფიქრალად იქცა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შექმნა. ამ იდეამ ხორცი შეისხა 1879 წლის მარტში, როცა დიმიტრი ყიფიანის, ბესარიონ ღოღობერიძის, ილია ჭავჭავაძისა და სხვების მიერ შედგენილი საზოგადოების წესდება მთავრობამ დაამტკიცა. პირველ თავმჯდომარედ აირჩიეს დიმიტრი ყიფიანი. შემდგომში, 1885-1907 წლებში, საზოგადოებას უცვლელად თავმჯდომარეობდა ილია ჭავჭავაძე, ილიას სიკვდილის შემდეგ კი - ჯერ გიორგი ყაზბეგი და შემდეგ სხვა სახელოვანი ქართველი მოღვაწეები.

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ თითქმის ნახევარი საუკუნე იარსება და დიდად შეუწყო ხელი საქართველოში სწავლა-განათლებისა და კულტურის განვითარებას. ამ ხნის მანძილზე იგი თანდათან იზრდებოდა და თავისი განყოფილებების მეშვეობით მთელ საქართველოში მოქმედებდა.

საზოგადოების ნაყოფიერ მუშაობას აპირობებდა ის, რომ მის საქმიანობას იმთავითვე სწორი ეროვნული მიმართულება მისცეს. მეფის მოხელეთა მხრივ შეზღუდვის მიუხედავად, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება შეუდგა სკოლების გახსნას. სკოლები დაარსდა თბილისში, ქუთაისსა და სენაკში, კავკავში (დღევანდელ ვლადიკავკაზში), ხელთუბანში, გომარეთში, თიანეთში, რეხში და სხვაგან. ამ სკოლებში საზოგადოების მესვეურები ქართულ ენას ნერგავდნენ. მაშინ, როცა მეფის ხელისუფალნი ქართულის შეზღუდვისათვის იბრძოდნენ, საზოგადოების წევრები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ქართული წეს-ჩვეულებები და ენა პირველ რიგში იქ აღორძინებულიყო, სადაც დროთა ვითარებაში დავიწყებას იყო მიცემული.

1907 წელს საზოგადოებამ განიზრახა გაეხსნა ქართული სკოლა ფერეიდანში, სადაც მე-17 საუკუნის დამდეგს ირანის მრისხანე შაჰის აბას პირველის მიერ კახეთიდან გადასახლებული ქართველების შთამომავლები ცხოვრობდნენ. მათგან ერთ ნაწილს მივიწყებული ჰქონდა ქართული ენა და მაჰმადიანობის წიაღში მოხვედრილს ეროვნული გრძნობაც მისუსტებოდა. ფერეიდანში სკოლის გასახსნელად საკმაო თანხა გამოიყო, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო სკოლის გახსნა ვერ მოხერხდა.

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება დიდ მუშაობას ეწეოდა სკოლების მოსამარაგებლად სასკოლო სახელმძღვანელოებით, დაფებით, ავეჯით... გამოსცემდა სახელმძღვანელოებს მოსწავლე ახალგაზრდობისათვის, აგრეთვე, წიგნებს ფართო მასებში გასავრცელებლად. ქართული წიგნები ეგზავნებოდა საზღვარგარეთ მყოფ ქართველობასაც. 1909 წელს საზოგადოებამ იაკობ გოგებაშვილის თხოვნით თურქეთში მცხოვრებ ქართველებს საჩუქრად გაუგზავნა დიდი რაოდენობით „დედაენის“ წიგნები.

წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ თვალსაჩინო სამუშაო ჩაატარა ბიბლიოთეკების ქსელის შესაქმნელად, სადაც ქართველები გატაცებით ეუფლებოდნენ ცოდნას. მან საფუძველი ჩაუყარა დიდ წიგნსაცავს და დროთა განმავლობაში აქ თავი მოუყარა არა მარტო ნაბეჭდ, არამედ ხელნაწერ წიგნებს, საბუთებს და ისტორიული მნიშვნელობის სხვა სახის წერილობით ძეგლებს. ამ გზით საზოგადოების წიგნსაცავში აღმოჩნდა და დაღუპვასა და განიავებას გადაურჩა საქართველოს ისტორიისა და ქართული კულტურის არაერთი მნიშვნელოვანი წყარო. ეს მასალები საზოგადოებამ ნაწილობრივ კერძო პირებისაგან შეიძინა, მათი ერთი ნაწილი კი შემოწირულობის სახით მიიღო. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის შვილის ნიკო დადიანის მდიდარი ბიბლიოთეკა.

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამვე ჩაუყარა საფუძველი სამუზეუმო ნივთების შეგროვებას, რის მეოხებითაც გადარჩა და შთამომავლობას შეენახა ძველებური ფულის თუ ძველი ხელოვნების მრავალი ნიმუში და სხვ.

თავისი არსებობის მანძილზე წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება პროპაგანდას უწევდა საქართველოს ისტორიასა და ქართულ მწერლობას. ის არა მარტო გამოსცემდა ქართულ წიგნებს, არამედ ხშირად მართავდა სახალხო სანახაობებს, საღამოებს, სადაც ისმოდა ქართული სიტყვა. ამ საღამოების შემოსავალი ისევ საზოგადოების საჭიროებებს ხმარდებოდა. ხშირად კი გამგეობა აღებული ფულის ნაწილს უნაწილებდა ქართველ მწერლებს.

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება დიდად ზრუნავდა ქართველ მოსწავლე ახალგაზრდობასა თუ ღარიბ სტუდენტებზე, შეძლებისდაგვარად უნიშნავდა მათ სტიპენდიებს.

წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ განსაკუთრებით აქტიური როლი შეასრულა ქართველ მოღვაწეთა ხსოვნის უკვდავყოფისა და აღნიშვნის საქმეში, 1893 წელს განჯიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის გადმოსვენებაში, 1895 წელს კრწანისის ბრძოლის 100 წლისთავის გადახდაში, რაფიელ ერისთავის მოღვაწეობის 50 წლის იუბილეს აღნიშვნაში; დიდი მუშაობა გაშალა ილია ჭავჭავაძის სახელის უკვდავსაყოფად, მისი თხზულებების გამოსაცემად და მემკვიდრეობის დასაცავად. საზოგადოებამ  არსებობა შეწყვიტა 1926-27 წლებში.

გამოყენებული ლიტერატურა:
შოთა ბადრიძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
საბავშვო ალმანახი „ციცინათელა“
№74, 2004