ბაგრატიონთა გვარის ისტორია მჭიდროდ უკავშირდება ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან წარსულს. ამ სამეფო საგვარეულოს შესახებ სხვადასხვა თეორია და თქმულება არსებობს.
ბაგრატიონთა ისტორიკოსი სუმბატ დავითის ძე ამბობს, რომ საქართველოს სამეფო გვარის - ბაგრატიონების - წარმომადგენლები ბიბლიური მეფეების - იესე-დავით-სოლომონის შთამომავლებად მიიჩნევდნენ თავს და ამიტომ იწოდებოდნენ „იესიან, დავითიან, სოლომონიანებადო“. ამ მოსაზრების მიხედვით, ისინი მარიამ ღვთისმშობლის ნათესავები არიან.
ვახტანგ მეექვსის მიერ შედგენილ ბაგრატიონთა „ნათესაობის წიგნში“ ქართველი ხალხი ბიბლიური ნოეს შვილის - იაფეტის ჩამომავლადაა მიჩნეული, ხოლო ბაგრატიონთა გვარი - ნოეს უფროსი შვილის სემის შთამომავლად.
ქართველი მეფეები განსაკუთრებით დავით მეფისა და წინასწარმეტყველის ნათესაობას გამოჰყოფდნენ. დავით აღმაშენებლის უცნობი ისტორიკოსის თქმით, ქართველთა მეფე ბიბლიური დავითის 78-ე შთამომავალი იყო. დავით წინასწარმეტყველის ჩამომავლებად ბაგრატიონები „გრიგოლ ხანძთელის“ ცხოვრებაშიც არიან სახელდებულნი. ასე, მაგალითად, გრიგოლ ხანძთელი აშოტ კურაპალატს მიმართავს: „დავით წინასწარმეტყველისა და უფლისა მიერ ცხებულისა შვილად წოდებულო ხელმწიფეო, მეფობაი და სათნოებანიცა მისნი დაგიმკვიდრნენ ქრისტემან“. ბაგრატიონთა ბიბლიური წარმომავლობა გამჟღავნებული იყო ერთიანი საქართველოს გერბშიც, რომელზეც გამოსახული იყო უფლის კვართი, სფერო, კვერთხი, ხმალი, ქნარი და შურდული. ქნარი და შურდული სწორედ დავით წინასწარმეტყველს უკავშირდება. შურდულით მან გოლიათი მოკლა, ხოლო ქნარზე უფალს უტკბილეს ფსალმუნებს უგალობდა, რის გამოც მას მეფსალმუნეც ეწოდება.
ქართულ წყაროთა მიხედვით, ბაგრატიონები ძველი ქართული მხარის - სპერის მკვიდრნი არიან. ზოგიერთი ქართული წყარო მათ ქართველ მეფეთა პირველ დინასტიასთან - ფარნავაზიანებთან ანათესავებს. ვახტანგ მეექვსის კომისიის მიერ შედგენილი „ქართლის ცხოვრების“ ჩანართში ნათქვამია, რომ ქართლის ერისმთავარი გუარამი „დედით იყო ხოსროიანი (ანუ ფარნავაზიანი) და მამით ბაგრატიონი“. დაახლოებით ასეთივე ცნობა აქვს ვახუშტი ბატონიშვილსაც. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ქართლის ერისმთავრები ქართლის მეფეთა შთამომავლები და მემკვიდრენი არიან. „მოქცევაჲ ქართლისაჲ“ და სუმბატ დავითის ძე თავის „ცხოვრება და უწყება ბაგრატიონთა“ გვაუწყებენ, რომ აშოტ I კურაპალატის მამა - ადარნასე - ქართველ ერისმთავართა სახლის წარმომადგენელი იყო. ამრიგად, VI საუკუნეში ხელისუფლებაში მოსული ქართლის ერისმთავრები ქართლის მეფეთა შთამომავალნი არიან და მათი გვარი ბაგრატიონია.
ბაგრატიონთა გვარის ფუძემდებლად ქართულ ისტორიულ წყაროებში გუარამ ქართლის ერისმთავარია მიჩნეული, რომელიც VI საუკუნეში მოღვაწეობდა. გვარის აღზევება დაიწყო VIII საუკუნიდან, როცა ქართლის ერისმთავრის ჩამომავალმა, აშოტ I, ტაო-კლარჯეთში ძლიერი სამეფო ჩამოაყალიბა. სწორედ ამ გვარს ეკუთვნოდა საქართველოს გაერთიანების იდეა და მისი ხორცის შემსხმელნიც თავად იყვნენ.
ბაგრატიონთა სახლის მიერ ქართული მიწების გაერთიანებასთან ერთად ყალიბდებოდა სამეფო ტიტულატურა: „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა, შარვანშა და შაჰანშა“. მოგვიანებით სამეფო ტიტულატურაში ჩნდება ზედწოდება „მესიის მახვილი“. ასეთი ზედწოდება ამოკვეთილი იყო დავით აღმაშენებლის სპილენძის მონეტაზე და აღნიშნავდა, რომ ქართველი მეფენი ღვთის ნებით განაგებდნენ ქვეყანას და ქრისტიანთა დასაცავად იბრძოდნენ. დავით აღმაშენებლის ჯვარზე ასეთი ტიტულიც კი იყო ამოტვიფრული - „მზე ქრისტიანობისა“. საერთოდ, ქართველი მეფეები მსოფლიოში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ, რაც აისახა მათი მიმართვების ფორმებში. მაგალითად, ლაშა-გიორგის მიმართავდნენ, როგორც „მაღალი საკრებულო, აღზევებული მეფე, სახელგანთქმული დიდგვაროვანი, ქრისტესმოსავთა შემწე, აღმოსავლეთისა და დასავლეთის სტეფანოსი, ღვთაების რწმენის შემნახველი“. გიორგი ბრწყინვალეს კი ასე მიმართავდნენ: „ბრწყინვალება მისი მეფური უდიდებულესობისა, დიდებულისა, გულადისა, მამაცისა, ლომგულისა, თავის სარწმუნოებაში განსწავლულისა, სამართლიანისა, საბერძნეთის მეფეთა შორის რჩეულისა, ქრისტიანობისა განმამტკიცებელისა“ და სხვ.
XII საუკუნესა და XIII საუკუნის დასაწყისში ბაგრატოვანთა სამეფო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე იყო გადაჭიმული და მეტად ძლიერ სახელმწიფოს წარმოადგენდა, მაგრამ XIII-XV საუკუნეებში განვითარებული მოვლენების შედეგად ერთიანი საქართველო დაიშალა. თუმცა ქვეყნის წინაშე უდიდესი ღვაწლის გამო, საქართველო და ბაგრატიონები ისეთ განუყრელ ცნებებად იქცნენ, რომ უმძიმეს პოლიტიკურ თუ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაშიც კი სამეფო დინასტიის შეცვლის საკითხი არასოდეს დამდგარა.
ერთიანი საქართველოს დაშლას ქართლის, კახეთისა და იმერეთის შტოების ჩამოყალიბების გარდა ბაგრატიონთა სახლის არაერთი საგვარეულო განშტოების ჩამოყალიბება მოჰყვა. ამ პერიოდში ბაგრატიონთა ზოგიერთმა წარმომადგენელმა დაკარგა „ბაგრატიონობა“, რასაც მათი გათავადება მოჰყვა, ანუ წარმოიქმნა ახალი სათავადო სახლები. ასე წარმოიშვნენ ბაგრატიონთა სამეფო სახლის განშტოებანი: მუხრანბატონები, დავითიშვილები, რამაზიშვილები, გოჩაშვილები.
მუხრანბატონები მეორე ხარისხის ბაგრატიონებად და პირველ თავადებად იწოდებოდნენ. მათი განშტოება ქართლის სამეფო სახლს XVI საუკუნის დასაწყისში გამოეყო. ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოს საფუძველი ჩაეყარა 1512 წელს, ბაგრატ ბატონიშვილის (ქართლის მეფის, დავით X უმცროსი ძმა იყო) მიერ, რომელსაც სამუხრანო საუფლისწულოდ გადაეცა. ბაგრატ ბატონიშვილი მემარცხენე სადროშოს სარდლად დაინიშნა და მას შემდეგ სარდლობა მუხრანბატონთა სახლის მემკვიდრეობით თანამდებობად იქცა. მუხრანბატონების შტო გამეფდა 1658 წელს, როცა ქართლის ტახტზე ვახტანგ მუხრანბატონი ავიდა. მუხრანბატონთა შთამომავლები ცხოვრობენ საქართველოში, ესპანეთში, იტალიაში და ისინი ევროპის სამეფო და არისტოკრატულ ოჯახებთან არიან დანათესავებულნი.
ბაგრატიონ-დავითიშვილების წარმოშობის ისტორია ასეთია: ალექსანდრე I კახთა მეფეს (1476-1511) ორი ძე ჰყავდა - გიორგი და დემეტრე. გიორგის მეფობა სურდა, ამიტომ მან მამა მოკლა, ძმას კი თვალები დათხარა. ამის გამო მას ავ-გიორგის უწოდებენ. რაც შეეხება დემეტრეს, იგი ქართლში გადავიდა და სათავე დაუდო ახალ სათავადო სახლს - დავითიშვილებისას.
რამაზიშვილები დავითიშვილების განაყოფია: დავითიშვილებს შორის მომხდარი კონფლიქტის შედეგად ერთ-ერთი ძმის - რამაზის - ჩამომავლებს რამაზიშვილები ეწოდათ. XVIII საუკუნის ბოლოს მათ დავითიშვილის გვარი დაიბრუნეს. მათი შთამომავლები დღესაც საქართველოში ცხოვრობენ.
გოჩაშვილების განშტოების ფუძემდებელი კი ქართლის სამეფოს ცნობილი პოლიტიკური ფიგურა, სიმონ I (1556-1600) ერთგული თანამებრძოლი და მეწინავის (საბარათაშვილოს) სარდალი გოჩა ბატონიშვილი იყო.
XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყიში ფეოდალურ გვართა ერთმა ნაწილმა თავისი ძველი, ძირითადი გვარი დაიბრუნა. ასე მოხდა მუხრანბატონებისა და დავითიშვილების შემთხვევაში.
ბაგრატიონთა დინასტიის მეფობა საქართველოში შეწყდა XIX საუკუნის დასაწყიში, როცა რუსეთმა საქართველოსთან დადებული ხელშეკრულება დაარღვია, საქართველოში მეფობა გააუქმა, ხოლო უკანასკნელი ქართველი მეფე სახლეულითურთ რუსეთში გადაასახლა.
გამოყენებული ლიტერატურა:
ტექსტი მომზადებულია
დავით ნინიძის საგაზეთო სტატიების მიხედვით
გაზეთი „ციცინათელა“
№№ 4,5,6,7,8, 1996 წ.